in

ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მრავალფუნქციური საპროექტო ორგანიზაცია — ინტერვიუ „Ma Architect“-ის დამფუძნებლებთან

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ მრავალპროფილური საპროექტო ორგანიზაციის — „Ma Architect“-ის  შესახებ, რომელიც 2022 წელს ქუთაისში დაარსდა და აქტიურად ცდილობს ქალაქის, სოციუმისა თუ არქიტექტურული სფეროს განვითარებას. როგორც კომპანიის დამფუძნებლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ისინი მშობლიური ქალაქის სიყვარულმა, მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობამ, საერთო ხედვებისა და ქალაქის სწორად განვითარების სურვილმა გააერთიანა და მრავალფუნქციური ორგანიზაციის შექმნა გადააწყვეტინა.

Ma Architect“-ს საინტერესოა იმითაც, რომ სტუდიის ხედვა და პრინციპები აღმოსავლურ ფილოსოფიას ეფუძნება, რომელიც  ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე მიდგომების სინთეზს გულისხმობს და მდგრად, გარემოსა და ადამიანებზე ორიენტირებულ უნიკალურ ნამუშევარებს ქმნის. ამასთანავე, სტუდიის მუშაობის პროცესი ერთიან, თანასწორ, გუნდურ გადაწყვეტილებებს ემყარება და ადგილობრივი ნიჭიერი, ინტელექტუალური ახალგაზრდების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. საბოლოო ჯამში, კვალიფიციური კადრებით შემდგარი ორგანიზაცია დამკვეთს სრულად აღჭურვილ, გამართულ პროექტს სთავაზობს — არქიტექტურული, ლანდშაფტური და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით როგორც ქუთაისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში.

გვიამბეთ, საიდან გაჩნდა „Ma Architect“-ის შექმნის იდეა. რატომ შეარჩიეთ კონკრეტულად ეს სახელი?

იაპონელები სიტყვა „მა“-ს უწოდებენ იმ ინტერვალს, რომელიც ფორმას მთლიანობას აძლევს. ეს კონცეფცია გულისხმობს დროში პაუზას, ინტერვალს ან სივრცეში სიცარიელეს. „მა“ არის დრო და სივრცე, რომელიც სიცოცხლეს სუნთქვისთვის, გრძნობისთვის და კავშირისთვის სჭირდება. ის გამაერთიანებელი კონცეფციის სახით გვხვდება ფერწერაში, ფოტოგრაფიაში, თეატრში, სპექტაკლში, მუსიკაში, ქანდაკებაში, არქიტექტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც წესრიგისა და ორიენტაციის ცნებას ცხადყოფს დროისა და სივრცის ერთდროულობაში. სწორედ ამ აღმოსავლურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით, 2022 წელს ქუთაისში კომპანია „მა არქიტექტს“ დავაარსეთ, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიული კავშირისა და ტრადიციული ხაზის შენარჩუნებით, არქიტექტურული ფორმებისა და სამშენებლო მასალების ძიების პროცესში ახალი მიმართულების შექმნაზეა ორიენტირებული ადგილობრივ არქიტექტურაში.

რა მომსახურებას აერთიანებს ორგანიზაცია?  

ჩვენი ორგანიზაცია სრულ არქიტექტურულ მომსახურებას უზრუნველყოფს ­— პროექტის მომზადებიდან, მის მშენებლობამდე. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მენაშენეს დამატებით არ მოუწიოს სხვა სპეციალისტების ძიება, ამიტომ მას სრულყოფილ პროექტს ვთავაზობთ, რომელსაც დამატებით გადამუშავება აღარ სჭირდება.

„Ma Architect“-ს აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა არქიტექტურული პროექტი, ინტერიერის დიზაინი, ლანდშაფტის არქიტექტურა, დენდროლოგიური პროექტი, ფოტო და ვიდეო ვიზუალიზაცია. თითოეულ მიმართულებაზე მუშაობისას კი მხოლოდ არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილზე არ ვფოკუსირდებით, არამეედ მარკეტინგული მომსახურებისთვის ფილოსოფიურ ხაზსაც ვქმნით.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი მახასიათებლები, რითაც „Ma Architect“-ი გამოირჩევა ქართულ ბაზარზე? 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კომპანიას მრავალი საინტერესო მიმართულება აქვს, რომლებიც ერთი იდეის გარშემო ერთიანდება — სრული არქიტექტურული მომსახურება და ამ მიმართულებით ქუთაისში ინტელექტუალური რესურსის კონცენტრირება. კომპანია იმითაცაა გამორჩეული, რომ ჩვენი გუნდი იერარქიულ მმართველობას არ აღიარებს, აქ ყველა თანასწორია და ჰორიზონტალური პრინციპით მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ სტუდია „ცოცხალი ორგანიზმია“ საინტერესო არქიტექტურული ორიენტირებით, სამომავლო გეგმებითა და დიადი მიზნებით.

როგორც ვიცით, ორგანიზაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა, გვიამბეთ რა პროექტებს ახორციელებთ ამ მიმართულებით? 

დიახ, გარდა პროექტირებისა, ჩვენ სოციალურ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ, ამიტომ დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია — „არქიტექტურა სოციალური პასუხისმგებლობისთვის”, რომელიც არქიტექტურულ კონტექსტში სოციუმის ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაციის მიზანია დამწყები და მომავალი არქიტექტორების პროფესიული ზრდა, კანონთან დაახლოება, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების სწრაფად და ეფექტურად გაზიარება. ამას გარდა, ჩვენ გვსურს, მოსახლეობას მუდმივად მივაწოდოთ სიახლეები ქალაქში დაგეგმილი არქიტექტორული თუ ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების შესახებ და არქიტექტურული მოვლენების მიმართ აქტიურად გამოვხატოთ სათქმელი ინსტალაციური და პერფორმანსული ხელოვნების მეშვეობით.

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, გვიამბეთ რისი გამოხატვა გსურთ თქვენი ნამუშევრებით და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის შექმნისას?

ვფიქრობთ, არქიტექტურა არა მხოლოდ შენობის კონსტრუირება, არამედ მისი ხელოვნებად ქცევაა. ნებისმიერი არქიტექტურული ნაგებობა ამა თუ იმ ადგილის ნაწილად გარდაიქმნება და მასთან ერთად საერთო ესთეტიკას ქმნის. გვსურს, განვავითაროთ ახალი მიმართულებები ადგილობრივ არქიტექტურაში, ბუნებასთან ჰარმონიული კავშირისა და ტრადიციული ხაზის შენარჩუნებით, არქიტექტურული ფორმებისა და სამშენებლო მასალების სინთეზით.

„მა არქიტექტს“-ის დამფუძნებლების სურვილი იყო, ქუთაისში შეგვექმნა ისეთი საპროექტო კომპანია, რომელიც გახდებოდა ერთგვარი კატალიზატორი ბეტონის ქალაქების გარდაქმნისა და ასევე ტრადიციული არქიტექტურისა და ინოვაციური მიდგომების ინტეგრირების მაგალითი. უპირველესად, გვსურს, საკუთარ თავს შევუქმნათ ის ფუფუნება, რომ ჯერ მიწის ნაკვეთები შევიყვაროთ და შემდეგ დავიწყოთ მათი პროექტირება. კომპანიის მიზანი მხოლოდ კომერციაზე არაა გათვლილი, არ ვმუშაობთ პრინციპით: „ოღონდ გავაკეთოთ და მნიშვნელობა არ აქვს, სად რა შენობას ავაშენებთ”. ვცდილობთ, ვიმუშაოთ ისეთ პროექტებზე, რაც კარგი და საჭირო იქნება ქალაქისთვის. ამასთანავე, მართალია, ქუთაისზე ვართ ორიენტირებულები, მაგრამ ზოგადად, მთელი საქართველოს მასშტაბით ვაპროექტებთ ობიექტებს. ჩვენი თავდაპირველი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ქალაქზე იქნებოდა ორიენტირებული და არა კონკრეტული დაკვეთების შესრულებაზე, ვფიქრობთ, გამოგვივიდა.

ასევე, დავამატებდით იმასაც, რომ ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია ქუთაისში ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა. ამიტომ ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეს ფაქტი, რათა  ურბანული ლანდშაფტის განსავითარებლად ახალი და კრეატიული არქიტექტურული გადაწყვეტილებები მოვიფიქროთ, რადგან ხშირად ხდება, რომ სწორედ ეს ადგენს კონტრასტს არქიტექტურასა და არსებულ მორფოლოგიას შორის, რომლის ნათელი გამოვლინებაც სხვადასხვა პერიოდისა და კულტურის გავლენით მიღებული განაშენიანების შედეგია. ხშირად აღიქმება, რომ ეს ორი უკიდურესობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან მათი ისტორიული ფონის გამო, თუმცა მკვეთრად გამოიხატება მათ შორის მსგავსებაც კონფიდენციალურობის აღქმის ფონზე, ვინაიდან თითოეულ მათგანს ქუთაისთან დაკავშირებული პირადი ისტორია აქვს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ორგანიზაციის სახელი აღმოსავლურ ფილოსოფიას უკავშირდება, საინტერესოა როგორ და რა ფორმით გამოიხატება ეს კონცეფცია თქვენს ნამუშევრებში?  

