in

გულწრფელი ემოციითა და ფერთა მრავალფეროვნებით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ დოდოშკა ჩხეიძესთან

დოდოშკა ჩხეიძე  დიზაინერია, რომლის შემოქმედება ინტერიერის დიზაინის გარდა, სხვადასხვა სახის ინსტალაციებსა და დეკორაციებს აერთიანებს. ის სტუდია “DODO Designs“-ის დამფუძნებელია, რომელიც ქართულ ბაზარზე ფერადი და მრავალგვარი დიზაინ ნამუშევრებით ხასიათდება. საინტერესოა, რომ ჩვენი რესპონდენტი გარდა დიზაინისა, თეატრის მხატვრობითა და ფოტოხელოვნებითაც იყო გატაცებული და არაერთ კომპანიასთან თუ სარეკლამო სააგენტოსთან თანამშრომლობდა ამ მიმართულებით. როგორც დიზაინერი გვიყვება, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფანტაზიის გაღვიძებაში დიდი როლი მის ოჯახს მიუძღვის, რომელმაც ის პატარა ასაკიდანვე აზიარა ხელოვნების სიყვარულს და სილამაზის შეგრძნება, მისი დაფასება ასწავლა, ამგვარად კი  შესაძლებლობა მისცა საინტერესო ბავშვობა ჰქონოდა.  ესთეტიკური საგნებისადმი მისმა დიდმა ინტერესმა მრავალფეროვანი და თავისუფალი გემოვნება ჩამოუყალიბა, რაც დიზაინერის ნამუშევრებზეც აისახა. დღევანდელ სტატიაში დოდოშკა ჩხეიძე  შემოქმედებით პროცესზე, მუშაობის პრინციპებსა და ქართულ დიზაინ სივრცეზე გვიყვება და თავის განვლილ პროფესიულ თუ ცხოვრებისეულ გზას გვიზიარებს.

როგორ გახსოვთ ბავშვობის პერიოდი? რა მოგონებებთან არის დაკავშირებული ის თქვენთვის? 

მიყვარს ჩემი ბავშვობა. კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ პერიოდთან. დიდი სიყვარული ტრიალებდა ჩემს ოჯახში, ნათესავებსა და მეგობრებში, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობდი. სკოლაში ყველა წრეზე დავდიოდი, მაინტერესებდა ხელოვნების სხვადასხვა დარგი, სპორტი, ვუსმენდი მუსიკას ფირფიტებზე. დედაჩემი ქარგავდა, კერავდა, ქსოვდა. თუ დამჭირდებოდა, დამიხატავდა, დამიხაზავდა, ტორტს გამომიცხობდა და მომირთავდა ლამაზად… სახლი მუდმივად მოწესრიგებული იყო, ფრაგმენტებად მახსოვს ლამაზი ნივთები, ინტერიერის დეტალები, რომლებსაც დედა აგროვებდა – მუსიკა, ლამაზი ნაძვის ხის სათამაშოები…

საკმაოდ პატარა ასაკიდან დავდიოდი ოპერაში. მახსოვს,  ანტრაქტების დროს ყველა სართულს როგორ მოვირბენდი და კულისებში შეხედვას ვცდილობდი. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი დამოკიდებულება ნივთების და ზოგადად, ესთეტიკის მიმართ. სწორედ ბავშვობის დამსახურებაა, რომ არცერთ კონკრეტულ სტილს არ ვანიჭებ უპირატესობას და ყველა ეპოქა ლამაზი და საინტერესო მეჩვენება.

როდის დაინტერესდით თქვენი პროფესიით?  

ოჯახის აბსოლუტურად ყველა წევრი ექიმია, მეც ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ამ პროფესიით. თუმცა, ყოველთვის დავდიოდი ხატვის, ძერწვის, ხელოვნების ისტორიის წრეებზე და ფოტოხელოვნების კურსზე. რამდენიმე წელი გავატარე თეატრ-სახელოსნო „ჯიბის თეატრში“, სადაც სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას. ძალიან მიყვარდა თეატრში სიარული და დეკორაციებზე დაკვირვება. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ 16 წლის ასაკში, ექიმობის ნაცვლად, თეატრის მხატვრობა გადავწყვიტე და შემდეგ შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში, თეატრის მხატვრობაზე ჩავაბარე.

რა ნაბიჯებმა განაპირობა თქვენი ამჟამინდელი პროფესიული მდგომარეობა ?  

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც ახალ გახსნილ სარეკლამო სააგენტო „ვინდფორსში“ შევუერთდი ოთხ-კაციან გუნდს, როგორც ვიდეორგოლების კოსტუმების და დამდგმელი მხატვარი.

