in

კლასიკური და თანამედროვე დეტალების შერწყმით შექმნილი ინტერიერი მადრიდში

Banner M2
Banner M2

ხელოვნებისა და დიზაინის ერთიანობა ნიშნავს თანამედროვე დეტალების ინტერიერში ოსტატურად დამატებას ისე, რომ მათმა ჰარმონიამ დახვეწილი და თბილი ატმოსფერო შექმნას. ზუსტად ასე გამოიყურება მადრიდში მდებარე ეს ნათელი ბინაც, სადაც კლასიკური ავეჯი და კედლების დიზაინი განსაზღვრავს განწყობასა და იერსახეს.

მისაღებ ოთახში ყველაზე უკეთ იგრძნობა კლასიკურისა და თანამედროვე სტილის ერთიანობა. აქ დომინანტურ განწყობას მაღალი ხარისხის ხის ავეჯი ქმნის, რომლის მუქი ფერებიც კედლებისა და იატაკის ტონებთანაა კონტრასტში. აღსანიშნავია, რომ სახლის ამ ნაწილში საკმაოდ ბევრ ნივთს ვხვდებით, მათ შორის სხვადასხვა დეკორაციებსა და კედლის ნახატებს, თუმცა მათი სწორად განაწილების ხარჯზე, ინტერიერში დახვეწილი ხასიათი იქმნება, სადაც არ იგრძნობა ქაოსი ან მოუწესრიგებლობის შეგრძნება. ბუნებრივი ხასიათის შემოსატანად, ვხვდებით რამდენიმე მწვანე მცენარესაც.

მისაღების შემდეგ ვხვდებით ასევე თანამედროვე სტილის სამზარეულოში, რომელიც შექმნილია თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით. მისაღების მსგავსად, აქაც ჭარბობს ბუნებრივი ხის მასალა და შავ-თეთრი ტონების კონტრასტი. საინტერესო დეტალია წიგნების კარადაც, რომელსაც ოთახში განსხვავებული ხასიათი და ფერები შემოაქვს. სასადილო ზონაში შავი ფერის სკამები კონტრასტულად ეხამება ღია ფერებს, რაც ინტერიერს უფრო საინტერესოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ დერეფანი სრულად თეთრ და სადა ფერებშია გადაწყვეტილი, სადაც კლასიკურ განწყობას ოქროსფერი დეტალები ქმნის. ღია ფერის იატაკის საფარი  სახლს მიმზიდველად აფორმებს და სივრცეს დასრულებულ სახეს აძლევს. ჭერისა და კედლების ერთი ფერი განსაზღვრავს იმას, რომ ბინა უფრო ვრცელი, ნათელი და დიდი ზომის ჩანს.

რაც შეეხება საძინებელს, ის საკმაოდ დიდი სივრცეა, რომელსაც საკუთარი აივანიც აქვს. სწორედ აივანზე გასასვლელი კარი უზრუნველყოფს ოთახში ბუნებრივი სინათლის მოხვედრას, რისი წყალობითაც ოთახი უფრო დიდი და ნათელი ჩანს. ბუნებრივი სინათლე შესანიშნავ ბალანსს ქმნის ხის ელემენტებთან და დახვეწილ ქსოვილებთანაც, ამ ყველაფრის ფონზე კი ინტერიერში იგრძნობა როგორც თანამედროვე და კლასიკური სტილის მთლიანობა, ასევე ბუნებასთან და გარშემო არსებულ ლანდშაფტთან ურთიერთობაც.

აბაზანა, სხვა ოთახების მსგავსად, ასევე სადა ფერებშია გადაწყვეტილი და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მარმარილო, რომელსაც სივრცეში კლასიკური განწყობა შემოაქვს. მნიშვნელოვანი დეტალია ქოთნის მწვანე მცენარეც, რომელიც აქ ეგზოტიკურ და გამორჩეულ განწყობას ქმნის. იატაკის საფარის სახით კერამიკული ფილებია გამოყენებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კლასიკურ დეტალებს ინტერიერში.

მთლიანობაში, სახლი საკმაოდ მყუდრო, დიდი და კომფორტულია. მიუხედავად ფერებისა და ნივთების მრავალფეროვნებისა, მოწესრიგებული განლაგება და სწორად შერჩეული დეტალები უზრუნველყოფს მშვიდ გარემოს, რომელიც იდეალურია როგორც სოციალური აქტივობებისა და სტუმრების მისაღებად, ასევე დასასვენებლად და დროის სიმშვიდეში გასატარებლად.

მარმარილო თუ გრანიტი? — რა განსხვავებაა მათ შორის და როგორია მათი ფასი ქართულ ბაზარზე

პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინც სახლს დამოუკიდებლად არემონტებს — ნინი ელისაშვილის გზამკვლევი