in

ავტორის პრობლემატიკა არქიტექტურაში — ნინო იმნაძის ხედვა

ავტორის პრობლემატიკა და მისი როლი 21-ე საუკუნეში ხელოვნების ყველა სფეროში, მათ შორის არქიტექტურაშიც მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა. თანამედროვე სამყაროში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნამუშევრის შეფასებისას მთავარი ყურადღება თავად ობიექტს, ნაწარმოებს ექცევა, ხოლო ავტორი მეორე ფლანგზე ინაცვლებს. ამ მხრივ საინტერესოა, რა როლი ეკისრება არქიტექტურის გააზრებისას ავტორს, როგორია მისი ფუნქცია ნამუშევრის შეფასებისას და რამდენად შესაძლებელია მისი უგულებელყოფა ან არქიტექტურული ობიექტისგან განცალკევება. დღევანდელ სტატიაში  ავტორის პრობლემატიკასთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი — ნინო იმნაძე გვესაუბრება და საკუთარ ხედვას გვიზიარებს.

ჩვენი რესპონდენტი თავდაპირველად არქიტექტურის რაობაზე, მის დანიშნულებასა და გავლენაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს დარგი საზოგადოების ცხოვრების წესსა თუ მიდგომებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

„არქიტექტურა ეს არის  ავტორის ფიქრის, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ განწყობაზე. აქედან გამომდინარე, იყო არქიტექტორი – დიდი პასუხისმგებლობაა. არქიტექტურა ერთ-ერთი რთული დარგია, ამიტომ თუ კი არქიტექტორობას გადაწყვეტ, მზად უნდა იყო ბრძოლისთვის, შეზღუდვებისა და გამოწვევებისთვის. უნდა შეგეძლოს გავლენებისგან თავის დაღწევა. თუმცა საბოლოო შედეგი, რაც ხანგრძლივ უწყვეტ პროცესს მოჰყვება იდეიდან განხორციელებამდე, ოცნების ახდენას ჰგავს“.

როგორც ნინო იმნაძე აღნიშნავს, თანამედროვე არქიტექტურა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური მახასიათებლებით და მას დიდი სოციალური მნიშვნელობა ენიჭება. ეს კი თავის მხრივ, დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ავტორს. შესაბამისად, პროექტის შეფასების დროს მისი როლიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს ნამუშევრის შეფასების მიდგომებზე და ჩვენს ქვეყანაში ამას პრობლემატურ საკითხად მიიჩნევს.

„არქიტექტორი ცდილობს, შექმნას უნიკალური ობიექტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს პროფესიონალებისა და საზოგადოების მიერ. წარმატების მისაღწევად კი შემოქმედმა უნდა გაითვალისწინოს მთელ რიგი ფაქტორები და საკუთარი იდეის დასამტკიცებლად დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს. ყოველივე მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამხელა როლი ეკისრება ავტორს პროექტის შეფასების დროს, რა დროსაც, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, მოხდეს საჯარო განხილვა, როგორც პროფესიონალებთან, ისე საზოგადოების წინაშე, რაც სამწუხაროდ, ჩვენთან არ ხდება. სოციალურ ქსელში იდება პროექტი მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ, რომელიც შესაძლებელია არც იყოს არქიტექტორი. ამგვარად, პროექტის შეფასება, ხშირ შემთხვევაში, ობიექტურად არ მიმდინარეობს, რაც ვფიქრობ, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური პრობლემაა.“

ნინო იმნაძე ეხება ავტორის ფენომენის უგულებელყოფის საკითხსაც და ამ მოსაზრებას კრიტიკულად აფასებს. მისი აზრით, ობიექტის მივიწყება ავტორის სიკვდილსაც განაპირობებს, ხოლო  ნამუშევრის ხელახალი გადააზრება და მისი აქტუალობა არქიტექტორის თავიდან გაცოცხლებასაც იწვევს.

„მგონია, რომ როდესაც არქიტექტორის მიერ დაპროექტებულ და აშენებულ ობიექტს ანგრევენ, ავტორის (განსაკუთრებით, როდესაც ეს ავტორის სიცოცხლეში ხდება) ემოციური მდგომარეობა, ფაქტობრივად, სიკვდილთან ასოცირდება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ავტორი დავიწყებულია და აღარ მოიხსენიება. მაგრამ, როდესაც ობიექტი გარკვეული დროის მერე “ამოტივტივდება”, როგორც არქიტექტურული კულტურის ფენომენი, ავტორის სახელი ხელმეორედ ცოცხლდება, ის იძენს აზრს და ხდება განხილვის საგანი “.

ნინო იმნაძე ჩვენთან საუბრისას ქართული თანამედროვე არქიტექტურის ისტორიიდან ორ მაგალითს იხსენებს. მისი თქმით, ნოდარ ქვათელაძის სტომატოლოგიური პოლიკლინიკისა და შოთა ბოსტანაშვილის „პოეზიის სასახლის“ შემთხვევაში, არქიტექტურული ობიექტის შინაარსი, არსი და იდეა პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ შეხედულებებს შეეწირა და სათანადოდ არ შეფასდა დამკვეთის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების მხრიდან. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, საზოგადოება მოუმზადებელი აღმოჩნდა განსხვავებული და ახალი მიდგომების მისაღებად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტებმა პროფესიონალების მხრიდანაც ორაზროვანი შეფასება მიიღო, ბევრი მათგანის მეხსიერებაში ორივე ნაგებობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

