in

რა უნდა ვიცოდეთ თვითსწორებადი იატაკების შესახებ

IPS
IPS

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა იატაკის ზედაპირია გასასწორებელი და ამისთვის მხოლოდ 3 სანტიმეტრიანი ფენა შეგვიძლია გამოვიყენოთ? ამ გამოწვევას თანამედროვე ტექნოლოგიებმა თვითსწორებადი იატაკების წარმოებით უპასუხა. დღეს ისინი როგორც მოსამზადებელ, ასევე საბოლოო, სრულყოფილი და მიმზიდველი ვიზუალის მქონე ზედაპირებად გამოყენება.

თვითსწორებადი იატაკების სახეობებს განასხვავებენ მათი შემადგენლობის მიხედვით. მათი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს:

  1. თვითსწორებადი იატაკები ცემენტის საფუძველზე;
  2. თვითსწორებადი იატაკები პოლიმერების საფუძველზე – ის შემადგენლობაში შემავალი შემკვრელი ნივთიერების მიხედვით თავის მხრივ იყოფა: პოლიურეტანის, ეპოქსიდის, ეპოქსიდ-ურეტანისა და მეთილმეტაკრილის იატაკებად.

თვითსწორებადი იატაკი ცემენტის საფუძველზე

ეს იატაკი შეგვიძლია მივაკუთვნოთ კლასიკურ თვითსწორებად იატაკებს. ათი წლის წინ იატაკის ეს სახეობა ძალზე იშვიათად გამოიყენებოდა, დღეს კი ის საკმაოდ პოპულარულია.

თავისი არსით, ცემენტის თვითსწორებადი იატაკი თხელი მოჭიმული იატაკია, რომელიც იატაკის მოსწორებისას მის ზედა ფენას შეადგენს. სპეციალური დანამატების წყალობით იატაკის სისქე შეიძლება იყოს 5 მილიმეტრიდან 3-4 სანტიმეტრამდე. ცემენტის თვითსწორებადი იატაკი არ საჭიროებს არმირებას, მასზე საბოლოო ზედაპირის მოთავსებისთვის მზადაა დასხმიდან 4-5 დღის შემდეგ. სიარული დასხმიდან 6-8 საათის შემდეგ არის შესაძლებელი. ასეთი იატაკი ტომრებში, მშრალი ფხვნილის სახით იყიდება. ზავდება წყალში. იატაკზე დასხმა შორეული კუთხიდან იწყება. მისი გასწორება-გადანაწილება ნემსებიანი „ვალიკით“ ხორციელდება. ცემენტის თვითსწორებადი იატაკი იყოფა უბრალო და „ფინიშურ“ იატაკად. ამ უკანასკნელის მინიმალური სისქე შეიძლება 2-3 მილიმეტრი იყოს. ცემენტის თვითსწორებადი იატაკი, როგორც წესი, არ წარმოადგენს საბოლოო საფარს. ის ზედაპირის გასასწორებლად დაიტანება შემდგომ პარკეტის, ლამინატის, ლინოლეუმის ან ფილის დასაგებად.

თვითსწორებადი იატაკები პოლიმერების საფუძველზე

წინამორბედისგან განსხვავებით არ საჭიროებს შემდგომ მოპირკეთებას და იატაკის საბოლოო ფენად გამოყენებაა შესაძლებელი.

პოლიმერის თვითსწორებადი იატაკი პოლიურეტანის შემკვრელით

ეს თვითსწორებადი იატაკის სახეობა ფლობს ისეთ თვისებებს, რომლებიც კლასიკური მასალებით (ბეტონი, მოზაიკა, ლინოლეუმი) მიუღწევადია. ყველა პოლიმერის იატაკი ორკომპონენტიანია. გამოყენების წინ უნდა შევურიოთ მისი ორი შემადგენელი.

ეს იატაკი  სამრეწველო შენობებს, ხალხმრავალ ოფისებს, ბანკებსა და სტუდიებს იდეალურად მიესადაგება. დღეს, პოლიურეტანის იატაკების გამოყენება კერძო სახლებსა და ბინებში საკმაოდ ტრენდული გახდა.

პოლიმერის თვითსწორებადი იატაკი ეპოკსიდის შემკვრელით

პირველი შეხედვით ის პოლიურეტანის იატაკს ჰგავს, მაგრამ ეპოქსიდური ფისის თვისებების წყალობით, ის დიდ მექანიკურ დატვირთვებს უძლებს და  ქიმიური ზემოქმედებების მიმართ უფრო მედეგია. ეპოქსიდის იატაკი ასევე კარგად უძლებს გამხსნელების, ზეთების, მჟავების, ტუტეებისა და მარილების ზემოქმედებას. ის დახურულ სივრცეებში გამოიყენება. რეკომენდებულია შენობებში, სადაც მაღალი მოთხოვნებია ქიმიური და მექანიკური ზემოქმედებების მიმართ. ძალიან კარგია ასეთი იატაკები ავტოფარეხში.

ეპოქსიდის იატაკები მზადდება სხვადასხვა ფერებში, სხვადასხვა ჩანართებით. განსაკუთრებული პოპულარობა ეგრედწოდებულმა სამ განზომილებიანმა იატაკებმა მოიპოვა.

თვითსწორებადი იატაკის დაგეგმვასა და არჩევას რამდენიმე კომბინირებული ფაქტორი განაპირობებს:

  • იატაკების ექსპლუატაციის დაგეგმილი პერიოდი;
  • ექსპლუატაციის პერიოდში იატაკზე ზემოქმედების ინტენსივობა;
  • ცვეთისადმი, ქიმიური ელემენტებისადმი და წყლისადმი მედეგობის ხარისხის დონე.

“Miele-ს” ინოვაციური საუთოო მაგიდა – Homeis.ge-ს მიმოხილვა

ისტორიული სახლი აბანოთუბანში