in

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროეტირების კულტურის ფორმირება საქართველოში – გიორგი გოგავას ხედვა

სივრცე, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ,,მოიხმარენ“ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ ცხოვრების ხარისხს. სრულფასოვანი, კომფორტული, თავისუფალი გარემოს შექმნისათვის ბევრი წინაპირობა არსებობს. სწორედ აქ იბადება შეკითხვა თანამედროვე ბინათწარმოების პირობებში: რამდენად პასუხობს ქართული რეალობა რეალურ მოთხოვნა-მოთხოვნილებებს?

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საცხოვრისის წარმოება დაცლილი იყო ყოველგვარი ნარატიული ინსპირაციისაგან. ცხადია, იმპერია, რომლის ძირითადი მიზანი საკუთარი იდეოლოგიური ამბიციების დაკმაყოფილება იყო, ბევრ დროსა და რესურსს არ ხარჯავდა არქიტექტურული იდეის შემუშავებისას. მეტიც, იგი თავად გახდა საკუთარი გავლენის გაფართოების ერთგვარი იარაღი. ამ იდეოლოგიის წყალობით, პრაქტიკულად, კონტროლირებადი გახდა არა მარტო ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს ფორმირების წესი, არამედ მათი ყოველდღიურობა.

ცენტრალიზებული იმპერიის ბრჭყალებისაგან თავის დაღწევის შემდგომ ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა: ერთ-ერთი მათგანი უკვე არსებული საცხოვრებელი ერთეულების მართვა გახლდათ. ადრეულ წლებში სახელმწიფო თავად აგვარებდა ყველა პრობლემას, რომელიც შენობის ექსპლუატაციის პირობებში გაჩნდა. ახლა კი ეს ყველაფერი მაცხოვრებლებს უნდა გადაეწყვიტათ.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობის შეგრძნება, ამგვარი პროცესები უმტკივნეულოდ არ წარიმართება. კოლექტიური პასუხისმგებლობა კი ამგვარი ცხოვრების ტიპოლოგიის ძირითადი ფუნდამენტია. ზემოაღნიშნულის გაუაზრებლობა დღემდე უზარმაზარი პრობლემაა ახალაშენებული თუ ძველი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სწორად ექსპლუატაციის გზაზე. უკვე ცხადია პირველი საჭიროება – საზოგადოების მიერ საკუთარი და მის მიღმა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაუაზრებლობა.

მეორე საჭიროება, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე წელში გაჩნდა, ახალი საცხოვრისის წარმოებაა, რაც ზემოაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, ასევე იმ პერიოდში არსებული გამოწვევების გამო, ძალიან რთული პროცესი გახლდათ.

XX საუკუნის ბოლოს წარმოებული არქიტექტურული პროდუქციის განხილვისას ბევრი საინტერესო რამ შეიძლება აღმოვაჩინოთ. სირთულეები, რომლებიც სისტემატიზირებული ქსელიდან თავისუფალ საბაზრო მოდელზე გადასვლას მოჰყვა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ქართულ რეალობაში გაჩნდა რიგი გარემოებები, რომლებსაც აქამდე არ უარსებია. აუცილებელი გახდა ისეთი არქიტექტურის წარმოება, რომელიც კონკურენციას გაუწვდა იმავე მარკეტ ეკონომიკური წესრიგით ნაწარმოებ შენობებს. ამასთანავე, მრავალწლიანი შეზღუდვების შემდგომ, ქართველ არქიტექტორებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი შემოქმედებითი იდეოლოგია მოურიდებლად მოესინჯათ რეალობაში. თავისუფლება რთულად მოიპოვება და უფრო რთული მისი სწორად გამოყენებაა. ჟან პაულ სარტრის ამბობს: ,,ადამიანი დაწყევლილია იყოს თავისუფალი“. ავტორი იმის წარმოჩენას ცდილობდა, თუ რამდენად რთულია სწორად გაიგო თავისუფლების მთელი სერიოზულობა და შენი როლი ამ მოცემულობის შექმნასა და მის განვითარებაში.

თავისუფალი ბაზრის გაჩენის პირობებში ჩვენ მივიღეთ რეალობა, სადაც ახლად დაბადებული ცნება ,,დეველოპმენტი“ გახდა ძირითადი იდეოლოგიის მკარნახებელი. ამ მოცემულობაში არქიტექტურის წარმოების ძველი მოდელი აღარ იყო რელევანტური, თუმცა ახლის არარსებობის პირობებში, ხშირ შემთხვევაში, ძირითადი შთაგონება სწორედ კარგად ჩვეული იდეოლოგიიდან მოდიოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის შემდგომ საცხოვრებლის წარმოების კულტურამ უზარმაზარი ევოლუცია განიცადა. საუბარია მის კულტუროლოგიურ ფორმასა და შინაგან დრამატურგიაზე.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მოიაზრებს ფართის ვერტიკალურად ათვისების კლასიკურ მოდელს, თუმცა საბოლოო პროდუქტის შექმნისათვის საჭიროა სხვა სახის კონტრიბუციებიც. არსებობს მრავალგვარი სცენოგრაფია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო მასშტაბით ურბანიზაციის პროცესები პიკს აღწევს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, იდეოლოგიურად ამგვარი ცხოვრების მოდელი მოიცავს იდენტური გეგმის თანასიმრავლეს, თუმცა ვიზუალურ ერთფეროვნებასთან საბრძოლველად მრავალი მეთოდოლოგია არსებობს, რომელთა უმრავლესობაც საბჭოთა კავშირში ყოფნის ჟამს და დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ვერ ხორციელდებოდა მატერიალური რესურსების არარსებობის გამო.

ბოლო წლებში ქართულ რეალობაში გამოჩნდა გარკვეული პრეცედენტები, რომლებიც რეალურად ახერხებენ ამ ერთფეროვნების დაძლევას. საცხოვრისის ევოლუციამ მნიშვნელოვანი გზა გაიარა სტერილური ერთფეროვნებიდან კიჩისტური ნიმუშების შექმნის ზღვრამდე. ბოლო წლებში შეიქმნა კონკრეტული ნაშენები, რომლებიც ღირსეულად პასუხობენ მრავალბინიანი საცხოვრებლის იდეოლოგიას და ამავდროულად, ცდილობენ, იყვნენ არაერთფეროვანნი.

დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ქართულ ბინათმშენებლობის კულტურას ჯერაც არ აქვს ჩამოყალიბებული სახე და იდეოლოგია, რაც სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი წინაპირობაა უხარისხო საცხოვრებელი გარემოს ფორმირების გზაზე.

ტექსტის ავტორი: გიორგი გოგავა

თუნუქის სახურავი — ყველაფერი, რაც გადახურვის ამ მეთოდზე უნდა იცოდეთ

რემონტის გამოცდილება: მარიამ ბოჭორიშვილის რჩევები