in

მინიმალისტური ინტერიერი ლისის ტბის მიმდებარედ — თინათინ ძირკვაძის ნამუშევარი

თინათინ ძირკვაძის მორიგი პროექტი თბილისში, ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 300 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა მინიმალისტური, განსხვავებული ინტერიერის შექმნას, რომელიც „სახლის“ შეგრძნებას არ დაკარგავდა და მიმზიდველობას შეინარჩუნებდა.

დიზაინერი პროექტის დამუშავებაში თავიდანვე არქიტექტორთან ერთად იყო ჩართული. შესაბამისად, სივრცის გეგმარება არქიტექტორისა და დიზაინერის ერთობლივი გადაწყვეტილებით შესრულდა. რაც შეეხება ინტერიერს, პროექტის ავტორისა და დამკვეთის ხედვა  ერთმანეთს დაემთხვა, რამაც სამუშაო პროცესი ბევრად მარტივი და სასიამოვნო გახადა. აღნიშნული ნამუშევარი თინათინისთვის იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი დასრულება საკმაოდ მცირე დროში მოხერხდა. მშენებლობის პროცესი სწრაფად წარიმართა, ინტერიერისთვის მასალები, ავეჯი და სანათებიც დროულად დამზადდა, რამაც სარემონტო სამუშაოები დააჩქარა.

სახლის გეგმარებაში გათვალისწინებულია დიდი მისაღები სივრცე, რომელიც სამზარეულოსთან ერთიანდება, მეტი პრაქტიკულობისთვის კი სამზარეულოში განთავსებულია საკუჭნაოც. დიდი მონუმენტური კიბის უჯრედი სახლის განსაკუთრებულ ხასიათს უსვამს ხაზს და ერთ-ერთ უნიკალურ დეკორატიულ ელემენტს ქმნის. მეორე სართულზე კი განლაგებულია ოთხი საძინებელი, აბაზანები დაა საგარდერობო-სათავსო სივრცეები.

ინტერიერი თეთრი ფერის კედლებითა და მონუმენტური მასალებით არის მოპირკეთებული და მასში შავი და ნაცრისფერი ტონალობა საინტერესოდ ეხამება ერთმანეთს. პროექტში გამოყენებულია კედლის დეკორატიული ლესვის სხვადასხვა ტექნიკა, შავი ფერის დაშპონილი MDF და ნატურალური მუხის ავეჯი, რომელთა ნაწილი ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული.

გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო ზონა საკმაოდ დიდი, ნათელი და დახვეწილია. თეთრი ტონალობის კედლებს იდეალურად ეხამება ინდუსტრიული იატაკი, რომელიც სივრცეს ერთიან იერსახეს სძენს. მრავალფეროვნება  და სიმყუდროვე კი ავეჯისა და დეკორატიული ელემენტების სახით იქმნება.

მოსასვენებელ ოთახს მთავარ ბრწყინვალებას „Amura Lab“-ის ნარინჯისფერი ტახტი და ნაცრისფერი სავარძელი ანიჭებს. მოდელები თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა და იდეალურად ერწყმის სახლს. ოთახის ცენტრში დამონტაჟებული ბუხარი თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს, რბილი ხალიჩა კი ზონას სირბილესა და სიმსუბუქეს მატებს. მინიმალისტურადაა მოწყობილი ტელევიზორის კედელიც, რომელიც ინტერიერის სისადავეს უსვამს ხაზს.

მისაღები ზონის მოპირდაპირედ სასადილო კუთხეა განთავსებული, რომელიც შავი ფერის „Ton“-ის მაგიდითა და სკამებით არის გაფორმებული. დახვეწილი ავეჯი საოცარ ელეგანტურობასა და მდიდრულ ეფექტს სძენს სივრცეს და სახლს უფრო საინტერესოს ხდის. აღსანიშნავია ამავე ტონალობის კარადა, რომელიც მაგიდასა და სკამებს ეხმიანება და აქსესუარებითაა გაფორმებული.

სამზარეულო სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. სამზარეულოს ავეჯი უჟანგავი მეტალის ზედაპირით არის მოპირკეთებული, რაც ზონას განსაკუთრებულ იერსახეს მატებს. ამ სივრცეშიც წამყვან ტონალობას შავი ფერი განსაზღვრავს, რომელიც თეთრ კედლებს აბალანსებს და ამდიდრებს. სამზარეულოს კუნძულს კი „Ton“-ის სკამები ამშვენებს.

სივრცეში მომხიბვლელ ეფექტს ქმნის დეკორატიული განათება, რომელიც თითოეულ ზონას გამოკვეთს. ასევე, კედლებს ალამაზებს მეპატრონის ნამუშევრებიც, რომლებიც სახლს ინდივიდუალურ ხასიათსა და ორიგინალურ შტრიხებს ანიჭებს. გამწვანებასა და დიზაინობიექტებს კი სიხალისე და სიცოცხლე შემოაქვს ოთახში.

მთავარ საძინებელში მშვიდი, პოზიტიური ატმოსფერო იქმნება, რომელიც ნაზი პასტელური ფერებითა და შავი სასიამოვნო აქცენტებით მიიღწევა. ოთახში გვხვდება მცირე ზომის გამყოფი სათავსოც, რომელიც საინტერესო ელემენტს ქმნის, „Karman“-ის ორიგინალური ფორმის სანათი კი ჰაეროვნებას, სიმსუბუქესა და დახვეწილობას მატებს ინტერიერს.

საბავშვო ოთახი ღია, სასიამოვნო ფერებშია გადაწყვეტილი, რაც თვალს ამშვიდებს და მყუდრო გარემოს უზრუნველყოფს. მრგვალი ფორმის ავეჯი კი სახასიათო ესთეტიკასა და განწყობას ქმნის. საძინებელი ისეა დაგეგმარებული, რომ საძილე, სამეცადინო და სათამაშო ზონები ერთმანეთისგან გამიჯნულია და საკმაოდ ფუნქციური და კომფორტული სივრცე მიიღება.

თინათინ ძირკვაძის ახალი ნამუშევარი მინიმალისტური, ელეგანტური, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ინტერიერში მკაფიოდ იგრძნობა თანამედროვე სტილის ესთეტიკა და ორიგინალური გემოვნება. თითოეული ზონა დაბალანსებული და მომხიბვლელია. ფერები ისეა გადანაწილებული, რომ ინტერიერი  სადა, მაგრამ  მრავალფეროვანია, რის გამოც თავლისათვის მოსაწყენი არ არის და პირველივე დანახვისას აღფრთოვანებას იწვევს.

პროექტის ავტორი: თინათინ ძირკვაძე

გამოყენებული მასალები:

სამზარეულოს ავეჯი: „Domus“; „კომპანია ლაზიერი“

იატაკის საფარი: „Belle Maison“

აბაზანის ფილები: „Mosaics“

კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“

განათება: „LightStudio“ — „Karman“, „Santa & Cole“, „leds4“

ავეჯი: „Ton“, „Amura Lab“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონ დავიდოვი

ცხოვრება დაბალსართულიან კომპლექსში — 5 მთავარი უპირატესობა

„BIM Solutions Georgia“ „Autodesk“-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა – რას ნიშნავს ეს ქართული სამშენებლო ბაზრისთვის?