in

რემონტის გამოცდილება: სოფო ბოლქვაძის რჩევები

IPS
IPS

დღევანდელ სტატიაში რემონტის საკუთარ გამოცდილებას სოფო ბოლქვაძე გვიზიარებს, რომლის ბინის ინტერიერს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. სოფომ საცხოვრებელი დამოუკიდებლად, პროფესიონალის დახმარების გარეშე მოაწყო, შესაბამისად, ამ პროცესით გარკვეული ცოდნა შეიძინა, რომელსაც დღეს ჩვენს მკითხველს უზიარებს.

„სახლის ინტერიერის პროექტი საკმაოდ რთული გასაკეთებელია, მითუმეტეს, თუ ამ საქმის სათანადო გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ ბევრი ადამიანი ამას საკუთარი ძალებით ვეჭიდებით და ჩვენი გემოვნებით ვქმნით სივრცეს. რემონტის  შემოქმედებით პროცესს თან ახლავს უსასრულოდ ბევრი ტექნიკური დეტალი, რომელთა გათვალისწინება რთულია ამ სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რემონტამდე ბევრი ინფორმაცია მოვიძიე, ვთვლი, რომ საკუთარი გამოცდილების გარეშე ბევრად რთული იქნებოდა ეს პროცესი“, — აღნიშნავს სოფო.

გათბობის სისტემის სწორად დაგეგმვა

ჩვენი რესპონდენტი გვიზიარებს იატაკის გათბობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რომელიც დიდ დისკომფორტს უქმნის. სოფო მიიჩნევს, რომ საძინებელში მსგავსი გათბობის სისტემა რეკომენდებული არაა, რადგან  ოთახის გათბობასა თუ გაციებას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ  დანადგარის შერჩევამდე გათბობის სისტემის სწორად დაგეგმვას გვირჩევს.

„იატაკის გათბობა საძინებელში ჩვეთვის ძალიან არაკომფორტული იყო, რადგან დროულად ვერ ხერხდებოდა სასურველი ტემპერატურის მიღება და სითბოს რეგულირება. თბილი ან ცივი საღამოს დროს, როდესაც საძინებელში სითბოს დაწევა ან პირიქით, აწევა გვსურდა, დიდი დრო სჭირდებოდა სასურველი ტემპერატურის მიღებას, რაც ძალიან არაპრაქტიკულია. შესაბამისად, ახალ პროექტში (რომელზეც ახლა ვმუშაობთ), ეს გამოცდილება გავითვალისწინეთ და ყველა საცხოვრებელ ზონაში, გარდა საძინებლისა, იატაკის გათბობა დავამონტაჟეთ. ხოლო საძინებლისთვის პანელური რადიატორები შევარჩიეთ, რომლებიც უფრო სწრაფად უზრუნველყოფს სივრცის გათბობას და გაგრილებას“.  

გადმოსაკიდი მექანიზმის მქონე კარ-ფანჯარა

სოფო გვირჩევს, რომ სახლში გადმოსაკიდი, მოძრავი მექანიზმების მქონე კარ-ფანჯარა დავამონტაჟოთ, რადგან განსაკუთრებით ზამთარში ამგვარი მოდელები ბევრად კომფორტულია და სახლის განიავებაც ადვილად ხდება.

„ზამთარში, როდესაც ღამე ფანჯრის თუნდაც უმნიშვნელო ზომაზე ღიად დატოვება გვსურს, ძალიან პრაქტიკულია გამოსაღები მექანიზმი, რადგან სივრცეში გარედან შემოსული გრილი ჰაერი ისე ნაწილდება, რომ ოთახში მყოფებს დისკომფორტს არ უქმნის. ამასთანავე, ჰაერის გაწმენდის ძალიან კარგი საშუალებაა, თუნდაც სუსხიან ამინდში“. 

სამზარეულოში ფუნქციური კარადების გამოყენება

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სამზარეულოში დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სათავსოებს და კომფორტულ კარადებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნივთების დაცულად შენახვას უზრუნველყოფს და ზედმეტ საგნებს თვალისათვის შეუმჩნეველს ხდის, რაც ხელს უწყობს ინტერიერის მიმზიდველად წარმოჩენას. ამიტომ აუცილებელია კარადების სწორად დაგეგმვა და მათი მორგება ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რათა მაქსიმალური კომფორტი შევიქმნათ.

შუშის ტიხრები აბაზანაში

მიუხედავად იმისა, რომ შუშის ტიხრები თანამედროვე ინტერიერში საკმაოდ პოპულარულია, სოფო ბოლქვაძე მათ გამოყენებას არ გვირჩევს, რადგან მისი გამოცდილებით, მინის გასუფთავება მუდმივ რეჟიმში საკმაოდ რთულია და ყოველდღიურ მოვლას საჭიროებს.

„ნამდვილად ძალიან ლამაზი და სადაა აბაზანაში შხაპის გამყოფი შუშის ტიხრები, მაგრამ ნალექიანი წყლის შემთხვევაში, თუკი მაცხოვრებელი განსაკუთრებით მგრძნობიარეა დალაქავებული შუშის მიმართ, მის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან მუდმივად მისი წმენდა და მშრალება მოგიწევთ“, — ამბობს ჩვენთან საუბრისას სოფო ბოლქვაძე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონი

როგორ გავახალისოთ უსიცოცხლო თეთრი სამზარეულო? – 5 მარტივი რჩევა

მეტალის ბადე — მახასიათებლები, უპირატესობა და ღირებულება ქართულ ბაზარზე