in

კომერციული ინტერიერის დაპროექტების ძირითადი პრინციპები — სტუდია „Hiro Interiors“-ის გზამკვლევი

კომერციული ინტერიერის პროექტირება ძალიან სპეციფიკური საკითხია და საკმაოდ განსხვავდება საცხოვრებელი სახლების პროექტირებისგან. ამ ტიპის ობიექტზე მუშაობისას აუცილებელია ფუნქციონალურობასა და ესთეტიკას შორის ბალანსის დაცვა. ისეთი სივრცეების მოწყობისას, როგორიცაა კაფე-ბარები, რესტორნები, საოფისე სივრცეები, მაღაზიები თუ სასტუმროები, ვიზუალურ მხარესთან ერთად, მნიშვნელოვანია ტექნიკური დეტალების გათვალისწინებაც. დღევანდელ სტატიაში კომერციული ფართის მოწყობასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს გვიზიარებენ  სტუდია „Hiro Interiors“-ის დამფუძნებლები, თიკა სართანია და ელენე რატიშვილი.

„კომერციული ინტერიერის პროექტირებისას ფართის ფუნქციური ნაწილი მაქსიმალურად ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ვიზუალურ მხარეს, რაც ყოველთვის მარტივი შესასრულებელი არაა.  ვიზუალურად და ტექნიკურად სწორად შესრულებული პროექტი კი პირდაპირ კავშირშია შესაბამისი ბიზნესის წარმატებასთან. შესაბამისად, არსებობს კომერციული ინტერიერის დაპროექტების ძირითადი პრინციპები, რაც საშუალბას იძლევა, მოვაწყოთ ფუნქციურად და ტექნიკურად გამართული, კომფორტული სივრცე და დიდი გავლენა მოვახდინოთ მომხმარებლების კმაყოფილებაზე “, — „Hiro Interiors“-ის გუნდი.

ზონირება და სივრცის გადანაწილება

ჩვენ რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სივრცის ეფექტურ დაგეგმვას, რაც გულისხმობს ზონირებას და ტერიტორიების გამოყოფას კონკრეტული ფუნქციების, საჭიროებების ან საქმიანობის მიხედვით.  კომერციული ობიექტის მოწყობისას, საჭიროა სივრცისა და ფუნქციური ზონების მიხედვით ხალხის მოძრაობის ნაკადის, სივრცული იერარქიის, აქტიური უბნების, საკვანძო ადგილების, ნაკადის მიმღები და გამშვები ზონების, შიდა მოხმარების  (პერსონალის და ტექნიკური სივრცეების) და სხვა ვიზუალური აქცენტების გაანალიზება და შემდგომ ამ კონკრეტული პუნქტების შესაბამისად ფართის დაგეგმვა.

გეგმარება — ბათუმის სასტუმრო

„ამ პროცესში სრულდება ფართის გეგმარება და ტიხრების გადანაწილება ნახაზის სახით. თითოეული ზონა უნდა იყოს მორგებული შესაბამის აქტივობაზე, ხელს არ უნდა უშლიდეს ერთმანეთს ან ფუნქციის გარეშე არ უნდა იკვეთებოდეს სივრცის დანარჩენ ნაწილთან. მნიშვნელოვანია თითოეული ზონისთვის სწორად შერჩეულ ფართობი, რათა არ დაირღვეს ფართის ფუნქციონალურობა და გამტარუნარიანობა. ობიექტის სწორი ზონირებით უკვე იქმნება ორგანიზებული, ეფექტური გეგმარება, რაც სივრცის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს“, — გვიამბობენ ჩვენი რესპონდენტები.

ზონირება – სპორტისა და სათამაშო ბარი, თბილისი

ადამიანების მოძრაობის ნაკადი და ცირკულაცია

იქიდან გამომდინარე, რომ კომერციული სივრცეები უფრო მეტადაა დატვირთული, დიზაინერები ხაზს უსვამენ ადამიანთა მოძრაობის ფაქტორის გათვალისწინებასაც, რათა მომხმარებელი და მომსახურე პერსონალი ერთმანეთთან არ გადაიკვეთოს და ორივე მხარისთვის სივრცით სარგებლობა მარტივი და კომფორტული გახდეს. ამასთანავე,  სწორედ უნდა იყოს გადანაწილებული შესასვლელი და გასასვლელი პუნქტები, პერსონალის ოთახები და სამუშაო სივრცე. თითოეული ზონა კი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს. სწორი გეგმარება და ადამიანთა ნაკადის გათვალისწინება დიდ როლს ასრულებს უსაფრთხოების ნაწილშიც. გასასვლელი გზები უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივად მისაწვდომი, დერეფნებისა და კიბის უჯრედების არსებობის შემთხვევაში კი სწორად უნდა შეირჩეს ფართის მოცულობა, რათა თავიდან ავირიდოთ გასავლელისკენ მოძრაობის შეფერხება და გადატვირთვა. 

