in

8 მარტივი გზა ინტერიერში საგაზაფხულო შეგრძნების გასაღვიძებლად

სეზონებს შორის გარდამავალი პერიოდი ყოველთვის საინტერესოდ აისახება სახლის ინტერიერზეც. ამ დროს ბუნებრივი განათება სახლში უფრო მეტად ან ნაკლებად ხვდება, იცვლება როგორც ამინდი, ასევე განწყობაც და ჩვენც მუდმივად გვსურს, ახალ სეზონს განახლებული სტილით შევხვდეთ. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ეს შეგრძნება კიდევ უფრო მეტად მძაფრდება, რადგან ის თბილ განწყობასთან და ფერებთან ასოცირდება. ზამთრის პერიოდში ჩვენი ინტერიერი შესაძლოა ცივი და ერთი შეხედვით, მოსაწყენიც კი ყოფილიყო, თუმცა ახლა უკვე დროა, მასში განსხვავებული დეტალები, თამამი დეკორაციები და მკვეთრი აქცენტები შემოვიტანოთ. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც მრავალფეროვანი საცხოვრებელი სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ.

დაამატეთ გაზაფხულის ფერები

ფერი სივრცის შეცვლისა და გადაკეთების უნიკალური გზაა, რომელიც მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. 2024 წლის გაზაფხულზე ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ ინტერიერში ისეთი მშვიდი და მყუდრო ფერების დამატებას, როგორებიცაა: ატმისფერი, ღია ვარდისფერი, ღია მწვანე და სხვა. შედარებით თამამი და მკვეთრი აქცენტებისთვის იდეალურია ნარინჯისფერი, მუქი ლურჯი და მკვეთრი მწვანე ელფერები.

ნეიტრალურ ფერთა სისტემაში ხალისის შემოსატანად შეარჩიეთ ფერადი დეტალები ან დეკორაციები, მაგალითად, ბალიშები, სხვადასხვა სახის ქსოვილები, კედლის ნახატები, ლარნაკები და ასე შემდეგ.

შეარჩიეთ ტექსტურა

არაფერი ქმნის საგაზაფხულო განწყობას იმაზე უკეთ, ვიდრე ყვავილები. სანამ გარეთ ხეებისა და მცენარეების აყვავებას კვლავ ველოდებით, შეგიძლიათ მათი ენერგია და განწყობა ინტერიერში შემოიტანოთ. ამისთვის იდეალური შესაძლებლობა ისეთი ქსოვილების, შპალერის, ჭურჭლის ან დეკორაციების არჩევაა, რომელთა დიზაინშიც ყვავილები ან ფერადი ტონალობები ჭარბობს. ასეთი დეტალები შესაფერისია ნებისმიერი სტილის ინტერიერისთვის და უხდება როგორც მინიმალისტურ, ასევე მაქსიმალისტურ საცხოვრებელსაც.

გამოიყენეთ სარკეები

გაზაფხული და შემოდგომა ის ორი სეზონია, რომელიც სკანდინავიაში ყველაზე მეტად ფასდება, რის გამოც სკანდინავიური სტილის ინტერიერში ყოველთვის ცდილობენ სარკეებისა და ისეთი ზედაპირების დამატებას, საიდანაც მზის სხივები კარგად აირეკლება.

ამ გზით შეძლებთ როგორც თქვენი სახლის განათებას და გამრავალფეროვნებას, ასევე სივრცის ვიზუალურად გაზრდასაც. სარკეებს, რომლებიც მოთავსებულია სანათებთან და ფანჯრებთან ახლოს, შეიძლება შეუდარებელი გავლენა ჰქონდეს სივრცის სიკაშკაშესა და სინათლეზე.

ჩაანაცვლეთ სქელი ქსოვილები მსუბუქი ანალოგებით

ზამთარში ძირითადად სქელ ტექსტურას და ქსოვილების ვიყენებთ, რადგან სახლში სითბოს და კომფორტს გამუდმებით ვეძებთ, მაგრამ გაზაფხულზე ეს განწყობა თავისთავად იქმნება, რის გამოც ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, შედარებით მსუბუქი სტილის ქსოვილების გამოყენებას, როგორებიცაა, მაგალითად, ბამბა და აბრეშუმი. სიმსუბუქის გარდა, ასეთ დეტალებს სახლში დახვეწილი სტილი და სინათლეც შემოაქვს.

შეიძინეთ ყვავილები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზაფხულს ყველაზე მეტად ყვავილები უხდება, რაც ინტერიერის განახლების მარტივი და საინტერესო გზაა. შეიძინეთ თაიგულები ან ქოთნის ყვავილები და მოარგეთ ისინი უშუალოდ თქვენს ინტერიერს. მინიმალისტურ სტილში ფერადი მცენარეების დამატებით გამორჩეული კონტრასტის შექმნა შეგიძლიათ, ხოლო ნეიტრალურ ფერთა სისტემას ძალიან მოუხდება თეთრი ფერის ტიტები.

გარდა ამისა, ყვავილებს აუცილებლად დასჭირდება ლამაზი ქოთნები ან ლარნაკები, რაც სივრცეში ფერების და აქცენტების დამატების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა.

შეღებეთ სივრცეები გაზაფხულის ფერებში

სახლში ახალი ელფერების შემოტანის საუკეთესო გზა კედლების და სხვა სივრცეების შეღებვაა. ნაზი, თბილი თეთრი ფერი იდეალურად შეგიძლიათ შეუხამოთ მწვანე ელფერებს და ტერაკოტას, ეს კი შესანიშნავია საგაზაფხულო ხასიათის შესაქმნელად. გაზაფხულის ფერები იდეალურად ჯდება ნებისმიერი ზომისა და სტილის ინტერიერში და მას სიცოცხლითა და ენერგიით ავსებს.

გამოათავისუფლეთ სივრცეები

ხანდახან ჩვენს სახლს უბრალოდ მოწესრიგება სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერიერში ახალი განწყობის გასაღვიძებლად მისი შეცვლა და გადაკეთება სულაც არ არის საჭირო. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ქაოსი ელეგანტური და ფუნქციური ავეჯის გამოყენებით ჩაანაწვლოთ. გამოათავისუფლეთ სივრცეები და შეინახეთ ისეთი ნივთები, რომლებსაც იშვიათად ან საერთოდ არ იყენებთ, სინათლისა და სივრცის შეგრძნების შესაქმნელად კი გირჩევთ, სარკეების, შუშის ზედაპირებისა და თაროების გამოყენებას.

შეარჩიეთ სეზონის შესაბამისი სურნელი

სუნს განწყობის შექმნის მაგიური უნარი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დარიჩინის, ნაძვის, ყვავილების, ციტრუსისა თუ სხვა მცენარეების სურნელი ხშირად ზაფხულთან ასოცირდება, თითოეული მათგანი იდეალურად ერგება გაზაფხულსაც. სურნელოვანი სანთლები და მსგავსი პროდუქტები გვთავაზობენ სეზონებს შორის ცვლილების იდეალურ გამოხატულებას ჩვენს ინტერიერში.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

ბინა ნიუ-იორკში პარიზული და ამერიკული სტილთა სინთეზით

სტილთა შეხამების ძირითადი პრინციპები — ნანუკა ბერულავას რჩევები