in

6 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ხშირ შემთხვევაში სააბაზანოების უმეტესობა თეთრია და ეს არც გვიკვირს, რადგან თეთრი ფერი სისუფთავესა და ჰიგიენასთან ასოცირდება. ამასთან, თეთრზე მარტივად ვხედავთ ჭუჭყისა და მტვრის ნაწილაკებს და მარტივი ხდება აბაზანის გაწმენდის პროცესიც. დამამშვიდებელი და მინიმალისტური ფერი სახლის ამ ნაწილში სპას მსგავს სივრცეს ქმნის და უზრუნველყოფს სინათლის სხივების გავრცელებასაც.

თუმცა, მიუხედავად თეთრი ფერის უამრავი უპირატესობისა, ხშირად ის დამღლელად და მოსაწყენად გვეჩვენება და გვსურს ინტერიერში სხვადასხვა ტონები შემოვიტანოთ, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია. ინტერიერის დიზაინერები უკვე წლებია ცდილობენ ისეთი თანამედროვე ტენდენციების შექმნას, რომლებიც აბაზანაში მრავალფეროვანი აქცენტების გაღვიძებაში დაგვეხმარება. ისინი გვირჩევენ, გამოვიყენოთ ფერადი აქსესუარები, მკვეთრი დეკორაციები და რა თქმა უნდა, ისეთი ელფერები, რომლებიც თეთრთან კარგად ურთიერთქმედებენ.

დღევანდელ სტატიაში დიზაინერების მიერ რეკომენდებულ რამდენიმე ხერხს გაგიზიარებთ, რათა თქვენი თეთრი ფერის სააბაზანო უფრო დახვეწილ, ელეგანტურ და მრავალფეროვან სივრცედ აქციოთ.

დაამატეთ ფერები მცირე დეტალების სახით

ღია ვარდისფერი ერთ-ერთი ტონია, რომელიც თეთრს ძალიან უხდება. ამ ფერის დამატება შეგიძლიათ როგორც სხვადასხვა დეკორაციებისა და ავეჯის სახით, ასევე კედლებსა და იატაკის ნაწილზეც. ამგვარად შეიქმნება სივრცე, რომელიც იდეალურად უსვამს ხაზს თქვენს სტილსა და პიროვნებას.

შემოიტანეთ ფერები ფერადი ჩარჩოებისა და კერამიკული ფილების სახითაც. ჩამოკიდეთ კედლის ნახატები, იფიქრეთ დახვეწილ, ეფექტურ და საინტერესო ცვლილებებზე. ეცადეთ, თქვენს სააბაზანოს მაქსიმალურად ახალი ხასიათი შესძინოთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ შედეგად ოთახი ძალიან არ გადაიტვირთოს.

შეღებეთ კედლები სხვადასხვა ფერებში

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი აბაზანა შეიძლება სიმშვიდისა და კომფორტის ადგილი იყოს, ის ხშირად ძალიან “ცივია”. ფერის გონივრულად დამატება დაგეხმარებათ სივრცეში თბილი ელფერების შემოტანაში და მარტივი აქცენტების გაკეთებაში. კედლებზე ფერების დასამატებლად მათი მთლიანად შეღებვა სულაც არ არის საჭირო, საკმარისია მხოლოდ კონკრეტული ნაწილების მოხატვა, სასურველი ტონალობებით შეღებვა და გამრავალფეროვნება.

ფერების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ განათება, იქნება ეს ბუნებრივი თუ ხელოვნური, რადგან ორივე მათგანი გავლენას მოახდენს საღებავზე. კაშკაშა და ძალიან განათებულ სივრცეებში მოერიდეთ ღია ფერების გამოყენებას, ასეთ ადგილებში იდეალურია მუქი ლურჯი, რადგან ის სუფთად და ჰარმონიულად აღვიძებს ფერებს.

დაფარეთ კედლები მიკროცემენტით

მიკროცემენტი არის საკმაოდ გამძლე საფარი, რომელიც ბაზარზე სხვადასხვა ფერებში გვხვდება და შესანიშნავ დაფარვას გვთავაზობს, ოთახს კი დამატებით ტექსტურას ანიჭებს. აბაზანაში ფერის დამატების რამდენიმე გზა არსებობს, შეღებვა ან უკვე ფერადი მასალით დაფარვა კი ამ გზებს შორის ყველაზე მარტივია. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ მიკროცემენტის თბილი, მარჯნისფერი ტონის შერჩევას, რომელიც თეთრ ფერთან მშვიდ კონტრასტს შექმნის.

ერთი შეხედვით შეუსაბამო დეკორაციები

აბაზანა ის ადგილია, სადაც ინოვაციური ან ვინტაჟური ავეჯის გამოყენებას ყველაზე მეტად გვირჩევენ. ამ სივრცეში შეგვიძლია თამამად დავკიდოთ ვინტაჟური ჭაღი ან სარკე, რომელიც შედარებით უფრო დიდი ზომისა და პროპორციებისაა და ასე შემდეგ. თეთრი ფერის სიცივეს იდეალურად ანაზღაურებს ხის მასალისგან შექმნილი აქსესუარებიც.

თეთრი ფერის “დასათბობად” მოულოდნელი დეკორაციების გამოყენება ინტერიერის დიზაინერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტენდენციაა. განსაკუთრებით ხშირად ისინი ხის კარადებსა და თაროებს იყენებენ, რაც სააბაზანოში ელეგანტურ ხასიათს აღვიძებს.

ასეთი აქსესუარები ხშირად სააბაზანოსთვის დამახასიათებელ ნივთებად არ მოიაზრება, მაგრამ მათ ყველაზე კარგად გამოსდით ატმოსფეროს შეცვლა და ახალი ფერების გაღვიძება. განსაკუთრებით საინტერესო ფერადი ხალიჩებია, რადგან ხალიჩა აბაზანას ცოცხალ და თვალწარმტაც ელფერს ანიჭებს.

შეიძინეთ ფერადი კერამიკული ფილები

კერამიკულ ფილებს აბაზანაში ახალი მომხიბვლელი დანამატები შემოაქვს, ქმნის ენერგიას და აახლებს მოსაწყენი თეთრი ფერის მიერ შექმნილ განწყობას. თეთრ ფერს განსაკუთრებით უხდება ღია ცისფერი ან ლურჯი ფერის კერამიკული ფილები. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მუქი ფერია ფილა, მით უფრო თვალშისაცემი იქნება ის.

შექმენით ჩრდილოვანი აქცენტები

ჩრდილოვანი აქცენტები განსაკუთრებით საინტერესო მინიმალისტური სტილის მოყვარულებისთვისაა. ამ დროს თეთრი შეიძლება ჩანდეს როგორც მთავარი აქცენტი სააბაზანოში, მაგრამ მის უკან რამდენიმე სხვადასხვა ფერის ჩრდილი იშლებოდეს. თეთრი ფერის სხვა მსგავს ტონებთან შერწყმა დაგეხმარებათ მრავალფენიანი და მოხდენილი ინტერიერის შექმნაში.

ინტერიერის დიზაინერების ნაწილი მონოქრომული ფერთა სისტემის მომხრეა, ამიტომ ჩრდილოვან ფერებთან ერთად, გვირჩევენ ჭერისა და კედლების ფილების მსგავს ფერებში შეღებვასაც, ხოლო თუ აბაზანა ძალიან ნათელია, მხოლოდ მწვანე მცენარეების დამატებაა რეკომენდებული.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

დრაცენა – ინტერიერის დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი მცენარე

ცნობილი ბრენდების კოლექციებით შექმნილი კომფორტული ინტერიერი ფინეთში