in

რემონტის გამოცდილება: ნინო დვალის რჩევები

IPS
IPS

დღევანდელ სტატიაში ნინო დვალის გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომელმაც საკუთარი ბინის განახლებასა და დიზაინზე თავად იზრუნა. ნინო პროფესიით მთარგმნელ-რეფერენტია და მას სხვადასხვა სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ბოლო საქმიანობა კი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება, რაც ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის პროცედურებს მოიაზრებს, ეს კი, თავისთავად, არქიტექტურული პროექტების საფუძვლიან განხილვას გულისხმობს. ამიტომ ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ სწორედ სააგენტოში მუშაობამ და ასეულობით პროექტთან შეხებამ განაპირობა მისი განსაკუთრებული ინტერესი დიზაინისა და არქიტექტურის მიმართ. მეტიც, ნინომ ციფრული ინდუსტრიის კურსიც გაიარა ინტერიერის დიზაინის კუთხით და ამჟამად ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს.

ამ მიმართულებით გარკვეული ცოდნის გამო, მან  გადაწყვიტა, დამოუკიდებლად განეახლებინა ბებიის დანატოვარი ბინა, რომელშიც  60-70-იანი წლების შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბინის ტრანსფორმაცია არაერთ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, ჩვენი რესპონდენტი გამოწვევებს არ შეუშინდა და პროფესიონალის დახმარების გარეშე მიაღწია სასურველ შედეგს. დღეს კი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

„ძველი, არასტანდარტული ბინის ოთახები ერთმანეთში იყო გამავალი, საინჟინრო კომუნიკაციები სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ხის კოჭებზე კი დეფორმირებული იატაკი იყო მოწყობილი. მთავარი გამოწვევა ჩემთვის ინტერიერის გეგმარების შეცვლა და  ბებიის დანატოვარი ავეჯისა და ნივთების განახლება იყო. ბუნებრივია, სამუშაოების პროცესში გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებები გარკვეულ სირთულეებს მიქმნიდა, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო მაინც საბოლოო შედეგის ნახვა და იმის გაცნობიერება აღმოჩნდა, რომ დაბალი ბიუჯეტის პირობებში, ეს მაინც შევძელი“, — ნინო დვალი.

სივრცის სწორი გეგმარება და ფუნქციური გადანაწილება

ნინო გვირჩევს, თავიდანვე განვსაზღვროთ ჩვენი საჭიროებები და სივრცე ფუნქციურად სწორად გადავანაწილოთ. ასევე, უმჯობესია, ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს ინტერიერის ავეჯსა და დეკორაციაზეც. წინასწარ უნდა შევარჩიოთ ფერთა გამა და განათებაც. ცხადია, 100%-იანი სიზუსტით შესაძლოა ვერ გავითვალისწინოთ ყველაფერი, მაგრამ ამ მიდგომით მინიმუმამდე დავიყვანთ შეცდომების ალბათობას.

„ვფიქრობ, უმრავლესობას ძალიან მარტივი ჰგონია ინტერიერის დაგეგმარება და ცოტა ზერელედ ეკიდება ამ საკითხს, რის გამოც ხშირია რემონტის შემდგომ გადაკეთებები, რაც გარდა იმისა, რომ ხარჯებს ზრდის, დამატებით დროსა და ენერგიას გვაკარგვინებს. აქედან გამომდინარე, მათ, ვინც თავად აპირებს ბინის გარემონტებას და ამავდროულად, სივრცის აღქმა უჭირს, ვურჩევდი, აუცილებლად მიმართონ ინტერიერის დიზაინერს, რომელიც რჩევებთან ერთად, ტექნიკურ ნახაზსაც მოგაწვდით, რათა თქვენზე მორგებული, მოხერხებული და რაც მთავარია, სწორად დაგეგმარებული სივრცე მოაწყოთ. ასევე, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ძველი ბინა და მოძველებული ავეჯი გაქვთ, უმჯობესია, რემონტის დაწყებამდე კიდევ ერთხელ, დაკვირვებით და ძალიან კარგად შეისწავლეთ ყველა დეტალი და დაფიქრდეთ, რომელიმე მათგანის ახალი, ორიგინალური ფუნქციით გამოყენება ხომ არ იქნება შესაძლებელი თქვენს განახლებულ ინტერიერში“, — ნინო დვალი.

ამასთანავე, მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად, ნინო უპირატესობას ანიჭებს სამზარეულოს ცალკე გამოყოფას და მის დამოუკიდებელ ოთახად მოწყობას, რაც ბევრად მოსახერხებელს ხდის სივრცის გამოყენებას. მუქი იატაკის დაგებაზე კი უარის თქმას გვირჩევს, რადგან, როგორც თავად მიიჩნევს, ის საკმაოდ რთული მოსავლელია და ინტერიერს “ამძიმებს”.

ჩაშენებული შემრევების მონტაჟი  

ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს სანტექნიკაზეც. განსაკუთრებით ხაზს უსვამს ჩაშენებული შემრევების სწორ გეგმარებას, რომელთა გაუთვალისწინებლობა მომავალში დიდ დისკომფორტს ქმნის.

„ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სანტექნიკა. სასურველია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ჩაშენებულ შემრევებს და მათი გეგმარება წინასწარ განვსაზღვროთ, რადგან შემდგომში მათი ცვლილება დიდ სირთულეებთან და ხარჯებთან  იქნება დაკავშირებული. მაგალითად, რამდენიმე სანტიმეტრის უზუსტობამაც კი შესაძლოა ნიჟარის ძალიან მაღლა ან დაბლა დამონტაჟება გამოიწვიოს. ასევე, იმ კედლებზე, სადაც ონკანია დამონტაჟებული, ვეღარ შევძლებთ დიზაინის გადაკეთებას ან სარკისა თუ სხვა აქსესუარების ადგილმდებარეობის შეცლას. ამიტომ ყურადღებით იყავით ჩაშენებული შემრევების მონტაჟისას და საგულდაგულოდ შეარჩიეთ მათი განთავსების ადგილები“.

