in

სტილთა შეხამების ძირითადი პრინციპები — ნანუკა ბერულავას რჩევები

თანამედროვე ინტერიერი სტილთა მრავალფეროვნებითა და განსხვავებული კონცეფციების სინთეზით გამოირჩევა. ამ დროს უმნიშვნელოვანესია გარკვეული ნორმებისა და ბალანსის დაცვა, რათა სივრცის იერსახე არ გადაიტვირთოს და არ დამახინჯდეს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სტილთა შეხამების ძირითად პრინციპებზე დღეს დიზაინერი ნანუკა ბერულავა გვესაუბრება, რომელიც საკმაოდ პრაქტიკულ, საინტერესო და გამოსადეგ ინფორმაციას გვიზიარებს.

„სტილთა შეხამება არის კონცეპტუალური მიდგომაა, რომლის პარადიგმაც მხოლოდ ერთ სტილს არ ემორჩილება და მრავალ ფორმას, მიმდინარეობას ან იდეას აერთიანებს. ასეთ მიდგომას ძველი ბერძნები ეკლექტიკას — „რჩეულს” უწოდებდნენ. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინში მრავალი სტილის სწორად შერწყმამ შესაძლოა უნიკალური, „რჩეული”, პერსონალიზებული სივრცე განსაზღვროს, რომელიც პიროვნების გემოვნებას ყველაზე მეტად გამოხატავს. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმასაც, რომ სტილთა შერჩევისას არ არსებობს მკაცრი წესები, თუმცა არსებობს ზოგადი, მათ შორის ბალანსის, ფერის, კონტრასტისა და ერთიანობის შენარჩუნების პრინციპები, რომელთა გათვალისწინებაც ინტერიერის შექმნისას აუცილებელია“, — აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ნანუკა ბერულავა.

ჩვენი რესპონდენტი რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს გამოყოფს, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია სხვადასხვა სტილის შერწყმისას:

ბალანსი

დიზაინერი გვიხსნის, რომ სივრცეში სხვადასხვა სტილის შერჩევისას  ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ბალანსის დაცვაა, რათა ინტერიერი არ იყოს არასასიამოვნო და გაუწონასწორებელი ვიზუალის და ერთიანობის შეგრძნებას ბადებდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბალანსის შეგრძნება სტილთა შეხამებისას რთული კომპონენტია, მისი მიღწევა შესაძლებელია თუ თითოეული მათგანის მახასიათებლებს კარგად გავეცნობით და მათ ელემენტთა შორის  ურთიერთმიმართებას  დავუკვირდებით.

Pink and navy blue abstract painting on a gray wall with molding in an elegant dining and living room interior

საერთო მახასიათებელი

ნანუკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტილებს შორის საერთო მახასიათებლების გამოკვეთას, რათა ამ ანალიზზე დაყრდნობით ჰარმონიული, ბალანსირებული დიზაინი მივიღოთ.

„სასურველი სტილების იდენტიფიცირების შემდეგ, სტილთა შერევისას მიზანშეწონილია საერთო მახასიათებლების პოვნა. მაგალითად, სკანდინავიური და მინიმალისტური დიზაინის დამაკავშირებელი ელემენტი — სიმარტივე, სისადავე და ფუნქციონირებაა. ასეთი საერთო საფუძვლის აღმოჩენით კი შესაძლებელია ერთიანი, ჰარმონიული სინთეზის მიღწევა“.  

ფერი და ფაქტურა

ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ  სტილთა შერევისას  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერისა და ფაქტურის სწორად შერჩევაც. აუცილებელია, წინასწარ განისაზღვროს შესაბამისი პალიტრა და მასალები, რომლებიც თქვენთვის სასურველ სტილებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მთლიანობის ეფექტს უზრუნველყოფს.

კონტრასტი

გარდა საერთო მახასიათებლების გამოკვეთისა, ასევე მნიშვნელოვანია კონტრასტული აქცენტების ხაზგასმა და მათი გათვალისწინება, რათა დიზაინმა სრულყოფილი და დასრულებული სახე მიიღოს.

„სტილების შერჩევისას მათ საერთო მახასიათებლებთან ერთად, ასევე აუცილებელია თითოეული სტილის დახმარებით, კონტრასტის მიღება და მისი ხაზგასმა. ამისათვის კი საჭიროა სივრცეში ორი ან მეტი საპირისპირო მახასიათებლის მქონე ელემენტის (ფერის, მასალის, ფორმის) განთავსება. მაგალითად, ვინტაჟური მაგიდისა და თანამედროვე სკამის შეხამება. ასევე, ხის, ქვის და მინის მასალების კონტრასტმა შეიძლება ვიზუალურად მიმზიდველი და საინტერესო კომბინაცია შექმნას“, — ნანუკა ბერულავა.

დომინანტური სტილი

დარგის სპეციალისტის აზრით, სტილთა შეხამების დროს სასურველია ერთი კონკრეტული სტილის ამორჩევა და მისთვის დომინანტური როლის მინიჭება, რადგან ხშირად დიზაინში რამდენიმე კონცეფციის თანაბარი მონაწილეობა შეუძლებელია — „დომინანტ სტილად ერთი სტილის ამორჩევა ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და დამხმარე საშუალებაა იმისთვის, რომ საერთო სივრცე არ გადაიტვირთოს და ქაოსურ მდგომარეობას არ ქმნიდეს“.

 არასტანდარტული ხედვა და სითამამე

ჩვენი რესპონდენტი დიზაინის შექმნისას სითამამისა და არასტანდარტული აზროვნებისკენ მოგვიწოდებს, რადგან სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის უნიკალურ, სახასიათო და ინდივიდუალურ სტილს, რომელიც მაცხოვრებლის პიროვნებას უკეთესად გამოხატავს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც სტილთა შერევისას გამორჩეული ინტერიერის დიზაინის შექმნაში გვეხმარება, ექსპერიმენტებთან და გაბედული ნაბიჯების გადადგმასთანაა დაკავშირებული. როდესაც რამდენიმე სტილი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ეს დიზაინერის განსხვავებული, ორიგინალური ხედვის დამსახურებაა, რაც თავის მხრივ, არასტანდარტული გადაწყვეტილებების  შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ სტილთა შერევის მთავარი პრინციპია სტილებს შორის საინტერესო ელემენტების აღმოჩენა და კრეატიული აზროვნების შედეგად, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, რაც საბოლოოდ, კონკრეტული პიროვნების ინტერესებსა თუ გემოვნებაზე მეტყველებს“, – ნანუკა ბერულავა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

8 მარტივი გზა ინტერიერში საგაზაფხულო შეგრძნების გასაღვიძებლად

ეზოს მოპირკეთება ბეტონის დეკორატიული ფილებით — რა ჯდება ეს მომსახურება ქართულ ბაზარზე?