„ობიექტები ქრონოლოგიურად სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. პირველი გასული საუკუნის 80-იან წლებში არქიტექტორ ნოდარ ქვათელაძის მიერ დაპროექტებული და აშენებული სტომატოლოგიური პოლიკლინიკაა ძველ თბილისში, კოტე აფხაზის (ადრე ლესელიძის) ქუჩაზე. ხოლო მეორე – 90-იან წლებში არქიტექტორ შოთა ბოსტანაშვილის მიერ დაპროექტებული ე.წ. „პოეზიის სასახლეა“. ორივე ობიექტის არქიტექტურაში ავტორებმა შეიმუშავეს ფორმად წარმოქმნის ინდივიდუალური პრინციპი, რომელსაც საფუძვლად დაედო ადგილის და დროის ფაქტორი — კონტექსტი, როგორც ახალი ცნობიერება. ობიექტებმა დაასრულეს თავიანთი ფიზიკური არსებობა და გადაინაცვლეს ვირტუალურ სამყაროში, ხოლო მეხსიერებაში დარჩნენ როგორც ყველაზე „პოეტური“ ნაგებობები. სამწუხაროა, რომ ამ პროექტების დანგრევის და მათ ადგილას კულტურასთან შეუთავსებელი ნაგებობების აღმართვის მიზეზი ფინანსური სარგებლიანობა, საზოგადოების გაუთვითცნობიერება, ავტორის ჩანაფიქრის ვერ გაგება და მიუღებლობაა. ორივე ადგილას ამჟამად დროის მოტანილი „არაფრის მეტყველი“ სახლები დგას“.  

ნინო ლაღიძე საუბრობს მიდგომაზე,  თუ რამდენად არის შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის, როგორც სხვადასხვა კულტურისა და გამოცდილების ერთიანობის შედეგის განხილვა და ამგვარი შეფასებისასაც უპირატესობას თავად ნამუშევრის ავტორს, არქიტექტორს ანიჭებს, რომელიც კონტექსტის, გარემოსა და სოციუმის გათვალისწინებით, უნიკალურ და სახასიათო პროექტს ქმნის.

„ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია არქიტექტურული პროექტი კოლექტიური მეხსიერების შედეგი იყოს და შექმნის პროცესში გაიაზროს სხვადასხვა კულტურის გამოცდილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მთავარი არქიტექტორია – პიროვნება, რომელიც აყალიბებს იდეას, განსაზღვრავს მიმართულებას, შესწევს  უნარი გაიზიაროს დაგროვილი ცოდნა და შემდეგ, შემოქმედებითი ინტერპრეტაციებით შექმნას ღირებული ნაგებობა, რომელიც უნიკალური და ერთადერთი იქნება“.  

როგორც ნინო იმნაძე განმარტავს, დასრულებული არქიტექტურული პროექტი კონკრეტული პრობლემების ამოცნობისა და გადაწყვეტისკენ არის მიმართული, რაც შემოქმედს ბიძგს აძლევს, შექმნას საინტერესო, წინააღმდეგობრივი, რთული და დროის ადეკვატური არქიტექტურა. თუმცა, პროფესორი არ გამორიცხავს არქიტექტურულ გავლენებსაც, მრავალჯერ ციტირებულ და ნაცნობი ფორმებით მიღებულ ნამუშევრებს, რომლებიც ერთი თემის ირგვლივ მსგავსი ტიპის ვარიაციებს ქმნის.

„გვხვდება განსხვავებული არქიტექტურაც, რომელიც რაიმე მიმდინარეობის მიკუთვნების ან განმარტების მიღმაა. ასეთი არქიტექტურა ხასიათდება ინდივიდუალობით, კონცეპტუალური დამოკიდებულებით გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ის ქმნის უჩვეულო სინთეზს თანამედროვეობასა და ისტორიას შორის, ახალსა და ძველს შორის. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ისეთი არქიტექტურაც, რომლის შინაარსი შორს არის ადგილობრივი ტრადიციების გააზრებისგან, გაზიარებისგან და ინტერნაციონალურ, კონტექსტიდან ამოვარდნილ და ისტორიულ გარემოსთან შეუსაბამო ობიექტებს გვთავაზობს“.

ნინო იმნაძე მიიჩნევს, რომ უნიკალური პროექტი, პირველ რიგში, გრძნობებსა და ემოციებს უნდა აღუძრავდეს მნახველს, ის არქიტექტორის იდეის გამომხატველი უნდა იყოს და მისი შეფასებისას ავტორის მიდგომების გადააზრება უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ხოლო გამორჩეული პროექტები სხვა პროფესიონალებისთვისაც შესაძლოა გახდეს შთაგონების წყარო.

„უნიკალურ პროექტს პროფესიონალები განიხილავენ და ხშირად მიბაძვის საგნად აქცევენ. შესაბამისად, ჩნდება მსგავსი ნაგებობები და აღნიშნული ნამუშევარი შაბლონად ყალიბდება. როგორც ფრენკ გერი ამბობს: „არქიტექტურა უნდა ლაპარაკობდეს თავის დროზე და ადგილზე, მაგრამ უნდა ისწრაფოდეს უდროობისკენ.“ ამგვარად, არქიტექტურული ობიექტი ურბანულ სივრცეში უნდა აღძრავდეს გრძნობებსა და ემოციებს და უნდა იყოს უნიკალური იდეის მატარებელი “, — აღნიშნავს ნინო იმნაძე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

7 ადგილი თბილისში, სადაც დასაკეც სკამს შეიძენთ

„TIMM Architecture“-ის პროექტმა — „House Around the Tree“ ევროპული პრემიის „BIG SEE“-ის საცხოვრებელი სახლის კატეგორიაში გაიმარჯვა