in

“რესპუბლიკა” – „NOA Studio“-ს მიერ შექმნილი ახალი სიცოცხლე ქალაქის ცენტრში

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე 4000 მ2 ფართობის მქონე „რესპუბლიკის“ მულტიფუნქციური შენობის პროექტი, რომელიც  განსხვავებული ტიპის ღონისძიებებს მასპინძლობს და მრავალმხრივი ინტერესების მქონე ადამიანებს ერგება, არქიტექტურულ სტუდია „NOA Studio“-ს ეკუთვნის.

ქალაქის შუაგულში მდებარე თანამედროვე დიზაინის შენობა დახვეწილი არქიტექტურით, მომხიბვლელი ინტერიერითა და ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. მისი უნიკალურობა შენობის მრავალფუნქციურობაში მდგომარეობს. გარდა განსხვავებული კონცეფციის მქონე რესტორნებისა  (“რესპუბლიკა” და “რესტორანი 24”), აქ ასევე გვხვდება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც თბილისელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია გასართობად. ქორწილი, დაბადების დღე, კონფერენცია, კონცერტი თუ მუსიკალური საღამო – “რესპუბლიკის” დარბაზი ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას მასპინძლობს.

როგორც პროექტის ავტორი, ქეთუნა ყრუაშვილი გვიამბობს, კონცეფციის შემუშავების  პროცესში მოედნის დონეზე არსებული სართული ორ ნაწილად გაიყო, შუაში კი გაჩნდა პასაჟი, რომელიც ხიდით რუსთაველის გამზირს დაუკავშირდა. ამ გადაწყვეტით მოედანსა და მთავარ გამზირს შორის ახალი კავშირი დამყარდა. პასაჟის ერთ მხარეს ქართული რესტორანი „რესპუბლიკა 24“ მოეწყო, მეორე მხარეს კი ზედა სართულებთან დამაკავშირებელი მისაღები სივრცე დაპროექტდა.

შენობის ფასადი ბეტონით, მეტალითა და მინით არის მოპირკეთებული, ინტერიერში კი ბუნებრივი მასალები — ხე და ქვა გვხვდება, რაც პროექტს ავთენტურობასა და მომხიბვლელობას ანიჭებს.

მეორე სართულზე განთავსებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ძირითადად შავ და ხისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც ერთგვარ კონტრასტს ქმნის და ობიექტს დახვეწილ იერსახეს სძენს. ხე ინტერიერში წამყვან როლს თამაშობს და სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველყოფს. ყურადღებას იქცევს დიდი ვიტრაჟები და ხის ტიხრები, რომლებიც სივრცეს ორიგინალურობასა და ავთენტურობას მატებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბოლო სართული მდებარე ღია ტერასის მქონე რესტორანი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე.

ამ ზონაში კომფორტული მოსასვენებელი სივრცე მოეწყო, რაც იდეალურ გარემოს ქმნის როგორც გართობისთვის, ასევე განტვირთვისთვის. ტერასის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი უხვი ბუნებრივი გამწვანებაა. საგულდაგულოდ შერჩეული მცენარეები ბუნებასთან კავშირის შეგრძნებას ამძაფრებს და სტუმრებში სასიამოვნო ემოციას აღძრავს.

„რესპუბლიკის“ მულტიფუნქციური სივრცე, უპირველესად, სიმბოლური დატვირთვით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ავტორებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას და შექმნეს არქიტექტურული ობიექტი, რომელიც ერთგვარად, განახლებულ სიცოცხლეს განასახიერებს. ეს არის თანამედროვე, მიმზიდველი და მრავალფუნქციური ნაგებობა ქალაქის შუაგულში, რომელიც განსხვავებული ინტერესებისა და ასაკის მქონე ადამიანებს თანაბრად აკმაყოფილებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია “რესპუბლიკის”, როგორც ერთგვარი კულტურული ცენტრის როლი ქვეყნისთვის. გარდა პოპულარული ქართველი არტისტების გამოსვლებისა, სივრცემ ისეთი აღიარებული მუსიკოსების კონცერტებით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, როგორებიცაა Cory Henry, Nik West, Toploader, Imagination, Brand New Heavies, Crystal Waters და სხვები. ამ რანგის ღონისძიებების სიხშირე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “რესპუბლიკის” მნიშვნელოვან სოციალურ თუ კულტურულ დანიშნულებას და მას საერთო დღესასწაულებისა და სასიამოვნო ემოციების ადგილად აქცევს.

პროექტის ავტორები: სეზარ რიბეირო, მიკა ყრუაშვილი, ქეთუნა ყრუაშვილი

არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია: „NOA Studio

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

6 წიგნი არქიტექტორებისთვის — ნანა ზაალიშვილის რეკომენდაცია

საღებავი თუ შპალერი – რომლის გამოყენება სჯობს ახალ აშენებულ კორპუსში და რატომ?