Zaha Hadid Architects-ისთვის ეს არ არის პირველი მუზეუმის პროექტი, მაგრამ ქრონფლათსის (Kronplatz) მთის თავზე, ზღვის დონიდან 2330 მეტრის სიმაღლეზე, მთაში შეჭრილი მუზეუმის შენობის პროექტირება მათთვისაც ახალი გამოწვევა იყო. 930 კვადრატული მეტრის შენობა, რომელიც 2015 წლის ივლისში გაიხსნა არის მეექვსე მესნერის მუზეუმი.
მუზეუმი დაარსა ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა და ემსახურება მთამსვლელობის ტრადიციების, ისტორიისა და დისციპლინის კვლევას. მესნერი პირველი ადამიანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას 14 მთაზეა ასული და პირველია ვინც ევერესტი დაიპყრო ჟანგბადის ბალონის გარეშე.
“ქრონფლათსიდან იშლება 270 გრადუსიანი პანორამული ხედი, საიდანაც კომპასის ყველა მხარეს რაღაც განსაკუთრებულია, აღმოსავლეთით ჩანს ლინც დოლომიტი, ორტლერი დასავლეთით, სამხრეთით მარმოლადას მყინვარი და ჩრდილოეთით ზილერტალი ალპები. თითქოს ეს მუზეუმი ჩემი ბავშვობის სარკეა, ის მოგვითხრობს ტრიუმფებსა და ტრაგედიებზე, რომელიც ცნობილ მწვერვალებზე მომხდარა.” – ამბობს მესნერი
დაგეგმარების მიხედვით, ვიზიტორები შედიან შენობაში, რომელიც თითქოს ამოჭრილია მთიდან და მთის წვერის გავლით გადიან ხეობაში, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედები. არქიტექტორის კონცეფციაც ეს იყო, რომ თავიდან გაიარო მუზეუმი და გაეცნო მის იდეას, ხოლო უკვე ინფორმირებული გახვიდე ამ გიგანტური მთების სანახავად.
მუზეუმში შესვლისას პირველად ვხედავთ ალუმინის კიბეს, რომელსაც მთამსვლელები ზოგჯერ იყენებენ მთაზე ასვლისას. როდესაც ჩავდივართ უკვე ხედებისკენ ვხედავთ პირველ ფანჯარას, რომელიც ხეობაში ფერმერების სახლებს გადაჰყურებს, და ასევე აილიგკროიცქოფელის (Heilingkreuzkofel) მთის გიგანტურ კედელს, რომელსაც მესნერი თავის გამოცდილებაში ყველაზე რთულად დასაპყრობ მთად მოიხსენიებს. მეორე, უფრო დაბალი ფანჯარა გადაჰყურებს ფაითლერქოფელს (Peitlerkofel), სადაც მესნერი დაიბადა და გაიზარდა, ხოლო ბოლო ფანჯარა უყურებს პირდაპირ ორტლერს, აღმოსავლეთ ალპების უმაღლეს მწვერვალს.
ფოტოები: Inexhibit, Werner Huthmacher