ამას მოჰყვა რამდენიმე სპექტაკლის გაფორმება და სხვა სარეკლამო სააგენტოებთან თუ კინორეჟისორებთან თანამშრომლობა. პარალელურად ინტერიერის მოწყობაში ვეხმარებოდი მეგობრებს და ვიტრინებს ვაფორმებდი. თანდათანობით ამ მიმართულებით პროექტების რიცხვი და მასშტაბი გაიზარდა. საბოლოოდ, ჩემს დასთან, თაკო ჩხეიძესთან ერთად, საკუთარი სტუდია დავაარსე. 13 წლიანი ძალიან აქტიური მუშაობის შემდეგ, გადაღებებზე უარი ვთქვი და უფრო მეტად ინტერიერის დიზაინზე და სხვადასხვა სახის დეკორაციის შექმნაზე გადავერთე.

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს? როგორია თქვენი დიზაინ ფილოსოფია?

მე მჯერა მხოლოდ გულწრფელად გაკეთებული საქმის. არ ვაქცევ ყურადღებას ტენდენციებს. შესაძლოა მომეწონოს და გამოვიყენო ჩემს პროექტებში ის, რაც იმ პერიოდში აქტუალურია ან ახალი ტექნოლოგიაა, მაგრამ ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ მომწონს. არასდროს მოვერიდები და აუცილებლად გამოვიყენებ სხვა ბევრ არაპოპულარულ თუ “მოძველებულ” ელემენტსაც, რომელიც მგონია, რომ კონკრეტულ მოცემულობას უხდება და კომფორტულია, შესაბამისად, არასდროს ვიზღუდავ თავს და ჩარჩოებში არ ვექცევი.

მუშაობისას ვცდილობ, კარგად გავაანალიზო ყველა დეტალის ერთობლიობა, ბევრი ელემენტი ერთმანეთს დავუკავშირო, რათა ერთი შეხედვით უხილავი ჰარმონია შეიქმნას გარემოში. ვცდილობ, არ შევცვალო თავდაპირველი წარმოდგენა, პროექტთან დაკავშირებული პირველი იდეა, რადგან გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ყველაზე მეტად ეს ვერსია ამართლებს და არა ძალიან ბევრი ფიქრით მოსული შედეგი. როგორც ამბობენ, ჩემი დიზაინები გამოირჩევა ბევრი ფერის გამოყენებით და სიჭრელით. ზოგადად, ძალიან ხშირად ვხმარობ ჭადრაკის პატერნს, გულებს და მთვარეებს.

ვისაუბროთ უფრო დეტალურად კონცეფციის შექმნის პროცესზე, როგორ იბადება იდეა?

იდეა შეიძლება ნებისმიერი რამიდან გამიჩნდეს. ხშირად ვერც ვიაზრებ, საიდან ვიღებ შთაგონებას. ყველა მიღებული ინფორმაცია თუ ემოცია, რომელიც დალექილია ტვინში, სხვადასხვა პროექტის დროს მეხმარება, ვიზუალურად წარმოვიდგინო ნამუშევარი და მისი ხასიათი. როდესაც ახალი პროექტის შესახებ ვიგებ, იმ მომენტშივე წარმოვიდგენ შედეგს. ხანდახან ეს ძალიან ცხადია ხოლმე და აუცილებლად ამართლებს. ხანდახან უბრალოდ მიმართულებას მაძლევს, რომელსაც მივყვები. რთული და საინტერესო მაშინაა, როდესაც ვიზუალური წარმოდგენა მიჭირს და მიწევს ფიქრი იმ დეტალებზე, რომელსაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია, ეს დეტალი კი შესაძლოა უბრალო ნივთი ან მუსიკალური ნაწარმოები იყოს, რომელიც კონცეფციის შექმნაში მეხმარება.

SKA. ფოტო – ლუიზა ჩალათაშვილი

თქვენ აქტიურად მუშაობთ დეკორაციებსა და სხვადასხვა ტიპის ინსტალაციებზე. როგორია მუშაობის პრინციპი ამ შემთხვევაში? რამდენად განსხვავდება ეს მიმართულება ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესისგან? 

ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მიმართულებაა, რადგან ამ შემთხვევაში ობიექტს ფუნქცია არ აქვს, არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანს, რომლის ხასიათსაც უნდა მოერგო და გაითვალისწინო მისი ჩვევები თუ სურვილები. ამ დროს არ ვფიქრობ მდგრადობაზე, მასალებშიც არ ვარ შეზღუდული. შესაბამისად, ბევრად მეტი ფანტაზიის გამოხატვის საშუალება მაქვს და ძალიან სასიამოვნოა ამ მხრივ მუშაობა.

ნაძვის ხე საშობაო სოფლის ტერიტორიაზე

საინტერესოა, რომელ თქვენს ნამუშევრებს გამოარჩევდით? 

