in

ლოფტის სტილის სახლი ყოფილი სამლოცველოს შენობაში

Banner M2
Banner M2

ეს ბინა ნიდერლანდებში მდებარეობს და მის მთავარ ხიბლს მშვენიერი თაღოვანი ფანჯრები და წარმოუდგენელი სიმაღლის ჭერი ქმნის, რომლის შეხედვისთანავე ნათელია, რომ ეს პროექტი ჩვეულებრივი საცხოვრებელი არ გახლავთ. მართლაც, შენობა XVII საუკუნეში აგებულ სამლოცველოს წარმოადგენს, რომელსაც ახალი სიცოცხლე ახლახანს მიეცა და გადაკეთდა, როგორც კერძო საცხოვრებელი ღია კონცეფციითა და ფუნქციური ზონებით.

პროექტი ლოფტის სტილშია მოწყობილი, სადაც მთავარი აქცენტი, როგორც წესი, უზარმაზარ სივრცეზე და ჰაეროვნებაზე კეთდება. ამ პრინციპებს ყველაზე უკეთ ერგება მისაღების ნაწილი, სადაც დიდი რაოდენობით ვხვდებით თანამედროვე ავეჯსა და ლითონის დეტალებს. საცხოვრებლის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს ხის იატაკიც, რომელიც ასევე ხის კიბესთან არის შეხამებული და სახლში ბუნებრივ შეგრძნებას აღვიძებს. ავეჯი მუქი ფერისაა, რაც ელეგანტურ და დახვეწილ სტილს ქმნის.

სამზარეულო მისაღებიდან რამდენიმე საფეხურით ქვემოთ არის მოწყობილი და აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნიკით. სადა ფერები სივრცეს მინიმალისტურ იერს უქმნის, რის ხარჯზეც ეს ზონა ძალიან მოწესრიგებული და ფუნქციური ჩანს. აღსანიშნავია, რომ მისაღებისგან განსხვავებით, ამ ნაწილში იატაკის საფარის სახით კერამიკული ფილებია გამოყენებული, რომელიც ავეჯისა და ტექნიკის ფერებთან არის შეხამებული.

საძინებელი შედარებით განსხვავებული სტილისაა, რადგან აქ დამატებით ლურჯ ტონალობებს ვხვდებით. დიდი ფანჯრების სიმრავლის გამო, ოთახი ძალიან ვრცელი და ნათელია და მდიდარია მზის ბუნებრივი სინათლით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჭერი, რომლის წყალობით ოთახი სხვენის ტიპის სივრცეს მოგვაგონებს.

რაც შეეხება აბაზანას, ის ძალიან სადა და მინიმალისტურია. ფერების სახით ვხვდებით ნაცრისფერი ტონების სიმრავლეს. აღსანიშნავია, რომ ლოფტის სტილს ახასიათებს სადა მინიმალიზმი და მცირე რაოდენობით დეკორაციები, რაც სახლის ამ ნაწილში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული.

მთლიანობაში სახლი საკმაოდ დიდი და ნათელია. სივრცეები ფუნქციურობასა და კომფორტზეა ორიენტირებული, კედლების არარსებობა კი ისედაც დიდ შენობას კიდევ უფრო ადიდებს. ავეჯი ისეა განაწილებული, რომ მთავარი აქცენტი მოწესრიგებულ, მშვიდ ინტერიერზე კეთდება, სადაც შესაძლებელია კომფორტულად დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარება.

10 ადგილი თბილისში, სადაც ბალახის საჭრელ აპარატს შეიძენთ

როგორ მოვუაროთ შავ ფილებს? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა