in

თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა ინდუსტრიულ დიზაინზე – თაზო არუნაშვილის ხედვა

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიების სწრაფი ზრდითა და განვითარებით ხასიათდება, რაც ყველა სფეროს საქმიანობაზეც აისახება. ადამიანთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ტექნოლოგიების გააქტიურებას და მასში გარკვეულ საფრთხეს ხედავს, ნაწილი კი მიესალმება ამ ტენდენციას და  პროგრესს დადებითად აფასებს. ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ ტექნოლოგიების გავლენას, მის  როლს, გლობალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ ფაქტორების ინდუსტრიულ დიზაინზე გავლენას შეეხება. საკითხთან დაკავშირებით, დღევანდელ სტატიაში გთავზობთ ინდუსტრიული დიზაინერის, თაზო არუნაშვილის საინტერესო მოსაზრებებს.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ინდუსტრიული დიზაინის მთავარი დანიშნულება სამომხმარებლო ნივთების, ტრანსპორტის, აქსესუარებისა და ხელოვნური გარემოს შემადგენელი ხელშესახები ნივთების დაპროექტებაა ისე, რომ ამავდროულად, ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყოს ხელი და მათი მოხმარება გაამარტივოს. ეს სფერო აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს არაერთ ფაქტორს, როგორებიცაა — ესთეტიკა, ფუნქცია, საჭიროება, ფასი, პროდუქტის სწორად გადამუშავება და მისი მეორადი გამოყენება.

თაზო არუნაშვილი ტექნოლოგიის განხილვას 3 სხვადასხვა კუთხით გვთავაზობს:

  1. ინდუსტრიული ტექნოლოგიები, რომელშიც მოიაზრება მანქანები, ჩარხები, ძრავები, გემები, ტრანსპორტი.
  2. ციფრული ტექნოლოგიები, რომელიც გულისხმობს კომპიუტერს, ოპერაციულ სისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, აპლიკაციებს, სმარტფონებს, კომპიუტერულ მოწყობილობებს.
  3. საქმის პროდუქტიულად კეთების მეთოდი და სისტემური დალაგება — კვების ტექნოლოგია, თიხის ტექნოლოგია, მასალათა ტექნოლოგია, განათლების ტექნოლოგია.

ტექნოლოგიების სამივე ნაწილი დიდ გავლენას ახდენს დიზაინზე და დიზაინიც, თავის მხრივ, მოქმედებს ტექნოლოგიებზე. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელიც დღითიდღე ვითარდება. მძიმე და მსუბუქი სამრეწველო ტექნოლოგების ბუმი თანამედროვე სამყაროში აღარაა აქტუალური, სამომხმარებლო ტექნიკის უმეტესობა — მატარებელი, რადიო, ავტომობილი, ტელევიზორი, მაცივარი, ელექტრო სანათი, ველოსიპედი, საკერავი მანქანა, თვითმფრინავი, ტანკი და მრავალი სხვა ნივთი მეორე მსოფლიო ომამდე შეიქმნა, შესაბამისად, ექსპონენტური ზრდა შენელდა, მას კი ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ჩაენაცვლა.

თაზო არუნაშვილის მიერ შექმნილი ინფოგრაფიკი

თაზო არუნაშვილი აღნიშნული საკითხით ყველაზე მეტად 2020 წელს დაინტერესდა და რამდენიმე ნაშრომს გაეცნო, რომელთა გამოკვლევების შედეგად დაასკვნა, რომ ტექნოლოგია გლობალიზაციასთან მჭიდრო კავშირშია.

ტექნოლოგია ესაა განვითარება 0-დან 1-მდე, რაც მკვეთრ და ახლებურ ნახტომს გულისხმობს. ხოლო გლობალიზაციის განვითარება/გავრცელება შეიძლება შევაფასოთ, როგორც 1-დან n-მდე (ამ თემას კარგად ხსნის პიტერ თილი, ინვესტორი და ანტრეპრენერი, რომელმაც აღნიშნული აბრევიატურა დაამკვიდრა, მე კი დიზაინის კონტექსტში გადმოვიტანე). ეს უკანასკნელი დამახასიათებელია დღევანდელი მსოფლიოსთვის. გლობალიზაციისაა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირი აისახება დიზაინზეც.” 

