ქლოროფიტუმი არის მცენარე, რომელიც ჩვენს ბინებში ყველაზე ხშირად გვხვდება. ყვავილების მოყვარულებს ის მისი მოვლის სიმარტივის, ლამაზი გარეგნობისა და მრავალფუნქციურობის გამო იზიდავს. ზომისა და ფორიდან გამომდინარე, მისი მოთავსება შეიძლება როგორც იატაკზე, ასევე ფანჯრის თაროებზეც, შედეგად კი სრულიად განსხვავებული და ელეგანტური ინტერიერი იქმნება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ქლოროფიტუმს არ აქვს უჩვეულო, კაშკაშა ყვავილები, რომელიც ადამიანებს ყველაზე მეტად იზიდავს, ეს მცენარე საკმაოდ პოპულარულია. უჩვეულო ფოთლების წყალობით, მას რამდენიმე განსხვავებული სახელითაც კი მოიხსენიებენ, მათ შორის „ობობა“ ან „პატარძლის ფარდა“.
სახეობიდან გამომდინარე, ქლოროფიტუმის ფოთლებს შეიძლება ჰქონდეს მკვეთრი მწვანე ფერი ან მკრთალი ზოლები, რომლებიც ძირითადად მოყვითალო ფერისაა. ფოთლები ვიწრო და გრძელია, ზოლები კი მთელი ფოთლის გასწვრივაა განლაგებული. ამრიგად, ეს მცინარე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მაშინაც კი, როდესაც ის ჩვეულებრივ იზრდება ქოთანში.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქლოროფიტუმი აყვავებული მცენარეა – თუმცა მისი ყვავილები გარეგნულად აბსოლუტურად შეუმჩნეველია. ქლოროფიტუმის ამ თვისების წყალობით, მისი რეპროდუქცია არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს.
ქლოროფიტუმის მოვლის წესები
მიუხედავად იმისა, რომ ქლოროფიტუმი ტროპიკული მცენარეა, მისი მოვლა რთული სულაც არ არის. თავდაპირველად საჭიროა შესაბამისი ადგილმდებარეობის შერჩევა. ქლოროფიტუმს ურჩევნია მზის დიფუზური შუქი, მაგრამ საკმაოდ კარგად იზრდება დაჩრდილულ ფანჯრის თაროზეც. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ქლოროფიტუმის ფოთლებმა დაკარგონ სიკაშკაშე სინათლის ნაკლებობის გამო.
ქლოროფიტუმს შეუძლია მზის პირდაპირი სხივების მიღებაც, მაგრამ არა ძალიან დიდხანს. ამ მხრივ მისი განთავსება უმჯობესია ოთახის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა ზაფხულში, როდესაც მზის სხივები განსაკუთრებით მცხუნვარეა, უმჯობესია ის შედარებით ჩრდილოვან ადგილას გადაიტანოთ. ამ მცენარისთვის ყველაზე კომფორტული ტემპერატურა დაახლოებით +23 გრადუსია.
ქლოროფიტუმი თბილი წყლით უნდა მოირწყას. სხვა ტროპიკული მცენარეების მსგავსად, მას უყვარს კარგი, უხვი მორწყვა ზაფხულის ცხელ პერიოდში. ნიადაგი ყოველთვის უნდა იყოს ნესტიანი, მაგრამ არა ზედმეტად სველი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარგი დრენაჟი – წინააღმდეგ შემთხვევაში, ფესვებმა შეიძლება დაიწყოს ლპობა. ზამთარში, როცა ოთახში ჰაერის ტემპერატურა ეცემა, საჭიროა მორწყვის რაოდენობის შემცირება.
ნიადაგში ტენიანობის ნაკლებობა უკიდურესად საზიანოა ქლოროფიტუმისთვის. თუ ზამთარში ჰაერის ტემპერატურის დაქვეითება არ შეინიშნება, მორწყვის რეჟიმის მნიშვნელოვანი შეცვლა არ არის საჭირო, თუმცა აუცილებელია მცენარის მდგომარეობის მონიტორინგი.
განაყოფიერება, გამრავლება და გადარგვა
ეს მცენარე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყვავის – გაზაფხულის დადგომიდან თითქმის შემოდგომის დასაწყისამდე. ამ პერიოდში მას განსაკუთრებული კვება სჭირდება. აუცილებელია მონაცვლეობით მინერალური და ორგანული საკვები ნივთიერებების მიცემა, დაახლოებით თვეში ორჯერ მაინც. ზამთარში, როდესაც ის შედარებით მიძინებულ მდგომარეობაშია, საკვები ნივთიერებების დამატება საჭირო არ არის.
რეკომენდებული არ არის არც ძალიან ხშირად გადარგვა. როგორც წესი, ეს პროცესი მცენარის ზრდასთან ერთად მიმდინარეობს. როდესაც ხვდებით, რომ ფესვებისთვის ქოთანში საკმარისი ადგილი არ არის, შეგიძლიათ მის გადარგვაზე ფიქრიც დაიწყოთ.
მცენარის გადარგვა უნდა მოხდეს გაზაფხულის დასაწყისში და უნდა შეირჩეს არსებულზე უფრო დიდი ქოთანი. გაითვალისწინეთ, რომ ქლოროფიტუმის ფესვები ძირითადად სიგანეში იზრდება. მიწის არჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნეიტრალური pH-ის, მსუბუქ, ფხვიერ, ჰაერისა და წყლის კარგი გამტარობის უნარის მქონე ნიადაგს.
ყველაზე ხშირად მცენარეს ბუჩქის გაყოფით ამრავლებენ. ამ მეთოდით რეპროდუქცია გაზაფხულზე ხორციელდება. ბუჩქის გაყოფა ხდება გადარგვისას, თუ ქლოროფიტუმის ბუჩქი უკვე საკმარისად გაიზარდა. ამ დროს ფოთოლს ჭრიან ბასრი დანით, ორ ნაწილად, ორივე მათგანს აყრიან დაქუცმაცებულ ნახშირს და შემდეგ ორივე ნაწილს რგავენ სხვადასხვა ქოთანში.
შეიძლება ითქვას, რომ ქლოროფიტუმი უნივერსალური მცენარეა, რომელიც არა მხოლოდ ძალიან უხდება ინტერიერს, არამედ საკმაოდ მარტივად მოსავლელია, რის გამოც ლანდშაფტის დიზაინერები სახლისთვის ყველაზე ხშირად სწორედ ამ მცენარის შეძენას გვირჩევენ.