ეს დახვეწილი საცხოვრებელი ამსტერდამში, გამაგრილებელი სასმელების ყოფილ ქარხანაში მდებარეობს და მისი ფართობი 109 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობის ისტორიიდან გამომდინარე, ბინას საკმაოდ მაღალი ჭერი ამშვენებს, რაც ოთახების ორ სართულზე გადანაწილების შესაძლებლობას იძლევა, ინტერიერის კუთხით კი აპარტამენტი მთლიანად ლოფტის სტილშია მოწყობილი.
in ინტერიერი
ლოფტის სტილის ბინა სასმელების ქარხანაში
ბინა 2019 წელს გარემონტდა და შეირჩა საკმაოდ თამამი, საინტერესო მასალები, რამაც ტრადიციული ქარხანა თანამედროვე ინტერიერად აქცია და მყუდრო ატმოსფერო შექმნა. სივრცის ერთი ნაწილი გადაკეთდა ოფისად, მეორე – აბაზანად, ხოლო საკმაოდ დიდი ტერიტორია საძინებლის მოსაწყობად გამოიყო.
აპარტამენტის ცენტრს მისაღები სივრცის ნაწილი წარმოადგენს, სადაც მთავარ განწყობას დახვეწილი თანამედროვე სტილის ბუხარი ქმნის.
რემონტის ეტაპზე ქვედა სართულის თითქმის მთელი გეგმა გადაკეთდა და ღია გეგმარირება შემუშავდა.
ფანჯრებისა და ღია სივრცეების წყალობით, საცხოვრებელი ძალიან ნათელია. რემონტის ეტაპზე სახლში განთავსდა უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი სამზარეულოს ავეჯი, რომელიც შეხამებულია თეთრ კერამიკულ ფილებთან.
დერეფანს ოთახებთან მინის ორმაგი მქრქალი კარი აკავშირებს. ბინის ერთ ნაწილში მეპატრონის სურვილების გათვალისწინებით,საოფისე სივრცე მოეწყო, რომელიც სასადილო ზონის სახითაც გამოიყენება.
საძინებელს აქვს შედარებით დაბალი ჭერი, თუმცა ფანჯრების სიუხვის წყალობით, ოთახი საკმაოდ ნათელია და მასში სივრცის ნაკლებობა არ იგრძნობა. აქვეა სახურავის ტერასა, სადაც მოსასვენებელი ზონაა განთავსებული.
სააბაზანოს დიზაინი კლასიკური და მარტივია. ამ ნაწილში მეპატრონემ არჩევანი შავ-თეთრ ფილებსა და მარტივი დიზაინის ავეჯზე შეაჩერა.
ინტერიერი საკმაოდ მარტივი, სადა და ელეგანტურია. კიბისა და ვიწრო დერეფნების წყალობით, სივრცეები მაქსიმალურად არის ათვისებული, რაც საბოლოო ჯამში, სახლში კომფორტულ და მყუდრო ხასიათს აღვიძებს.