in

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი — ირაკლი ჟვანიას ხედვა

Alliance Group
Alliance Group

ირაკლი ჟვანია არქიტექტორი, ურბანისტი და ქალაქმგეგმარებელია. მის პროექტებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გარემოსა და ნაგებობის, ლანდშაფტისა და არქიტექტურის ჰარმონიულ კავშირს. თვლის, რომ არქიტექტურული ნამუშევარი გარემოს ორგანული გაგრძელება უნდა იყოს, ამიტომ ის აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს კონტექსტს. არქიტექტურული ობიექტი კი მნახველს არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, არამედ გარემოში გონივრულ ადგილს იკავებდეს და მას ერწყმოდეს. დღევანდელ სტატიაში ირაკლი ჟვანია ქართული არქიტექტურიდან თავის რჩეულ სამ შენობას გვიზიარებს და მათ შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

დინამო არენა

ირაკლი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „სტალინური ამპირის“ სტილში შესრულებული ძველი სტადიონი არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით იყო შესრულებული.  ახალ პროექტში მან გია ქურდიანთან და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილთან ერთად, სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ენით ახალი კონცეფციის მატარებელი ნაგებობა შექმნა, რომელიც დღემდე აღაფრთოვანებს მნახველს.

„თბილისში ჩემთვის გამორჩეული ნაგებობა დინამოს სტადიონია, რომელიც ქართული მოდერნიზმის საინტერესო ნიმუშია. მას ალბათ ბრუტალისტური არქიტექტურაც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან  ტერმინი „ბეტონ ბრუტ“, ფრანგულად სუფთა ბეტონს ნიშნავს და ისეთ შენობებს ეწოდება, რომლებიც მოუპირკეთებელი ბეტონით არის ნაგები. პროექტი ამავდროულად სტრუქტურული ფუნქციონალიზმის გამომხატველია, რადგან გარეგანი კონსტრუქცია ნაგებობის დანიშნულებაზე მიუთითებს  — ბეტონის მძლავრ საყრდენებს უჭირავს მნახველის თავზე გადმოკიდებული საფეხურეობრივი ტრიბუნები. ეს ყველაფერი შეუნიღბავი და მოუპირკეთებელია, თან იმგვარად გადაწყვეტილი, რომ უზარმაზარი სტადიონი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და საოცრად ჰაეროვანი, მაღლა ატყორცნილი ჩანს. ასეთი ძლიერი ეფექტი კიდევ უფრო ამძაფრებს სტადიონზე მოსულთა სპორტული დაპირისპირებით გამოწვეულ ემოციებს. ჩემის აზრით, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული რეაბილიტაციისას გამოყენებული სამშენებლო მეთოდები ზოგჯერ აცდენილია ნაგებობის ავთენტიკურობასთან“.

ჭადრაკის სასახლე

თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა ვერის პარკში 1973 წელს გაიხსნა. პროექტის ავტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური არიან.  მიუხედავად იმისა, რომ შენობის გახსნის დღიდან ალპური კლუბიც არის განთავსებული, მას „ჭადრაკის სასახლედ“ მოიხსენიებენ.  2019 წელს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.

„ძალიან მიყვარს ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლის შენობა, რომელიც ვფიქრობ, მოდერნიზმის საუკეთესო ძეგლია. არქიტექტორებმა, ლადო ალექსი მესხიშვილმა და გ. ღუდუშაურმა საპარკო გარემოში უაღრესად კორექტულად ჩასმული მოცულობა შექმნეს, რომლის პირველი სართულიც,  მთავარი შესასვლელის მხრიდან, პარკის ხეივნის სიბრტყის ნაწილად აღიქმება. წრიული შემინვა მას მსუბუქად და ლანდშაფტთან შერწყმულად წარმოაჩენს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ერთმანეთის გაგრძელებაა. პარკში შენობა შეუმჩნეველია, მასთან არის შეზრდილი. შიდა სივრცეში კი სიმწვანეში ყოფნის განცდა არ გტოვებს“, — ამბობს ირაკლი ჟვანია.

თბილისის საკრებულოს შენობა

თბილისის საკრებულოს ადგილას XIX საუკუნის 40-იან წლებში საქალაქო პოლიციის შენობა იდგა, რომელიც სრულად შეცვალეს და გადააკეთეს. საბოლოო სახე ნაგებობამ 1912 წელს მიიღო და მან დღემდე უცვლელად მოაღწია (მას მხოლოდ მცირე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა). პროექტის გეგმარება თბილისში მოღვაწე რუს არქიტექტორს, ალექსანდრე ოზოროვს ეკუთვნის, ფასადის ავტორად კი გერმანელი არქიტექტორი, პაულ შტერნი სახელდება.

ჩვენი რესპონდენტი ხაზს უსვამს შენობის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას და მას დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა შერწყმის საინტერესო გამოვლინებად მიიჩნევს.

„თბილისის საკრებულოს შენობა ჩემთვის ქალაქის მთავარი ნაგებობაა, არა მისი დანიშნულების გამო, არამედ იმიტომ, რომ ის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ცენტრალური და დომინანტური მოცულობაა, რაც მის ფუნქციასაც შეესაბამება. შენობა მე-19 საუკუნით თარიღდება, თუმცა რამდენჯერმე გადაკეთდა. მისი დღევანდელი ფასადის ავტორი გერმანელი არქიტექტორი – პაულ შტერნია. მან შენობის ფასადი კლასიცისტურ სტილში შეასრულა და მას ფსევდო-მავრიტანული ელემენტებიც დაურთო. როგორც ჩანს, მან ასე გადმოთარგმნა თბილისის არქიტექტურაში ორი სამყაროს შეხვედრა — ევროპისა და ისლამური სამყაროს კულტურული ურთიერთგავლენა. ამ თვისებების გამო, ნაგებობა ცალსახად თბილისის არქიტექტურული სიმბოლოა, რომელიც მის ისტორიასა და ხასიათს გადმოსცემს“.

ირაკლი ჟვანია ყურადღებას ამახვილებს შენობის მიმდებარე განაშენიანებაზეც და ირგვლივ არსებული ნაგებობების მასშტაბებს უარყოფითად აფასებს, რადგან მისი აზრით, ეს სურათი საკრებულოს შენობის პროპორციებს არღვევს და მის ღირებულებას აკნინებს.

„სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისუფლების მოედანზე აშენებული შენობების გაბარიტები იმდენად დიდია, რომ გაქრა მოედნის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებული სიმაღლის ხაზი და შეიცვალა განაშენიანების რიტმი. მათთან შედარებით, საკრებულოს შენობის პროპორციები და დომინანტობა შემცირდა, მოედნის მასშტაბი და ანსამბლურობა კი სრულად დაირღვა“, — აღნიშნავს ირაკლი ჟვანია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა განსხვავებაა იატაკის მოხვეწის გერმანულ და რუსულ აპარატებს შორის?

მწვანეში ჩაფლული ბრაზილიური რეზიდენცია