შანხაის ცნობილ კოშკს ზოგიერთი მსოფლიოში “ყველაზე ლამაზ ცათამბჯენსაც” კი უწოდებს. დიდებული შენობა 632 მეტრი სიმაღლისაა. კოშკი Lujiazui-ს სამეზობლოში მდებარეობს, შანხაის ფინანსური ზონის ცენტრში.
შენობაში განთავსებულია საოფისე სივრცეები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები, მდიდრული სასტუმრო და მიწისქვეშა სართულები, სადაც არის საპარკნგე ზონა და გასასვლელი მეტროსადგურებში.
მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა. თავდაპირველი დიზაინის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 580 მეტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით კოშკი 632 მეტრამდე გაიზარდა. ის 121 სართულს მოიცავს.
თავდაპირველად ჩინელი მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ კოშკის მშენებლობას იმის შიშით, რომ მდინარის პირას ამ მასშტაბის პროექტი დატბორვას ან მდინარისთვის კალაპოტის შეცვლას გამოიწვევდა. სხვათა შორის, შანხაიში წყალდიდობის პრობლემა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო.
კოშკი შედგება ცხრა ცილინდრული განყოფილებისგან, რომლებიც ერთმანეთზეა დაწყობილი. მშენებლობისთვის გამოყენებულია ორმაგი კედლები, რაც მის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. კედლებს შორის არსებული სიცარიელე ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს ქმნის, თავად კედლები გამჭვირვალეა, ამის გამო დღის სინათლე შენობაში მარტივად აღწევს.
კოშკის გრეხილი დიზაინი ანეიტრალებს ქარის ძალას და საშუალებას აძლევს შენობას, გაუძლოს 51 მ/წმ-მდე სიჩქარის ქარიშხალს. ამას გარდა, ცათამჯენში დამონტაჟებულია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტები, რომელთა კაბინაც Mitsubishi-ს დიზაინერებმა დააპროექტეს. სპეციალურად ამ პროექტისთვის შემუშავებული ტექნოლოგიების წყალობით, ლიფტები 64 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებიან.
აღსანიშნავია, რომ სპირალური ღუმელი, რომელიც შენობის მთელ სიმაღლეზე გადის, წვიმის წყალს აგროვებს და გამოიყენება გათბობისა და კონდიცირების სისტემებისთვის.
არქიტექტურული სტუდია: Marshall Strabala & Jun Xia (Gensler)
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”