ზემოთ თქმულის სადემონსტრაციოდ თაზო მის მიერ შექმნილ ილუსტრაციებს გვთავაზობს, რომლებიც ნათლად აღწერს ტექნოლოგიისა და გლობალიზაციის როლს დიზაინის განვითარებაზე.

თაზო არუნაშვილის მიერ შექმნილი ინფოგრაფიკი
თაზო არუნაშვილის მიერ შექმნილი ინფოგრაფიკი
თაზო არუნაშვილის მიერ შექმნილი ინფოგრაფიკი

თაზოს თანახმად, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ციფრული ტექნოლოგიებისა და დიზაინის ერთმანეთზე გავლენაა. როგორც ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, დიზაინმა დიდწილად ხელი შეუწყო და გაამარტივა მასობრივი წარმოება, პროტოტიპირება, სტანდარტიზაცია, პროდუქტის გაყიდვა და მისი შეძენა.

“მასშტაბური ცვლილებები უკავშირდება XX საუკუნის მიწურულს, როდესაც ინტერნეტი შეიქმნა, მასობრივად გავრცელდა და არაერთი სფეროს პოპულარიზაცია მოახდინა, ხელი შეუწყო იდეების გაცვლასა და გავრცელებას, რასაც მე „ჯვარედინ დამტვერვას“ ვეძახი. ამან, გამოიწვია დიზაინის ფილოსოფიის სხვა მიმართულებით განვითარება. მარტივად რომ ვთქვათ, დიზაინის პროდუქტები „მასობრივი წარმოებიდან მასობრივ პერსონალიზაციაზე“ გადავიდა, დამკვიდრდა ახალი ტერმინები, როგორებიცაა ­­— „ემოციური დიზაინი“ და „მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი”.

ჩემი დაკვირვებით, ის დიზაინერები და დიზაინერთა ჯგუფები, რომლებიც ამ გლობალურ გავლენებსა და ტენდენციებს ორგანულად აჰყვნენ, ადაპტირდნენ ამ პროცესთან, გადარჩნენ, რაც მათ ნამუშევრებზეც აისახა.”

თაზო “ახალ ბუმზეც” საუბრობს, რასაც ხელოვნური ინტელექტის გაჩენასა და ყველა სფეროში გააქტიურებულ ჩატბოტებს უკავშირებს.

“ხელოვნური ინტელექტის გააქტიურებამ გარკვეული შიშები გამოიწვია, რაც დიზაინსა და არქიტექტურასაც შეეხო. თუ დავაკვირდებით, ყოველი ახალი ტექნოლოგიის გამოჩენა და სიახლე გარკვეულ შიშს ჰგვრიდა საზოგადოებს, თუმცა საბოლოოდ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თითოეული მათგანი უადვილებს ადამიანებს შრომას და ამცირებს რუტინულ საქმიანობაზე დროის ხარჯვას. მხაზველთა დიდი გუნდები ჩაანაცვლა გრაფიკულმა პროგრამებმა და მცირე ჯგუფებმა. თავდაპირველად დიდი შიში გამოიწვია Adobe-ს ახალმა პროგრამებმა, მაგრამ ეს შიში მალე გაქრა და ახლა ყველა დიზაინერი და არქიტექტორი იყენებს ფოტოშოპსა და ილუსტრატორს. სიახლე ადამიანის ტვინისთვის საშიშია, დიდი, ექსპონენტური სიახლე კი კიდევ უფრო დიდი შიშის გამომწვევია. ნაცნობი კონტექსტი სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას ბადებს, სიახლე კი გაღიზიანებას და მომართულობას იწვევს. შესაბამისად, თავდაპირველად ელექტრო საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, ავტომობილები თუ კომპიუტერული პროგრამები საშიშად აღიქმებოდა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების მართვა. ვფიქრობ, თუ ინდუსტრიული დიზაინი ციფრული ტექნოლოგიების სიახლეების მართვას შეძლებს, მას თავის სასარგებლოდ  გამოიყენებს და დამხმარე ინსტრუმენტად აქცევს, სასიკეთო შედეგებს მივიღებთ.“

როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 11 მარტივი გზა

#WinningFormula: დიმიტრის მანიკისი ალიანს ჰაილაინის წარმატებული საინვესტიციო მოდელის შესახებ