Cala Blanca არის 4 ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ინდონეზიაში. პროექტი 2023 წელს დასრულდა და მისი საერთო ფართობი 280 კვადრატული მეტრია. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია კიდევ რამდენიმე ვილა, რომლებიც ქმნიან ერთიანობას და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც სურს კუნძულ ბალიზე დასვენება.
Cala Blanca Villa-ს ნაკვეთის ზომა არის 450 მ2. პროექტის მთავარი გამოწვევა იყო სახლების დაპროექტება სივრცის მაქსიმალურად გაზრდის ხარჯზე, ისე რომ, თითოეული სახლი განიერი და ვრცელი ყოფილიყო. ყოველი მათგანის განლაგება და სიმეტრიულობა საგულდაგულოდ არის დაგეგმილი და განხორციელებული. არქიტექტორებს სურდათ, შენობა მაქსიმალურად გაემიჯნათ გვერდით არსებული ვილებისგან, რათა მაცხოვრებლებისთვის სიმშვიდისა და სიმყუდროვის შესაძლებლობა მიეცათ.
ნაკვეთის სივრცის მაქსიმალურად გასაზრდელად თითოეული ვილისთვის მხოლოდ ერთი საპარკინგე ადგილი გამოიყო. შენობებს აქვთ საერთო შესასვლელი და დერეფანი, რაც ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. დერეფნის შემდეგ ვხვდებით ზიგზაგისებურ ბილიკს, რომელიც უშუალოდ ვილებისკენ მიდის და გარშემორტყმულია სიმწვანით, ბუნებრივი ქვის მასალითა და საინტერესო ფორმის სახურავებით.
ვილაში შესვლისათანავე, მოხვდებით საცხოვრებელ ზონაში, რომელსაც აქვს მაღალი, დახრილი ხის ჭერი, სამზარეულო, მისაღები და სასადილო ოთახი. პალმის ხეები და მცენარეები შესანიშნავად არის მორგებული ინტერიერს და უზრუნველყოფს ვილაში ბუნებრივი შეგრძნების შექმნას. არქიტექტორებისთვის მთავარი შთაგონება ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ბუნება ფიზიკური კეთილდღეობის მატონიზირებელი საშუალებაა. ის ამცირებს არტერიულ წნევას, ასტაბილურებს გულისცემას და ამცირებს სტრესის ჰორმონების გამომუშავებას.
სამ სართულზე განლაგებულ Cala Blanca-ს აქვს ოთხი საძინებელი. პირველ სართულზე განთავსებულია სამი მათგანი. აქვეა ფართო ტერასაც. სარდაფი ითვლება გასართობ სივრცედ, რომელიც იზოლირებულია საძინებლებისგან და უზრუნველყოფს სიმშვიდესა და სიწყნარეს. აუცილებელ ტექნიკასთან ერთად, აქ ვხვდებით თანამედროვე ბარს და კინოთეატრს. ორ საძინებელ ოთახს აქვს პირდაპირი წვდომა ბაღთან, სადაც გვხვდება აუზი.
Cala Blanca-ში, ისევე როგორც არქიტექტურული სტუდია Biombo Architects-ის სხვა პროექტებში, შექმნილია მკაფიო სინთეზი თანამედროვე და მარადიულ სტილს შორის. ვილის დაპროექტებისას არქიტექტორების მთავარი მიზანი გახლდათ ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით მდიდრული და თანამედროვე საცხოვრებლის შექმნა, რომელიც მორგებული იქნებოდა აქ მაცხოვრებლებისა და დამსვენებლების კომფორტზე.
არქიტექტურული სტუდია: Biombo Architects
ფოტოები: Sheila Man Baliinteriors, KIE
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”