მოძრაობის გეგმა

ფუნქციონალურობა და ერგონომიკა

როდესაც ზონირება და მოძრაობის ნაკადი დაგეგმილია, ამის შემდეგ აუცილებელია სივრცეში საჭირო ავეჯისა და ინვენტარის დაგეგმვა, რაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს სივრცის ფუნქციონალურობაში. ისევე როგორც გეგმარება, ეს ნაწილიც უნდა ერგებოდეს კონკრეტული სივრცის სტანდარტებს. გასათვალისწინებელია მაგიდების, სკამების, საწოლებისა თუ განათებების ზომა და ადგილმდებარეობა, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე. სასურველია სივრცე არ იყოს გადატვირთული არსებულ სტანდარტზე მეტი ავეჯით, რათა არ დაირღვეს სივრცის ფუნქციონალურობა და მომსახურე პერსონალს არ შეექმნას დისკომფორტი. ბევრი ავეჯი გარეგნულადაც ამძიმებს სივრცეს და ინტერიერს თვალისათვის არასასიამოვნოს ხდის.

ფუნქციონალურობა – რესტორანი, ბაქო

„საპირისპირო ეფექტს იძლევა ზედმეტად ცარიელი სივრცეები. შესაბამისად, ავეჯისა და დეკორაციის სწორი ბალანსი სივრცის სრულყოფილად აღსაქმელად ძალიან დიდ  როლს თამაშობს. მომხმარებლის ზონასთან ერთად, სწორად უნდა იყოს დაგეგმილი მომსახურების ნაწილიც, რაც ასევე პირდაპირ კავშირშია სივრცის გამართულ ფუნქციონირებასთან. აუცილებელია დავიცვათ სამზარეულოს სტანდარტები კაფე-რესტორნების შემთხვევაში. ფუნქციური და გამართული უნდა იყოს მომსახურე პერსონალის სივრცე, ტექნიკური ოთახი, სათავსო და მიმღების ნაწილი, მოსაცდელები. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად, არსებულ გეგმარებაზე სრულდება ავეჯის განლაგების სქემა, რომელზც სწორი და რეალური ზომებით ხდება  ავეჯისა თუ დეკორაციის დეტალების დატანა“.  

ხადა სასტუმრო – გუდაური

მასალების შერჩევა

„Hiro Interiors“-ის გუნდი ყურადღებას ამახვილებს მასალების სწორად შერჩევაზეც —  „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კომერციული ინტერიერის დაპროექტებისას  მასალების სწორად შერჩევაა. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც პროექტის ფუნქციისა და ადგილმდებარეობის მიხედვით დგინდება მასალების შესაბამისი სტანდარტი. იქიდან გამომდინარე, რომ კომერციული ინტერიერი მეტად დატვირთულია, ვიდრე საცხოვრებელი სივრცეები, მასალის ცვეთაც ბევრად მაღალია, ამიტომ საჭიროა, გამოიყენოთ შესაბამისი იატაკის, კედლის, ჭერის, ავეჯის და სანტექნიკის მასალა, რათა მომავალში თავიდან აირიდოთ დაუგეგმავი სარემონტო ხარჯები, რაც ასევე შეაფერხებს სივრცის მუშაობას. პროდუქტების შერჩევისას გასათვალისწინებელია ფართის გეოგრაფიული მდებარეობა – აუცილებელია, მასალა ერგებოდეს ჰავას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მალე დაზიანდება. მნიშვნელოვანია პროდუქციის შერჩევა მოხდეს  პირველივე ეტაპზე, ტექნიკური ნაწილის მომზადებისას”.

ოფისის ღია გეგმარება მოდული ავეჯით

განათება

განათების როლი ძალიან დიდია ნებისმიერი ტიპის ობიექტის პროექტირებისას. მას შეუძლია შექმნას სივრცესთან შესაბამისი განწყობა და განსაკუთრებული ატმოსფერო, არასწორი განათების შემთხვევაში კი შეიძლება პროექტის ვიზუალური მხარე სულ სხვანაირად წარმოჩინდეს, შეიქმნას შეუსაბამო წარმოდგენა და ინტერიერი ძალიან არაკომფორტული გახდეს. დიზაინერების თქმით,  არსებობს პირველადი, მეორადი და დეკორატიული განათებები, რომლებიც სივრცის ფუნქციის შესაბამისად გამოიყენება. ასევე, აუცილებელია სწორად  შეირჩეს განათების ფერი — ცივი, თბილი თუ ნეიტრალური ტიპი. თითოეული მათგანი განსხვავებულ გარემოს ქმნის.

საკმაოდ კრიტიკულია განათების როლი საოფისე სივრცის მოწყობისას. ამ შემთხვევაში არასწორი განათების შერჩევამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები და უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის პროდუქტიულობაზე.

ოფისის განათება, ბათუმი.

ჩვენი რესპონდენტები გვირჩევენ, არ დავივიწყოთ ბუნებრივი განათების მნიშვნელობა ინტერიერში, რაც ყოველთვის დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე.  განათების პროექტირება, ტექნიკური ნაწილის მომზადებასთან ერთად ხდება, ამიტომ თავიდანვე უნდა გავითვალოთ განათების და კომუნიკაციების წერტილები, რასაც  შემდგომ დიზაინ კონცეფცია მოერგება. ადაპტირებადი, მოქნილი სივრცეების გეგმარების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მოქნილი და მოძრავი განათებების დაგეგმვა და მათი მოძრაობის ტრაექტორიების განსაზღვრა ავეჯის განლაგების სქემის შესაბამისად, რაც უფრო ეფექტურსა და ფუნქციურს გახდის ინტერიერს.

