გაზაფხულსა და ზაფხულში ეზოსა თუ ბაღის მოვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მცენარე სწორედ ამ პერიოდში ყვავილობს და ისხამს ნაყოფს. შესაბამისა, მისი სიჯანსაღისა და ზრდისთვის საჭიროა კონკრეტული სამუშაოების ჩატარება, რათა ექსტერიერს მიმზიდველი ესთეტიკა და ჯანსაღი იერი შევუნარჩუნოთ. დღევანდელ სტატიაში იმ სამუშაოების შესახებ გიამბობთ, რომლებიც აუცილებელია წელიწადის ამ პერიოდში განახორციელოთ, რათა თქვენი მცენარეებისა და ხეხილის ზრდასა და განვითარებას შეუწყოთ ხელი.
ამ საკითხებში სიღრმისეულად გასარკვევად დარგის ექსპერტს, ლანდშაფტის დიზაინერ გიორგი ლაბაურს გავესაუბრეთ.
„გაზაფხულის დადგომა ახალი სიცოცხლის შექმნასთანაა დაკავშირებული, სიცოცხლის შექმნას კი ცოდნა და მზრუნველობა სჭირდება. ადამიანებმა აუცილებლად უნდა გავიაზროთ ის, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენს გარშემო ეკო-კულტურის განვითარებას შევუწყოთ ხელი. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ჩემი რჩევები, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდში ბაღის მოვლას უკავშირდება“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
როგორც გიორგი აღნიშნავს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, პირველ რიგში, დეკორატიულ მცენარეებსა თუ ხეხილს აუცილებლად უნდა მოვაცილოთ ხმელი ტოტები და გავსხლათ ანუ გავასუფთაოთ ზედმეტი ელემენტებისგან. ამასთანავე, დარგის წარმომადგენელი გვირჩევს, ხეხილი კირით დავამუშაოთ, რადგან კირით შეთეთრება მერქანს დახეთქვისგან იცავს, რაც ჭიის გაჩენისა და ხის გაფუჭების რისკებს ამცირებს. შემდეგ ეტაპზე კი უმჯობესია, ხეხილი მინერალური ზეთით შეიწამლოს, რათა მის სიჯანსაღესა და განვითარებას ხელი არ შეეშალოს.
ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ მცენარეების შეწამვლისას ზოგიერთი მებაღე კონკრეტული სქემის მიხედვით მოქმედებს, რაც თვეში ოთხჯერ კონკრეტული პრეპარატებით შეწამვლას გულისხმობს, თუმცა თავად გიორგი ამ მიდგომას არ ეთანხმება.
„მე მაინც მიმაჩნია, რომ შეწამვლები ამინდის გათვალისწინებით და მცენარეების განვითარების მიხედვით უნდა მოხდეს, თუმცა არსებობს გამონაკლისები — ჰიბრიდული ჯიშის ხეები და კომერციული მიმართულებისთვის საჭირო ხეხილი, რა შემთხვევაშიც ყველაფერი გრამობით არის გაწერილი, ამიტომ მათ განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება“.
სპეციალისტი გვიხსნის, რომ მცენარეებს გაზაფხულზე, ვეგეტაციის პერიოდში, ზრდისთვის აზოტოვანი სასუქი ესაჭიროება, შემდეგ ეტაპზე კი სხვადასხვა საკვების მიწოდება კომპლექსურად უნდა მოხდეს — კალიუმი, ფოსფორი, რკინა და ა.შ. რაც მცენარის ყვავილობაზე, მსხმოიარობაზე და ზოგად იმუნიტეტზე იქნება პასუხისმგებელი.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ზედმეტი სასუქი, შესაძლოა, მცენარეების დაზიანების მიზეზიც გახდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ სასუქი კარგი და სასარგებლოა მცენარეებისთვის, ის ასევე მისი გახმობის მიზეზიც შეიძლება გახდეს, რაც ძალიან ხშირად ხდება. ბევრი სასუქი აზიანებს მცენარეს, ამიტომ გამოყენებამდე წინასწარ გაეცანით კონკრეტული სასუქის დოზებს, რათა ოპტიმალურ რაოდენობას არ გადააჭარბოთ“, — გიორგი ლაბაური.
ასევე, ბაღში ესთეტიკური მიმზიდველობის შესანარჩუნებლად დეკორატიულ მცენარეებთან და ხეებთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს გაზონის მოვლა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება აზოტოვანი სასუქი, რათა მწვანე ფენა კარგად განივითაროს და სარეველებისგან გასუფთავდეს.
„გაზაფხულიდან გაზონს რეგულარული მოთიბვა სჭირდება, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. გავრცელებული შეცდომაა, როცა გაზონს ძალიან დაბალ ფენაზე თიბავენ, რაც ბალახის ხარისხს აფუჭებს. ამიტომ უმჯობესია, ბალახი ოდნავ მაღალ დონეზე მოთიბოთ და შემდეგ აუცილებლად მორწყოთ, რათა მას ჯანსაღი იერი შეუნარჩუნოთ“.
ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ზაფხულში, ტემპერატურის მომატებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მივაქციოთ მცენარეებს და ისინი რეგულარულად მოვრწყოთ, რადგან წყლის ნაკლებობა ხეხილის მსხმოიარობასთან და ყვავილობასთან პირდაპირ კავშირშია. ხოლო არასაკმარისი წყალი მათი დაზიანების რისკებს ამაღლებს და ბალახის გაყვითლებას განაპირობებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირი მორწყვა ბევრი დაავადების მიზეზი ხდება და ფესვების ლპობას იწვევს, რაც ნაყოფის განვითარებასა და ყვავილობას აფერხებს. ამიტომ დარგის წარმომადგენელი გვირჩევს, მორწყვამდე ნიადაგი შევამოწმოთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დავატენიანოთ მცენარე, თუ ის გამომშრალია. ექსპერტს აზრით, რწყვისთვის საუკეთესო პერიოდი საღამოს საათებია, რადგან ტემპერატურა შედარებით დაბლა იწევს და ნიადაგი ეფექტურად იწოვს წყალს.
გიორგი გვირჩევს, რომ ხეხილისა და დეკორატიული მცენარეების შემთხვევაში, ტენის შესანარჩუნებლად გამოვიყენოთ მულჩა, რომელიც ნიადაგის საფარს წარმოადგენს და ორგანული ნარჩენებისგან (ნამჯა, თივა, ნახერხი, ნაჭუჭი, მზესუმზირას ნარჩევი) მზადდება. მულჩა მცენარეების ძირების გარშემო უნდა მოთავსდეს 10 სანტიმეტრამდე.
დაბოლოს, მცენარეების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა. შესაბამისად, სანამ მცენარის დარგვას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, გაარკვიოთ როგორი ადგილი ესაჭიროება, კონკრეტულ მცენარეს რათა გაიზარდოს და მომავალში სასურველი შედეგი მოგცეთ. როგორც გიორგი გვიხსნის, არსებობს მცენარეები, რომლებსაც ყვავილობისთვის აუცილებლად სჭირდებათ მზე, თუმცა ბევრი მათ ჩრდილში რგავს, რაც მათ განვითარებას აფერხებს. ამასთანავე, არ არის რეკომენდებული ნერგები და ყვავილები ერთმანეთთან ახლოს დავრგოთ, რადგან მცენარეს ზრდისთვის სივრცე სჭირდება, მისი სიმცირე კი ჯანსაღ ზრდას აბრკოლებს.