დღევანდელ სტატიაში თამარა წითლიძის საინტერესო ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს. ობიექტის საერთო ფართობი 37,9 მ2-ია და საინვესტიციო პროექტისთვისაა გათვალისწინებული.
დამკვეთის მთავარი მოთხოვნა სივრცის მაქსიმალურად ათვისება, ფუნქციური ზონების სწორად გადანაწილება და დაბალი ბიუჯეტის მიუხედავად, ხარისხიანი მასალებისგან ვიზუალურად მიმზიდველი, დახვეწილი და კომფორტული ბინის შექმნა იყო.
დასახული მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა თითოეულ სანტიმეტრს, რათა ფუნქციურად გამართული სივრცე მიეღო და სახლი ტევადი სათავსოებით უზრუნველყო. ამასთანავე, აუცილებელი იყო მინიმალისტური დიზაინის მიღწევა და ფერებით თამაში. ამის გამო, წამყვან ტონალობად ლურჯი ფერი შეირჩა, რომელსაც ჰარმონიულად შეეხამა ტერაკოტას ფერი აქცენტები.
მთავარ გამოწვევად დიზაინერი სწორედ თავდაპირველი კონცეფციის სრული სიზუსტით შესრულებას და ინტერიერში ბალანსის დაცვას მიიჩნევს, რადგან პატარა ფართის პირობებში დასახული მიზნის მიღწევა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ბინაში განთავსებულია გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო ზონა, საძინებელი და სააბაზანო. ასევე, დამონტაჟებულია 3 დიდი კარადა ტევადი სათავსოებისთვის, რაც უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის საცხოვრებელს.
საინტერესოა, რომ სახლის ინტერიერი სკამების დიზაინის გათვალისწინებით შეიქმნა და ამ ელემენტის მიხედვით შეირჩა დომინანტური ლურჯი ფერიც. მიუხედავად იმისა, რომ ბინა უმეტესად საკმაოდ მუქ, ცივ ფერშია გადაწყვეტილი, მისი სწორად გადანაწილებით და თბილი, ტერაკოტას ფერთან შეხამებით, სივრცეს სასიამოვნო და მშვიდი იერი აქვს.
რაც შეეხება მასალებს, ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია ტილოს, ხავერდისა და ბუკლეს ტექსტურები, რომლებიც სივრცეს ჰაეროვნებასა და სიმსუბუქეს მატებს.
მისაღებ ოთახში ყურადღებას მოყავისფრო, ტერაკოტისფერი ტახტი იქცევს, რომელიც მომრგვალებული ფორმებით ხასიათდება და იდეალურად ერწყმის ბინის დიზაინს. წამყვან ლურჯ აქცენტებს პანელებსა და ფარდებზე, ღია ფერის კედლები აბალანსებს. ღია ხისფერი იატაკის საფარი კი მყუდრო და თბილ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.
წერტილოვანი განათების მეშვეობით ხაზგასმულია პატარა, შავი სასადილო მაგიდაც, ლურჯი მომხიბვლელი სკამებით, რაც საოცრად ელეგანტურ და დახვეწილ შტრიხებს სძენს ბინას.
სამზარეულო სრულად მუქ ლურჯ ტონალობაშია გადაწყვეტილი და მას შავი დეტალები ორგანულად ერწყმის. ფართის სიმცირის მიუხედავად, სამზარეულო სრულადაა ათვისებული და მოსახერხებელ და ერგონომიულ სივრცეს ქმნის.
საძინებელში ცისფერი, ლურჯი, თეთრი და ტერაკოტას ფერები ჰარმონიულად მეორდება და ოთახის მიმზიდველობას გამოკვეთს. კლასიკური შტრიხები კედლის პანელებით, დახვეწილი, მინიმალისტური ავეჯითა და ნაზი ტექსტურებით გამოიხატება. დეკორატიულ დატვირთვას იძენს სანათები, რომლებიც მომხიბვლელი დიზაინით გამოირჩევა. საძინებელ ოთახში ვხვდებით საკმაოდ ტევად საგარდერობო ზონასაც, თეთრი ფერის ჩაშენებული კარადების სახით.
სააბაზანოც ლურჯი ფერთა პალიტრით ხასიათდება. კედლის ნაწილი ცისფერი ფილებითაა მოპირკეთებული, აქცენტის სახით კი ლურჯი ორნამენტების მქონე ფილები გვხვდება.
თამარა წითლიძის პროექტი საკმაოდ სახასიათო, განსხვავებული და მინიმალისტური დეტალებით გამოირჩევა. სივრცის მთავარ იერსახეს ლურჯი ტონალობა განსაზღვრავს, რომელიც თეთრ, შავ და ტერაკოტისფერ აქცენტებს ერწყმის. მინიმალისტურ სტილს კლასიკური ელემენტები ამდიდრებს და ბინას სადა, დახვეწილ და ელეგანტურ იერსახეს ანიჭებს. ფართის სიმცირის მიუხედავად, სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებით, სივრცე სრულად ათვისებულია, რაც ფუნქციურ და კომფორტულ საცხოვრებელს უზრუნველყოფს.
პროექტის ავტორი: თამარა წითლიძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: Design Studio Khazi By Tamara Tsitlidze
გამოყენებული მასალები:
აბაზანის ფილები: “Basa Ceramica”
შემრევები: “VitrA Georgia”
კედლის მოპირკეთება: “Derufa Georgia”
ავეჯი: “chillout.ge”; „ლაბორატორია ჩემი სახლი“; „JYSK“