მოქნილობა და ადაპტაცია

„კომერციული ფართები ხშირად საჭიროებენ მოქნილობას და ადაპტირების უნარს ცვალებად საჭიროებებთან და მომავალ ზრდასთან ერთად. შესაბამისად, სივრცის დაგეგმვის პრინციპები მოიცავს ისეთი დიზაინის ელემენტების შეტანას პროექტში, რომლებიც მარტივი კონფიგურაციის ან ადაპტირების საშუალებას იძლევა. მოდულური ავეჯის სისტემები, მოძრავი ტიხრები, ჭკვიანი ტექნოლოგიები, მოძრავი ელექტრობის სისტემები, მოქნილი ღია-სივრცობრივი განლაგება შესაძლებლობას გვაძლევს, მარტივად მოხდეს ახალი ფუნქციების დამატება და გაზრდილი პერსონალის ადაპტირება“, — აღნიშნავენ თიკა სართანია და ელენე რატიშვილი.

სასტუმრო ქუთაისში

ბრენდების იდენტობა და მისი გამოყენება ინტერიერში

დიზაინერები თვლიან, რომ ბრენდის იდენტობის და მისი ელემენტების გამოყენება ინტერიერში ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. ინტერიერის დიზაინი სწორად უნდა გადმოსცემდეს ბრენდის ხასიათს და პრინციპებს, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მის მიზნებს, ღირებულებებს, პოზიციონირებას, სამიზნე აუდიტორიას და დიზაინის ყველა ასპექტს, დაწყებული დაგეგმარებიდან, დამთავრებული გამოყენებული მასალებით, დეკორაციითა და ფერების სწორი შერჩევით. ჩვენი რესპონდენტები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ამ დეტალებს, რათა ბრენდის გაძლიერება, მისი ნარატივის ინტერიერში გამოხატვა და კარგად აღსაქმელი, მარტივად დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნა შევძლოთ მომხმარებლისთვის.

შშმ პირების ადაპტაცია

„საქართველოში,  სამწუხაროდ, დღემდე პრობლემურია შშმ პირებზე ადაპტირებული სივრცეების მოწყობა, რაც  ერთ-ერთი აუცილებელი სტანდარტი უნდა იყოს კომერციული ობიექტისთვის. პროექტის მომზადებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია შშმ პირებისათვის ადაპტირებული პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილები, რათა ნებისმიერი ადამიანისთვის სივრცე მათ საჭიროებებზე მორგებული გახდეს“, — „Hiro Interiors“.

უსაფრთხოება

ჩვენ რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია კომერციული სივრცეების დაგეგმარებისას. რადგან კომერციული ობიექტები ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანების დატევასა და გატარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კარგად გამართული, სწორად გათვლილი უსაფრთხოების სისტემების, სქემების და მასალების გამოყენება. აუცილებელია, სივრცეები დაპროექტდეს ევაკუაციის სქემის გათვალისწინებით, მკაფიოდ მონიშნული საევაკუაციო გასასვლელებით, რომლებიც ადვილად მისადგომი და შეუფერხებლად გამოსაყენებელი იქნება. ასევე, საჭიროა ხანძრის აღმოჩენისა და ჩახშობის სისტემების მონტაჟი და  სწორი განათება, რაც ევაკუაციისას კარგ ხილვადობას უზრუნველყოფს. იატაკი კი სასურველია, ნაკლებად პრიალა ზედაპირების იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ მოცურების საფრთხე და სხეულის დაზიანების რისკები.

შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომერციული სივრცის დაგეგმვის პრინციპების დაუფლება მოითხოვს კომბინირებულ მიდგომას, რაც ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს, ფუნქციურობას, ესთეტიკურობას, მდგრადობას და უსაფრთხოებას. ამ ელემენტების ფრთხილი დაბალანსებით, დიზაინერს შეუძლია შექმნას გარემო, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს, არამედ ქმნის სასიამოვნო და კომფორტულ სივრცეებს მომხმარებლისთვის.

„ხალხის ნაკადის ოპტიმიზაციის დაცვა, სივრცის მაქსიმალური ათვისება, ბრენდის იდენტობის გამოსახვა, მდგრადობისა და უსაფრთხოების დაცვა კომერციული სივრცის დაგეგმვისას ხელს უწყობს დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ინტერიერის შექმნას. მომხმარებლის საჭიროებებისა და ტენდენციებისა თუ ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით კი შესაძლებელია შეიქმნას სივრცეები, რომლებიც შთააგონებს და აღაფრთოვანებს ნებისმიერ მომხმარებელს“, — თიკა სართანია და ელენე რატიშვილი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ალუმინის მოძრავი კარი — როგორია მისი მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე?

5 კომპანია საქართველოდან, რომელიც გასაჭიმი ჭერის მონტაჟში დაგეხმარებათ