ჩვენი მიზანია, პატივი ვცეთ იმ ადგილსა და კულტურას, სადაც პროექტირებას ვიწყებთ, გავაცოცხლოთ ისტორიული ხაზი და ემოციური, ცოცხალი გავხადოთ შენობა. ამისთვის იაპონური კონცეფცია “მა” გახდა ჩვენი ამოსავალი წერტილი და ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზის ორიენტირი. თანამედროვე იაპონური არქიტექტურა ორიენტირებულია მდგრადი მიდგომების შემუშავებაზე, ტრადიციული ოსტატობისა და თანამედროვე სამშენებლო მასალების ჰარმონიულ კავშირზე, რაც დღეს მსოფლიოში ძალიან ტენდენციურია. აღმოსავლური ტრადიციის მსგავსად, ჩვენც გვსურს შევინარჩუნოთ ტრადიციული ხაზი და ის თანამედროვე არქიტექტურაში გამოვავლინოთ. თუმცა ეს სინკრეტიზმი მარტივი სულაც არ არის და საკმაოდ ბევრ შრომას მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კულტურულ ძეგლზე ვმუშაობთ,  რადგან რამდენიმე პერიოდის არქიტექტურის გაერთიანებაც გვჭირდება ხოლმე. რომ შევაჯამოთ, „მა“-ს ფილოსოფიური კონცეფცია უკავშირდება ჩვენს შინაგან მოთხოვნილებას, რათა მიზნის, მისწრაფებისა და ჩვენი ცხოვრების პერსონიფიკაციის სწორი იდენტიფიცირება  მოვახდინოთ. შესაბამისად, „მა“ არის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, სივრცე, საიდანაც მოვდივართ.

სწორედ აღმოსავლურ ფილოსოფიას ეფუძნება ლანდშაფტური არქიტექტურის ჩვენი ერთ-ერთი პროექტი. ამ თემისადმი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი კანონმდებლობაში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა. ქალაქში პირველები აღმოვჩნდით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებით წარვადგინეთ სრული დენდროლოგიური პროექტი. ამ კუთხით ჩვენი ხედვა ორგანიზაციის ოფისზეც აისახა და საკუთარი ხელით შევქმენით ინსტალაცია -„Sogetsu Ikebana“, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ვინმეს მიერ. აღნიშნული ინსტალაციით ვცდილობთ, თითოეულ ინდივიდში გამოხატვის თავისუფლებას გავუსვათ ხაზი, რაც ყოველთვის ახალი და ლამაზი იქნება და არასდროს შეიზღუდება წინასწარი შეხედულებებით.

გაგვიზიარეთ თქვენი ამჟამინდელ და სამომავლო გეგმები

გვაქვს  სურვილი, ჩვენს ქალაქში დიდი ინტელექტუალური რესურსი შევქმნათ. თანამედროვე არქიტექტურა გავხადოთ ბევრად მოქნილი, პრაქტიკული, ჰუმანური და ემოციური, ამასთანავე შევუნარჩუნოთ მას ის ხიბლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თან სდევს; მოვამზადოთ საპროექტო წინადადებები და სოციუმს ვაჩვენოთ მისი საჭიროება, ქალაქისთვის აუცილებლობა. გვსურს, საფუძველი ჩავუყაროთ ისეთ კონკურსებს, რომლებიც ქუთაისის არქიტექტურაში ავთენტურობას გააცოცხლებს. ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ არასამთავრობო მიმართულებითაც, რომლის ფარგლებშიც ამ ყოველივეს განსახორციელებლად რამდენიმე საგრანტო პროექტიც მომზადდა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

კვების ობიექტი ფერადი აქცენტებით ფალიაშვილის ქუჩაზე — DODO Designs-ის ნამუშევარი

იატაკის მოხვეწა – 5 კომპანია საქართველოდან, რომელიც ამ მომსახურებას გაგიწევთ