პირველ რიგში, მახსენდება „ლიბერთი ბანკისთვის“ გაკეთებული საახალწლო დეკორაცია მრგვალ ბაღში – 6 მეტრიანი მანათობელი მთვარე, რომელზე მუშაობაც საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო. ასევე გამოვყოფდი „გალერია თბილისის“ ვიტრინაში ვარდისფერი გულის ფორმის ინსტალაციას. გამოვარჩევდი ყვავილების გასაყიდ პავილიონებს ორბელიანზე, „ჭრებალოს მარანს“, „ქროსთის“ მაღაზიას, რამდენიმე „სკას“ ობიექტს და 2024 წლის ნაძვის ხეს საშობაო სოფლის ტერიტორიაზე, პრეზიდენტის სასახლესთან.

ვისაუბროთ ქართულ არქიტექტურასა და დიზაინის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ დარგის განსავითარებლად? 

ვფიქრობ, არქიტექტურა საკმაოდ განვითარებულია და მაღალი ნიშა უჭირავს, რაც თანამედროვე არქიტექტურული სტუდიების დამსახურებაა. გამოწვევა დიზაინერებისთვის ის ფაქტორი მგონია, რომ მწირი არჩევანია მასალის, ავეჯისა თუ განათების ელემენტების მიმართულებით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, რომ დიზაინის მნიშვნელობის დამტკიცება და ახსნა გვჭირდება. მგონია, ჩვენთან სათანადოდ არ ფასობს ეს საქმიანობა. მითუმეტეს, არ არის აღიარებული ეს პროფესია, როგორც შემოქმედება, თუმცა განვითარების და პროგრესის გზაზე დგას, რაც მისასალმებელია.

დიზაინის განსავითარებლად, პირველ რიგში, უკეთესი ეკონომიკური და საგანმანათლებლო მდგომარეობა გვჭირდება იმისთვის, რომ დიზაინერსაც მეტი განათლების და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. ასევე, მასალების და სხვა ყველა საჭირო ნივთის დიდი არჩევანი უნდა იყოს ბაზარზე, რათა მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო სივრცეები მივიღოთ.

თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ქართული დიზაინი და ადგილობრივი პროექტები მსოფლიო სტანდარტებს, მიდგომებსა და ტენდენციებს? 

ყველა ვთანხმდებით, რომ ნიჭი და ესთეტიკის შეგრძნება ქართველ ერს გენეტიკურად თან გვდევს. შთაგონების მიღებაც არაერთი გზით შეიძლება  — ქართული მუსიკით, ბუნებით, მხატვრობითა თუ არქიტექტურით. მხოლოდ ფიროსმანის მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ გავიაზროთ, გარემო ფაქტორები ხელს ვერ შეუშლის შემოქმედებას. ვისურვებდი, დამკვეთმაც და დიზაინერმაც ინტუიციით და შეგრძნებით გააკეთოს არჩევანი და არა სხვისი აზრის გათვალისწინებით. ვგულისხმობ იმას, რომ ზოგადად ყველა მხრივ ხელს გვიშლის “სხვა რას იტყვის”  მიხედვით ქმედება და არა საკუთარი სურვილითა თუ აზრით. უფრო განათლების და თავისუფალი აზროვნების ნაწილში ვხედავ შეფერხებას, ვიდრე ნიჭში და შემოქმედების ხარისხში. ახალ თაობას რომ ვაკვირდები ნელ-ნელა აუცილებლად მივალთ საუკეთესო შედეგამდე.

საქართველოში ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა მზარდია, როგორ ფიქრობთ, რამდენად ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ თავად დიზაინერები დამკვეთებს?

ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში დიზაინერის ფუნქცია მეტად ფასობს კერძო პირებსა და კომპანიებში, რაც ცხადია, მომსახურების ხარისხით და შედეგის შეფასებით არის განპირობებული. ვისურვებდი, ბევრად დიდ მასშტაბზე გავიდეს პროფესიონალი და გემოვნებიანი დიზაინერების ნამუშევრები. ამ ეტაპზე განსაკუთრებით ისეთ ობიექტებზე ვინატრებდი კარგი დიზაინერების ჩართულობას, რომლებიც ქალაქების იერსახეს აფუჭებს და აზიანებს.

დაბოლოს, გაგვიზიარეთ თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე, ჩვენს სტუდიაში ახალი პროდუქტის დამატებაზე ვმუშაობთ და ცხადია, ვაგრძელებთ ინტერიერების, ინსტალაციებისა თუ ვიტრინების მიმართულებით საქმიანობას. გვაქვს რამდენიმე ბინის პროექტი, „სმარტისა“ და „ზუმერის“ მაღაზიათა ქსელების ინტერიერები, 12 სართულიანი აპარტოტელის პროექტი, „დელფოსის“ მაღაზიის ვიტრინა, ღვინის ბარის დიზაინი ქალაქ ჰელსინკიში და „სკას“ ინტერიერები პრაღაში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სკანდინავიური სტილის სამზარეულო – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

„სოციალური სივრცე“ — გამორჩეული ექსტერიერის მქონე მრავალფუნქციური ადგილი შეკვეთილში