2024 წლის მილანის დიზაინ კვირეულზე „იდააფ არქიტექტორები“ ხის შავ ტექსტურიან ტაბურეტს და ტერაონიქსის ქვის კონსოლს წარადგენს კოლექცია „ელემენტი“-დან. ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით „WE WERE HERE“ დიზაინერები — Joris Verstrepen და Jiin Yoon კურატორობენ და მასზე წარმოდგენილი იქნება საკოლექციო ავეჯისა და ნივთების საინტერესო სელექცია შესრულებული ბუნებრივი მასალებისა და სკულპტურული ფორმების მძაფრი აქცენტებით.
გამოფენა 15 აპრილს, 11:00-ზე გაიხსნება და მისი მონახულება 21 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ხის შავი ტექსტურიანი ტაბურეტი — ქართული ოდა სახლისა და არქიტექტორ გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტის“ გავლენით შეიქმნა. აღნიშნული მოდელი, რომელიც სხვადასხვა ფუნქციის მქონე ავეჯის კოლექციაში (“ელემენტი”) ერთიანდება, განსხვავებულ ვარიაციებს ქმნის, მუდმივად განახლებადი სახე აქვს და ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას იძლევა. ავეჯის მოდიფიცირებული ზომების აწყობა და დაშლა სპეციალური სამაგრებს გარეშე კი საკმაოდ მარტივია.
ტერაონიქსის ქვის კონსოლი — ტერაონიქსისგან დამზადებული მოდელია, რომლის დაბალანსებული ფერი და ჰაეროვანი, დამუშავებული ტექსტურა ნივთის მინიმალისტურ ხასიათს განსაზღვრავს. კონსოლი “ელემენტის” კოლექციის ერთ-ერთი მოდელია, რომელიც ქართული ოდა სახლისა და გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტის“ გავლენით შეიქმნა. ის განკუთვნილია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებისთვის. მარტივია მისი აწყობა/დაშლა და სპეციალურ სამაგრებს არ საჭიროებს.