ნეიტრალური ინტერიერი მარადიული და მუდმივად პოპულარულია, მაგრამ არსებობს კონკრეტული ტონები და ჩრდილები, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ მოდიდან გადადის. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნეიტრალური ინტერიერის შექმნის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, არის სივრცე, სადაც ფერების სილამაზე და ეფექტი დამოკიდებულია ბუნებრივ განათებაზე. აქედან გამომდინარე, სანამ ნეიტრალურ ფერთა სისტემას შევარჩევთ, აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ როგორი ტიპის განათება გვაქვს ინტერიერში.
სამხრეთისკენ მდებარე ოთახებში ბუნებრივი შუქის მრავალფეროვნებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლს დიდი ფანჯრები აქვს, ასე რომ აქ შეიძლება უფრო მუქი და გრილი ტონების გამოყენება. თუმცა, ოთახებს, რომლებიც ბუნებრივად უფრო მუქია, სჭირდება თბილი და შედარებით ღია ჩრდილები.
2024 წლისთვის ნეიტრალური ფერების გამოყენების რამდენიმე პოპულარული ტენდენცია არსებობს.
მიწიერი ნეიტრალური ფერები
ნეიტრალური ფერები შეიძლება მოიცავდეს ფართო პალიტრას, ნათელი თეთრიდან მუქ ყავისფრამდე. „ნეიტრალურის“ გაგება სეზონების მიხედვით იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, კარგად განვსაზღვროთ თუ კონკრეტულად რომელი ტონებია პოპულარული 2024 წელს.
ინტერიერის დიზაინერების აზრით, დამკვეთები წელს უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს ტექსტურირებულ კედლებზე, როგორიცაა მაგალითად, ტერაკოტა, ან თიხის ელემენტებით მოწყობილი კედლები. ასეთი ტენდენცია ასახავს ჩვენს სურვილს, რომ უფრო მეტად დავუკავშირდეთ ბუნებას. ამაში კი ყველაზე უკეთ ხაკისფერი მწვანე, თბილი ნაცრისფერი და კრემისფერი ფერები გვეხმარებიან.
დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ნეიტრალური ფერები
დიზაინის ინდუსტრია ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს საზოგადოებას და მისი მთავარი მიზანი აქცენტის გაკეთებაა მყუდრო და კომფორტულ ინტერიერზე, რათა სახლში ყოფნის დროს თავი მაქსიმალურად მშვიდად ვიგრძნოთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შევქმნათ ფერთა ისეთი სისტემა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ჩვენი საყვარელი ფერებით და არა მხოლოდ ისეთი ზოგადი ნეიტრალური ტონებით, როგორებიცაა, მაგალითად, კრემისფერი და თეთრი.
ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ ზეთისხილისფრის, თბილი ყავისფრისა და მარჯნისფრის გამოყენებას. დამატებით, შეგიძლიათ შეიმუშაოთ თქვენი საკუთარი ფერების პალიტრა, რომლისთვისაც შეარჩევთ სამ ყველაზე საყვარელ ნეიტრალურ ფერს, მოგვიანებით კი ამ ფერების მიხედვით დაამატებთ ინტერიერში ჩრდილებსა და სხვადასხვა ელემენტებს.
თბილი ნაცრისფერი
ნაცრისფერი, განსაკუთრებით კი მისი კლასიკური ტონი, დიდი ხნის განმავლობაში იყო კამათის საგანი ინტერიერის სამყაროში, რადგან მისი მკაცრი ტონის გამო, მარტივად შეუძლია ცივი და არაკომფორტული შეგრძნების შექმნა. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერებმა შემოგვთავაზეს მისი უფრო თბილი ალტერნატივა, რომელიც ნაცრისფრისა და ყავისფრის ერთიანობით არის შექმნილი.
ასეთი ფერი ძალიან ბუნებრივი, მარტივი და ელეგანტურია. ეს ტონი ნამდვილად უფრო მრავალმხრივია და უკეთ ერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს. მისი შეთავსება შესაძლებელია შავ დეტალებთან ან სხვა მიწიერ ნეიტრალურ ტონებთან, რათა სახლში მშვიდი და თბილი ატმოსფერო შეიქმნას.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი