in

მრგვალი ფორმებითა და ნეიტრალური ფერებით შექმნილი დიზაინი უნივერსიტეტის ქუჩაზე — „Wii Design Studio“-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ „Wii Design Studio“-ის პროექტს სახელწოდებით — „CIRCLE LINE“, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 170 მ2-ია, სადაც საცხოვრებელ ფართს 120 მ2, საზაფხულო სივრცეს კი 50 მ2 უჭირავს.

საპროექტო დავალება გულისხმობდა სამი საძინებლის, სტუმრებისათვის სველი წერტილის, სამრეცხაოსა და საერთო სივრცის განთავსებას. ასევე დამკვეთს სურდა, ბინა მაქსიმალურად ღია ტონალობაში შესრულებულიყო და სივრცეს სადა, მიმზიდველი სახე ჰქონოდა.

პროექტის ავტორების მთავარი მიზანი იყო, რომ დამკვეთის სურვილები, ხასიათი და  პიროვნული მახასიათებლები მაქსიმალურად აღბეჭდილიყო დიზაინში, რათა ბინა მყუდრო და კომფორტული გამოსულიყო.

კონცეფციის შემუშავებისას საცხოვრებელი შავი კარკასის მდგომარეობაში იყო, ამიტომ დამკვეთთან გასაუბრების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ტიხრების გეგმარება მომზადდა. მიუხედავად დიდი კვადრატულობისა, არსებული შახტებისა და კონსტრუქციული ელემენტების განლაგების გამო, ფართი საკმაოდ რთულად ასათვისებელი იყო, რასაც მისი გრძივი განვითარებაც ემატებოდა. ამიტომ დაგეგმარების პროცესში ფართი ორ ზონად დაიყო, სადაც ერთში საძილე, მეორეში კი მისაღები და სამზარეულოს ზონები მოეწყო. საბოლოოდ, საცხოვრებელში დაპროექტდა სამი საძინებელი (ერთი მთავარი საძინებელი ოთახი), სტუმრების სველი წერტილი, დამხმარე და საერთო სივრცეები.

ზონირების უკეთ წარმოსაჩენად ინტერიერში კედლისა და ჭერის მოსაპირკეთებლად ორი ფერია გამოყენებული ­— თეთრი და მუქი ყავისფერი. შესაბამისად, დღისა და ღამის ზონა ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი, ხოლო მათი დამაკავშირებელი დერეფანი – მუქ ყავისფერში.

„ინტერიერის პროექტებზე მუშაობის დროს, ჩვენი სტუდიის მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი სივრცე, რომელიც ხასიათს და ემოციას მანამ შექმნის, სანამ სახლი ავეჯით შეივსება. პროექტირებისას ყოველთვის ვიყენებთ ისეთ ელემენტებს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის შემდგომში ავეჯის ნაწილს. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ კედლის ფრეზების კომბინაცია, რომელიც ცარიელი სიბრტყეების შესავსებად მსუბუქ დეკორს ქმნის. რიგელების გადამრგვალება უხეში გადასვლების დასამალად, შემდგომში მრგვალი დეტალების ინსპირაცია გახდა. ასევე, აღსანიშნავია ჭერში გაჩენილი მრგვალი LED ნათების ჯიბე, რომელმაც რბილი ავეჯის ზონას გაუსვა ხაზი. სწორედ ეს დეტალი გახდა პროექტის სახელის შთაგონებაც“, — ამბობს „Wii Design Studio“-ს გუნდი.

სამზარეულო ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელშიც ძირითადად ორი მასალა – მუქი ფერის ხე და მსუბუქი ტექსტურის ქვა გვხვდება. აღნიშნული მასალების სინთეზით, ეს ზონა მეტად აქცენტირებულია, ხე კი ქრომის სახელურებითა და სარკის კედლებით არის შემსუბუქებული.

კუნძული, რომელიც მთლიანად ქვით არის მოპირკეთებული მსუბუქ და ნეიტრალურ გამყოფს წარმოადგენს სამზარეულოსა და სასადილო სივრცეებს შორის. ნიჟარა კი სამუშაო ზონის გამიჯვნასა და მის ფუნქციურ ათვისებას უზრუნველყოფს.

