in

ხის მასალითა და თეთრი ფერის ელემენტებით შექმნილი ბინა მთაწმინდაზე — „TIMM Architecture“-ის ნამუშევარი

TIMM Architecture“-ის ახალი ნამუშევარი მთაწმინდის რაიონში, თბილისის ისტორიულ უბანში, მე-19 საუკუნის ძველ შენობაში მდებარეობს. საპროექტო დავალება გულისხმობდა ისტორიული შენობის სხვენის საცხოვრებელ ადგილად გადაკეთებას ისე, რომ შიდა სივრცეში ლანდშაფტის სრულყოფილი აღქმა და სიმყუდროვე შენარჩუნებულიყო.

აღსანიშნავია,  რომ სხვენის მეპატრონე, მე-19 საუკუნის სახლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის შთამომავალია, რომელიც განსაკუთრებით აფასებს ისტორიულ ელემენტებს და სამშენებლო დეტალების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს, რაც პროექტის კონცეფციაზეც აისახა.

ინტერიერი თვალწარმტაცი ქალაქის ხედებითა და მთაწმინდის შთაგონებით შეიქმნა, რაც ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის პეიზაჟებს მოგვაგონებს. მთავარი აქცენტი კი შემოსასვლელ სივრცეზე, მისაღებსა და სასადილო ოთახზე გაკეთდა.

საცხოვრებელში დომინირებს თეთრი ფერის პალიტრა, რომელიც მნახველის ყურადღებას მთავარი წერტილებისკენ ­— ხით მოპირკეთებული ელემენტებისკენ მიმართავს. ხის მასალა გვხვდება შენობის ფასადზეც, რაც გარე და შიდა ზონების მთლიანობასა და ჰარმონიულ კავშირს უზრუნველყოფს.

პროექტზე მუშაობის დროს მთავარი გამოწვევა კიბის ჩანართის მოპირკეთება და საცხოვრებელ სივრცესთან მისი ინტეგრაცია აღმოჩნდა. სასურველი შედეგის მისაღწევად, კიბეზე მოეწყო პერფორირებული ფოლადის კედელი, რომელმაც სივრცის სიმსუბუქეს გაუსვა ხაზი და მას მინიმალისტური, თანამედროვე ესთეტიკა შემატა.

შემოსასვლელი ზონა სადა დიზაინით ხასიათდება, რომელშიც ხის იატაკის საფარს თეთრი ტონალობა ორგანულად ერწყმის. ხოლო კედელზე დატანილი ოვალური ფორმის სარკე სივრცეს ვიზუალურად ზრდის.

მისაღები ოთახი თანამედროვე კონცეფციის გამომხატველია და მაცხოვრებლებს დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალურ პირობებს სთავაზობს. მე-20 საუკუნისგან განსხვავებით, რა დროსაც მისაღების მთავარი დანიშნულება სტუმრების მიღება იყო, 21-ე საუკუნეში უპირატესობა მიენიჭა თავად მაცხოვრებლის კომფორტსა და კეთილდღეობას. ამიტომ აღნიშნული ოთახიც ამგვარი მიმართულებით განვითარდა და მაქსიმალურად ნეიტრალური, მსუბუქი, მოსახერხებელი სივრცე შეიქმნა, რომელშიც კონტრასტის სახით ნაცრისფერი ტახტი გვხვდება.

სასადილო სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ზონაა, რომელიც სამზარეულოსთან ერთიანდება და ღია გეგმარებით ხასიათდება. სამზარეულოს მცირე ფართი უჭირავს, თუმცა საკმაოდ კომპაქტური, ფუნქციურია და მოსახერხებელ სივრცეს ქმნის.

სამზარეულოს ნაწილი და სასადილოს ზონა მთლიანად ხით არის მოპირკეთებული. ხის მასალა გვხვდება კედლებზე, ჭერზე, იატაკსა და ავეჯზე. ეს არის ის მთავარი ელემენტი, რაც ამ სივრცეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. მიმზიდველი ელემენტია ხის მასიური სასადილო მაგიდაც, რომელიც  „TIMM Architecture“-ის დიზაინით არის დამზადებული. ყურადღებას იქცევს მთელს კედელზე დამონტაჟებული დიდი ხის ვიტრაჟი, რომელიც ნახატის ჩარჩოს ილუზიას ქმნის. ხოლო ფანჯარასთან მოწყობილია ხის დასაჯდომი სივრცე მეტი მყუდროებისა და თბილი ატმოსფეროს შემოსატანად.

ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარე „TIMM Architecture“-ის პროექტი წარმოადგენს თანამედროვე კონცეფციის საცხოვრებელს, რომელშიც წამყვან როლს ხის მასალა და დომინანტური თეთრი ფერი თამაშობს. პროექტის ავტორებმა მოახერხეს ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელიც მყუდრო და ესთეტიკურად მიმზიდველ გარემოს ქმნის მაცხოვრებლებისთვის და ამასთანავე, შენობის ირგვლივ არსებულ გარემოსთან კავშირს ინარჩუნებს.

პროექტის ავტორები: ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, ირინა კარლიკოვა

არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია: „TIMM Architecture

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

ინტერიერი “ხასიათით” – რამდენიმე შთამაგონებელი იდეა თქვენი საოცნებო სახლისთვის

უძველესი ისტორიის თანამედროვეობასთან შერწყმა – KSR-სა და Clifton Interiors-ის პროექტი