in

როგორ დავზოგოთ სივრცე მცირე ზომის აბაზანაში? – 6 ჭკვიანური რჩევა

თუ სახლში პატარა აბაზანა გაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს რამდენიმე ჭკვიანური მეთოდი, რომლითაც დიზაინერები ძვირფასი სივრცის დაზოგვას ახერხებენ. სათავსოებიდან დაწყებული, დიზაინ ხრიკებამდე, ჩვენ გვაქვს მრავალი გზა, რათა ჩვენი სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ფუნქციური გავხადოთ. დღეს დიზაინერების მიერ მოცეემულ 6 საინტერესო რჩევას გაგიზიარებთ, რათა მცირე ზომის სააბაზანო ბევრად უფრო კომფორტულ და მყუდრო ოთახად აქციოთ.

მაქსიმალურად აითვისეთ ვერტიკალური სივრცე

ვერტიკალური სივრცე საუკეთესო საშუალებაა, რადგან კედლები უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა ნივთების შესანახად, ვიდრე იატაკი. იფიქრეთ ისეთი კარადების დამონტაჟებაზე, რომლებიც ჭერამდე აღწევს, ან დამატებითი ადგილის გამოყოფაზე თაროების დასამაგრებლად, სადაც სხვადასხვა საჭირო ნივთს თუ დეკორაციას მოათავსებთ. კარგი საშუალებაა ჩაშენებული კარადებიც. ადგილის დაზოგვასთან ერთად, მათ შეუძლიათ უზრუნველყონ პირსახოცებისა და ჰიგიენური საშუალებებისთვის შესაბამისი ადგილი.

შეიძინეთ ისეთი დიზაინის ავეჯი, რომელიც აერთიანებს ფორმას, ფუნქციასა და სტილს. აქცენტი გააკეთეთ სარკეებსა და ამრეკლავ ზედაპირებზე, ისინი ასხივებენ შუქსა და სინათლეს, რაც სივრცეს ვიზუალურად ადიდებს.

თაღები დამატებითი ნივთების შესანახად

კედელში ამოჭრილი პატარა თაღი შეიძლება იყოს შესანიშნავი დამატება მცირე ზომის აბაზანაში. მას შეუძლია დაზოგოს ბევრად მეტი სივრცე და გამოიყურება უფრო ლამაზად, ვიდრე სტანდარტული თაროები. იგი ასევე ჭკვიანური გზაა საშხაპე სივრცეში შამპუნების და სხვა საჭირო პროდუქტების შესანახადაც.

ყველაზე პატარა სველ წერტილშიც კი შესაძლებელია თაღის დიზაინის თქვენი გემოვნების მიხედვით მოწყობა, რაც სივრცეს დამატებით ხიბლსა და დახვეწილ ელფერს შესძენს. თანამედროვე სტილში შესაძლებელია განათების დამატებაც.

ნიჟარის ქვეშ კარადა

შეარჩიეთ კარადა შესაბამისი დიზაინით. სასურველია ისეთი მოდელი, რომელიც ბოლომდე იატაკს არ შეეხება, რადგან მის ქვეშ იატაკის საფარი ისე იშლება, რომ სააბაზანოს სივრცეს უფრო გაშლილსა და დიდს აჩენს. მცირე ზომის ნიჟარის დამონტაჟება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საინტერესო მეთოდია, რადგან ეს, ერთი მხრივ, კარადას კიდევ უფრო ფუნქციურს ხდის, მეორე მხრივ კი დამატებით სივრცის დაზოგვაში გვეხმარება.

უპირატესობა მიანიჭეთ კომპაქტურ აბაზანას

თუ თქვენ სივრცის დაზოგვის გზებს ეძებთ, შეიძლება იფიქროთ, რომ უარი უნდა თქვათ გარკვეული სახის ფუფუნებაზე, ერთ-ერთი მათგანი კი მდიდრული და დამოუკიდებელი აბაზანაა. ფაქტია, რომ თავისუფლად მდგომი აბაზანა შეიძლება თქვენი სივრცისთვის შესაფერისი არ იყოს, მაგრამ დღეს ბაზარზე არსებობს შედარებით უფრო პატარა მოდელებიც, რომლებიც კარგად ერგება მცირე ზომის აბაზანას.

შექმენით მოწესრიგებული სივრცე

როდესაც აბაზანის მოწყობას გეგმავთ, მთავარია გაითვალისწინოთ, რომ მოუწესრიგებელი და ქაოსური სივრცე კიდევ უფრო პატარა გამოჩნდება. ასე რომ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ცარიელი ბოთლებისა და არასაჭირო ნივთების მოშორებაა. შეარჩიეთ ერთი ფერის შამპუნისა და სხვა პროდუქტების ბოთლები, იფიქრეთ ფერებსა და აბაზანის ესთეტიკაზე, განაახლეთ უჯრები და პრიორიტეტი მიანიჭეთ ისეთ ნივთებს, რომლებიც ყოველდღიურობაში გჭირდებათ.

უჯრის გამყოფები ნამდვილად დაგეხმარებათ გონების ფოკუსირებაში და ნივთების მოწესრიგებაში. კარადების ქვეშ არსებული სივრცეები კი შეგიძლიათ შეავსოთ სათავსოებით, სადაც შეინახავთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შედარებით იშვიათად გჭირდებათ. ამ გზით ინტერიერი უფრო მშვიდი, მოწესრიგებული და ვიზუალურად ფართო გამოჩნდება.

გამოყავით ცალკე საშხაპე ზონა

თუ თქვენს სააბაზანოში საშხაპე ნაწილი ცალკეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მინის ან სხვა სახის გამყოფი. სტანდარტული კედლის ნაცვლად, უმჯობესია სინათლის ნაკადი სივრცეს კარგად მიეწოდებოდეს, რათა ოთახი უფრო მსუბუქი და ნათელი გახადოთ. ასეთი განლაგების აბაზანა ყოველთვის უფრო დიდი და საინტერესო ჩანს.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

თაბაშირმუყაო – სახეობები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

რემონტის გამოცდილება: ნინო დვალის რჩევები