მისაღები და სამზარეულო ერთმანეთთან კავშირს არ წყვეტს, რაც სადა ფერთა პალიტრით, მრგვალი ფორმებითა და კონტრასტული აქცენტებით მიიღწევა. განსაკუთრებულ კომბინაციას ქმნის რბილი ლურჯი ტახტი და შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა, რომელიც ინტერიერს მრავალფეროვნებას მატებს.

მთავარ საძინებელშიც მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო იგრძნობა, რომელიც სწორად შერჩეული ფერებითა და ავეჯით იქმნება. საწოლის კრემისფერი ტექსტილი გარდერობის ზონას ორგანულად ერწყმის, ორიგინალური ფორმის მრგვალი სავარძელი კი გამორჩეულ აქცენტს ქმნის.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბინაში შესასვლელს, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას უქმნის მნახველს. შესასვლელი ზონა ნეიტრალური ტონებითა და ტექსტურებით ისეთ სივრცეს ქმნის, რომელიც მაქსიმალურად მყუდრო და მშვიდ გარემოს განაპირობებს. განათებული სარკე ქვის მაგიდითა და დერეფნის მუქი ყავისფერი კომბინაციით გადაადგილების მიმართულების მანიშნებელია. ხოლო დერეფანში არსებული რიგელების უხეში გადასვლები, კუთხეების მომრგვალებით არის შემსუბუქებული. ხაზგასასმელია, რომ სწორედ ეს მომრგვალებული დეტალები გახდა სახლში გამოყენებული სხვა მრგვალი ელემენტების ინსპირაცია.

აღსანიშნავია, რომ პროექტში უმეტესად გამოყენებულია „Wii Design Studio“-ს მიერ შექმნილი ობიექტები, მათ შორის ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული სასადილო მაგიდა, სამზარეულო და კუნძული, ტელევიზორის კონსოლი, ჩასაშენებელი გარდერობის სისტემები, სველი წერტილების ხელსაბანი და ავეჯი, რომელიც, ძირითადად, დაშპონილი და შეღებილი MDF-ისგან არის დამზადებული. რაც შეეხება კერამოგრანიტის ფილებს, ისინი გამოყენებულია სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე, კუნძულის შესაფუთად და მთავარი საძინებლის სააბაზანოს ხელსაბანისა და საშხაპის დეკორის მოსაწყობად.

„Wii Design Studio“-ს პროექტის თითოეული ნაწილი სახასიათო დეტალებითა და დასამახსოვრებელი სტილისტიკით გამოირჩევა. ზონები ერთმანეთს ლოგიკურად უკავშირდება, სივრცე კი ფუნქციურად და ერგონომიულად არის ათვისებული. სახლის მთლიანი ფონის შესაქმნელად გამოყენებულია ნეიტრალური ფერები და ამრეკლი მასალები, რამაც სივრცეს მეტი მოცულობა შესძინა. მინიმალური მკვეთრი აქცენტებით კი ხაზი გაესვა რამდენიმე დეტალს — მუქი ლურჯი ფერის დივანს, მუქი ხის სამზარეულოსა და მკვეთრი ქვის ტექსტურებს. ამ ყველაფრის კომბინაციამ შექმნა ინტერიერის დიზაინი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის დამკვეთის პიროვნულ თვისებებს და ზუსტად გამოხატავს მას.

პროექტის ავტორები:  ქეთი ბიბილეიშვილი, მარი ზურაბიშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Wii Design Studio 

გამოყენებული მასალები: „Bellemaison“

აბაზანის ფილები: „Veneto“, „Bellemaison“

შემრევები: „Bellemaison“, „Maxtherm“

კედლის მოპირკეთება: „Caparol“

განათება:  „Delight“; „Medusa“; 

ავეჯი: „MOGG“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ირაკლი ხარანაული

რა უნდა გავითვალისწინოთ დეკორატიული რადიატორის შერჩევის პროცესში?

5 მარტივი გზა მუდმივად ტრენდული ინტერიერის შესაქმნელად