ავეჯის ადგილმდებარეობის განსაზღვრა 

ნინო დვალი აღნიშნავს, რომ ელექტრობის დაგეგმვამდე, მნიშვნელოვანია ავეჯის სწორი გადანაწილება. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოს. ამ შემთხვევაში უმჯობესია წინასწარი ნახაზს ქონა და მის მიხედვით მოქმედება. ასევე, ჩვენი რესპონდენტი ჩამრთველებისა და როზეტების გეგმარებაზეც საუბრობს, რომელთა ზუსტი გამოთვლისთვის, პირველ რიგში, ავეჯის სწორი განლაგებაა საჭირო.

„მიმაჩნია, რომ დაბალი ბიუჯეტის პირობებში, პრიორიტეტები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განვსაზღვროთ და თანხის დაზოგვას არ ვეცადოთ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც არ ჩანს. მაგალითად, აუცილებელია წყლისა და გათბობის ხარისხიანი მილები შევარჩიოთ. მესმის, როდესაც მცირე ბიუჯეტით აკეთებთ რემონტს ბევრი რამის გათვალისწინება გიწევთ და  იძულებული ხართ, კონკრეტულ თანხაში ჩაეტიოთ, მაგრამ სანტექნიკაზე, ელექტრობაზე და გათბობის სისტემებზე მუშაობა რემონტის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია, შესაბამისად, ამ ნაწილში შეცდომები დაუშვებელია“.

ეზოს კეთილმოწყობა

ნინო დვალის აზრით, ეზოს მოპირკეთებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალს, რომელიც სრული სიზუსტით მოაწყობს ბაღს და მცენარეებისთვის ყველა საჭირო პირობას შექმნის, რათა მათ ზრდასა და განვითარებას არაფერმა შეუშალოს ხელი.

„დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეზოს დაგეგმარება აუცილებლად ლანდშაფტის დიზაინერს უნდა მივანდოთ, რადგან ამ საქმეს სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, პროფესიონალის ჩარევის გარეშე კი შეცდომები გარდაუვალია. რემონტის მიმდინარეობისას ვფიქრობდი, რომ 50 მ2 ეზოს დაგეგმარებას არაფერი განსაკუთრებული დასჭირდებოდა, არქიტექტურულ და დენდროლოგიურ ნაწილს ჩემს თავზე ავიღებდი და თავად გავუმკლავდებოდი ამ გამოწვევას, თუმცა შევცდი. გამომდინარე იქიდან, რომ სარწყავი სისტემა თავიდანვე არ გავიყვანე, აღმოჩნდა, რომ ბევრი მცენარე გარემოს ვერ შეეგუა ან უწყლობით დაჭკნა. ამიტომ, უმჯობესია, თანხა არ დაზოგოთ და აუცილებლად მიმართოთ პროფესიონალს“.  

ძველი ბინის შეძენა

ნინო დვალი აღნიშნავს, რომ თბილისის ძველ უბნებში ბინის შეძენისას გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მათი უმრავლესობა, ძირითადად, სარესტავრაციოა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარემონტო ხარჯებს. ხოლო თუ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, საჭიროა სპეციალური ნებართვა თბილისის არქიტექტურული სამსახურისგან, რაც დამატებით დროს მოითხოვს.

საკუთარი პოზიციის დაცვა და ხელოსნების მეთვალყურეობა  

ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელოსნები კონკრეტული დავალების შესრულებაზე უარს ამბობენ და მომხმარებლებს მათ შეუძლებლობაში არწმუნებენ. ამიტომ ნინო გვირჩევს, ასეთ დროს საკუთარი პოზიცია მტკიცედ დავიცვათ და მათი ნათქვამი გადავამოწმოთ.

„საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელოსნის მიერ ნათქვამი „არ გამოვა“ ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან საქმის გამარტივების მცდელობაა. ამიტომ ბოლომდე დაიცავით თქვენი პოზიცია, რადგან შეუძლებელი, ფაქტობრივად, არაფერია. ამასთან, ყველა დეტალზე წინასწარ შეუთანხმდით ხელოსანს, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი გაუგებრობა. ჩემ შემთხვევაში ასეთი გაუგებრობა პარკეტთან მიმართებაში მოხდა. ბინის დათვალიერებისას ნამდვილად არ გამიმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ იმავე პარკეტის გამოყენებას ვაპირებდი, ერთ-ერთ დღეს ობიექტზე მისულს კი ჩემი მუხის პარკეტი, სამწუხაროდ, გადაყრილი დამხვდა“.

თამამი ფერები

ნინო, ინტერიერში მკვეთრი და თამამი ფერების გამოყენებასაც გვირჩევს, ვინაიდან ნეიტრალური ფერები ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველ სივრცეს ვერ ქმნის და სახასიათო ელემენტების მისაღებად უპირატესობა მკვეთრ ტონებს ენიჭება.

„ყველაზე მთავარი  მაინც ისაა, რომ მიზნად დავისახოთ ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც დადებით განწყობას შეგვიქმნის დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და კომფორტული იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის“, — ნინო დვალი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ დავზოგოთ სივრცე მცირე ზომის აბაზანაში? – 6 ჭკვიანური რჩევა

3 კომპანია, რომელიც თქვენი ბინის დღიურად გაქირავებას საკუთარ თავზე აიღებს