in

ალუმინის მოძრავი კარი — როგორია მისი მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე?

ალუმინის მოძრავ, ე.წ. სლაიდური სისტემის კარს  ინტერიერში ხშირად ვხვდებით. ის თანამედროვე დიზაინში აქტიურად გამოიყენება, რადგან სივრცეს ბევრად უფრო ეფექტურს, მიმზიდველსა და ვიზუალურად დიდს წარმოაჩენს. ამასთანავე, ამ ტიპის კარი ეფექტური საშუალებაა ოთახებს შორის ზონირებისთვის, როდესაც განსხვავებული ფუნქციური ნაწილების გამოყოფასთან ერთად, სივრცის ერთიანობის შენარჩუნება გვსურს. ალუმინის მოძრავი კარი რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება:

სივრცის დაზოგვა — სლაიდური სისტემის კარი სტანდარტული, გამოსაღები მოდელისგან განსხვავებით, ჰორიზონტალურად მოძრაობს, რის გამოც ოთახში ზედმეტ ადგილს არ იკავებს და სივრცის დაზოგვაში გვეხმარება. ამიტომ ამგვარი ტიპის კარი იდეალური საშუალებაა მცირე ფართობის მქონე სივრცის სრულად ასათვისებლად და ზონების გამოსაყოფად.

ესთეტიკური მიმზიდველობა —  ალუმინის კარის დიზაინი თანამედროვე ელფერს სძენს სივრცეს და გამორჩეულ შტრიხებს ქმნის ინტერიერში. უპირველესად, ის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, სრულად დატკბნენ ექსტერიერის ხედებით და ბუნებასთან კავშირის განცდა შეინარჩუნონ. ასევე, სახლში დიდი რაოდენობით ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს, რაც ნებისმიერ ინტერიერში უდიდეს როლს თამაშობს და ოთახების იზოლირებასთან ერთად, მათი გაერთიანების საშუალებას იძლევა.

გამძლეობა და მარტივი გამოყენება — ალუმინის მოძრავი კარის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მედეგობაა. მასალა სპეციალურად მუშავდება და მტკიცეა ჟანგისა და კოროზიის მიმართ, ხარისხიანი მექანიზმები კი უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ და ეფექტურ მუშაობას, ხოლო საგანგებოდ დამუშავებული მინა დაზიანების რისკებს ამცირებს. ამასთანავე, ამ ტიპის კარი მარტივად იწმინდება, ადვილად ხელმისაწვდომია ყველა მხრიდან და მინიმალურ მოვლას საჭიროებს.

ხმის იზოლაცია — ოთახებს შორის ალუმინის მოძრავი კარი კარგი საშუალებაა ხმის იზოლაციისთვისაც, რაც ხელს უწყობს ხმაურის შემცირებას და ფუნქციურად განსხვავებულ სივრცეებს ერთმანეთისგან ეფექტურად მიჯნავს, რის გამოც თითოეულ ნაწილში სიმყუდროვეს უზრუნველყოფს.

პრაქტიკულობა — როდესაც დიდი ზომის კარის მონტაჟია საჭირო ყველაზე მოსახერხებელი ალუმინის სლაიდური სისტემის მქონე მოდელია, რომელიც განსხვავებით სტანდარტული კარისგან, დიდ წონას უძლებს. მაგალითად, ექსპერტების თანახმად, ჩვეულებრივი პროფილის მქონე გამოსაღები კარის მაქსიმალური წონა 130 კილოა, ალუმინის გასაგორებელი კარის წონა კი  საშუალოდ, 200 კილოგრამიდან იწყება. შესაბამისად, დიდი ფართობის მქონე სივრცეებში უპირატესობა მოძრავი კარის მოდელებს ენიჭება.

ალუმინის სლაიდური სისტემის კარი მონტაჟის სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. დარგის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ მნიშვნელოვანია, იატაკის ზედაპირი იდეალურად სწორი იყოს. საფასადო კარის დროს გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირველად, იატაკის მოჭიმვა შესრულდეს, შემდეგ კი კარი დამონტაჟდეს. ხოლო ოთახებს შორის სლაიდური კარის შემთხვევაში, იატაკის მოპირკეთების შემდგომ ხდება მოდელის ინსტალაცია.

მაქსიმალური სიზუსტის დასაცავად, მოჭიმვის შემდეგ, თხევადი ლურსმნით იფარება ზედაპირი, რათა მილიმეტრიანი უზუსტობაც კი ამოივსოს და იატაკმა იდეალური სისწორე მიიღოს. აღსანიშნავია, რომ თუ იატაკი არ არის მოჭიმული, ამ შემთხვევაში ცენტრალურ ადგილას და კუთხეებში ფიცრის ნაჭრები თავსდება (რომელთა გამოღებაც არ შეიძლება), რათა ზედაპირმა ალუმინის კონსტრუქციას გაუძლოს და დეფორმაცია არ განიცადოს.

დარგის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სლაიდური კარის მონტაჟისას გასათვალისწინებელია ის სივრცე, რომელიც იატაკის მოსაპირკეთებლად არის საჭირო. ალუმინის სლაიდური კარის მოთავსების შემდეგ, მოჭიმული იატაკიდან 1,6-1,7 მმ სიმაღლის ადგილი რჩება, რომელიც პარკეტის, ლამინატისა თუ ფილების დასაგებად არის განკუთვნილი.

რაც შეეხება კედლებს, ზედაპირის მოპირკეთებამდე, სანიშნულ პროფილებში (მაიაკი) უნდა მოთავსდეს ალუმინის კონსტრუქცია, რათა ზუსტად მოერგოს შესაბამის წერტილს. კარის ინსტალაციის მომდევნო ეტაპზე კი კედელი უნდა გაილესოს და არსებული ღიობები ამოივსოს.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, უმჯობესია, ალუმინის კარის სიგანე მინიმუმ 1,80 – 2 მეტრიდან იწყებოდეს, რადგან ბევრად უფრო ეფექტურია და უკეთესად მუშაობს. პატარა კარის შემთხვევაში არის იმის ალბათობა, რომ პროფილმა წონას ვერ გაუძლოს და მალე გაფუჭდეს. კარის სიმაღლის ოპტიმალური ზომა კი დაახლოებით, 2,50 – 3 მეტრია.

მასალის ფასი ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა კარის დიზაინი, შუშის ტიპი (ენერგოეფექტური, ნაწრთობი) და მექანიზმების მოძრაობა (რომელიც საშუალებას იძლევა სლაიდური სისტემის კარის ფრთები გაიღოს ან ერთმანეთში ჩაჯდეს). კარი შედარებით იაფია იმ შემთხვევაში, თუ მისი ერთი მხარე მოძრაობს, მეორე კი უძრავია, ხოლო გაცილებით ძვირი ჯდება ორივე ფრთით მოძრავი მოდელი, რომელიც ერთმანეთში იკეცება. საშუალოდ, მასალის ფასი, 1 მ2-ის გათვალისწინებით, 350 დოლარიდან იწყება (ოთახშორისი კარის შემთხვევაში –  250 დოლარიდან). ამას ემატება მინის ღირებულებაც (ზოგიერთ შემთხვევაში კონსტრუქციის ფასში იგულისხმება), რომელიც დაახლოებით 16 დოლარიდან ივარაუდება (1მ2). ხელობის ფასი კი, 1 მ2-ის მიხედვით, 10-15 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მინიმალისტური სტილის სახლი ოკეანის პირას

კომერციული ინტერიერის დაპროექტების ძირითადი პრინციპები — სტუდია „Hiro Interiors“-ის გზამკვლევი