16 მარტს წინანდლის მამულის “რადისონ ქოლექშენში” გაიმართება ბრიტანელი ლანდშაფტის არქიტექტორის, ენდი სტურჯენის ღია ლექცია თემაზე “თანამედროვე ბაღის შექმნა”.
ბატონი სტურჯენი ბრიტანულ ტრადიციებზე აღზრდილი დიზაინერია, რომელიც არაერთი ათეული წელია მოღვაწეობს გაერთიანებულ სამეფოში. 2023 წელს ის დასახელდა საუკეთესო დიზაინერად ბრიტანული ბაღების საზოგადოების მიერ. მას ასევე მიღებული აქვს 6 ოქროს მედალი ჩელსის სამეფო ყვავილების ბაღების შოუზე.
სტურჯენის უმშვენიერესი ბაღები გვხვდება როგორც შუასაუკუნეების სასახლეების გარშემო, ასევე ლონდონური ცათამბჯენების სახურავებზე.
აღსანიშნავია, რომ ენდი სტურჯენის ღია ლექციით წინანდლის ბაღი გადადის ახალ ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული მამული დამთვალიერებელს შესთავაზებს XXI საუკუნის სტანდარტებს ტრადიციების სრული დაცვით.
როგორც ცნობილია, წინანდლის ბაღს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ადარებდნენ კიუსა და რიჩმონდის ბაღებს ბრიტანეთში. 16 მარტს კი ბრიტანეთის საუკეთესო ლანდშაფტის არქიტექტორის ტიტულის მფლობელი წაიკითხავს ღია ლექციას დაინტერესებული პირებისთვის და ისაუბრებს თანამედროვე ლანდშაფტურ-არქიტექტურული ამოცანების გადაჭრის მისეულ გზებზე.
დამატებითი ინფორმაცია ენდი სტურჯენის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მაგრამ დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
ღონისძიების მედია პარტნიორია ჟურნალი Homeis.ge