ნაცრისფერი საკმაოდ ნეიტრალური და სადა ფერია, რომელიც კარგად ეწყობა სხვადასხვა ჩრდილებსა და ტონებს. როგორც დომინანტური ფერი, იგი შესანიშნავი არჩევანია ოთახში ფონის შესაქმნელად, მაგრამ ხშირად საჭიროა მას სხვა ფერებიც შეუხამოთ იმისთვის, რომ სახლში ცივი და მოსაწყენი ხასიათი არ მიიღოთ. თუ თქვენ რემონტის ან დიზაინის შერჩევის პროცესში ხართ, დღეს რამდენიმე საინტერესო ფერს გაგაცნობთ, რომლებიც ნაცრისფერს განსაკუთრებით უხდება.
ლურჯი
ლურჯი ერთ-ერთი ის ტონალობაა, რომელიც ნაცრისფერს ძალიან უხდება. თუ ამ ორი ჩრდილით შესაბამის კომბინაციას შექმნით, სივრცეში მშვიდ, ელეგანტურ და დახვეწილ ხასიათს მიიღებთ. ნაცრისფერი უზრუნველყოფს საინტერესო ბაზას და არ იძლევა ძალიან ნათელ აქცენტებს, ლურჯი კი პირიქით, შესანიშნავია სხვადასხვა სახის დეტალების გამოსაკვეთად და სასიამოვნო კონტრასტის შესაქმნელად.
ყვითელი
ნაცრისფრისა და ყვითლის კომბინაცია იდეალურია თანამედროვე სტილის ინტერიერის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ყვითელი მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილება ჩანს, იგი ეხმარება ნაცრისფერს, რომ სივრცეს ცოცხალი ელფერები შემატოს. თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად თამამი ფერების გამოყენება გსურთ, ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, არჩევანი ღია და სადა ნაცრისფერზე შეაჩეროთ, ყვითელ ფერში კი გადაწყვიტოთ ისეთი დეტალები, როგორებიცაა უჯრები, ნახატები, კარადის სახელურები და სხვა.
იასამნისფერი
იასამნისფერი ტონი ოთახს მყისიერად ანიჭებს ელეგანტურ და კლასიკურ შეგრძნებას, თუმცა სინათლის რაოდენობის შემცირების ხარჯზე, რასაც შეუძლია სივრცის ვიზუალური შემცირების გამოწვევაც. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ეს ფერი ღია ნაცრისფერ ფონს შეუხამოთ, რომელიც ინტერიერში ნათელ სივრცეებს უზრუნველყოფს. იასამნისფრისა და ნაცრისფრის დახვეწილი ერთიანობა სახლში კომფორტულ და მყუდრო განწყობას შეგიქმნით. ამ გზით ოთახი არ იქნება ზედმეტად გლამურული ან ცივი და ექნება უფრო თბილი და მიმზიდველი ხასიათი.
ნარინჯისფერი
ღია ნაცრისფერი შეიძლება იდეალური არჩევანი იყოს იმ შემთხვევაში, თუ მას მკვეთრი და თამამი ნარინჯისფრის გამოყენებით დააბალანსებთ. ამ შემთხვევაში ინტერიერი იქნება მშვიდი და მომხიბვლელი და უზრუნველყოფს იმას, რომ საღამო საათებში სახლი მშვიდი, ხოლო დღის განმავლობაში ეკლექტური და საინტერესო იყოს.
ვარდისფერი
ასეთი დელიკატური და ელეგანტური ფერების კომბინაცია შეიძლება იყოს ძალიან ენერგიული, მაგრამ ამავდროულად მშვიდიც. თუ გსურთ უფრო მიწიერი, ბუნებასთან ახლოს მყოფი ინტერიერი შექმნათ, გამოიყენეთ საშუალო ტონალობის ვარდისფერი, რომელიც მყისიერად აამაღლებს განწყობას ოთახში.
გაითვალისწინეთ, რომ უფრო ცივი ხასიათის მქონე ნაცრისფერი კარგად გამოიყურება ღრმა, მუქი ფერის ვარდისფერთან. საშუალო ტონის ნაცრისფერი კი იდეალურია თანამედროვე სტილის სახლისთვის, რომელსაც მინიმალიზმი ახასიათებს.
ხისფერი ტონები
ნაცრისფერი ძალიან უხდება ხისფერ აქცენტებს, რადგან ეს ბუნებასთან ურთიერთობის შეგრძნებას ქმნის. ასეთ კომბინაციას შეუძლია სახლში ორგანულო ატმოსფერო შექმნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოყენებულია ხისა და ქვის მასალა. ამგვარი ინტერიერის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი ხის ავეჯი, ხოლო ქვა დაამატოთ სამზარეულოს ზედაპირების ან სხვა დეკორაციების სახით.
მუქი ნაცრისფერი
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ერთი ფერის გამოყენებით სივრცე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება, თუმცა თუ ღია ნაცრისფერს მის უფრო მუქ ჩრდილს შეუხამებთ, ძალიან დახვეწილ და ელეგანტურ ინტერიერს მიიღებთ. ამგვარი მეთოდით თქვენ შეგიძლიათ მდიდრული და კონტრასტული ინტერიერის შექმნა, რომელსაც ახასიათებს ჰარმონია და სასიამოვნო ატმოსფერო. დამატებით, გამოიყენეთ ხის ტექსტურა, რათა სახლში საინტერესო კონტრასტი შეიქმნას.
კრემისფერი
კრემისფერიც და ნაცრისფერიც იდეალური ფონია ინტერიერში, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მათ ერთობლიობას. ასეთი ფერების გამოყენებით ოთახში ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ორივე ფერი ერთმანეთთან იდეალურად არის შერწყმული. ეს დაგეხმარებათ შექმნათ ლამაზი და თბილი ინტერიერი, პრიალა ან თამამი ჩრდილების საჭიროების გარეშე. დამატებით, კარგი აზრია მცენარეებისა და ორგანული ქსოვილების გამოყენებაც.
შავი
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არგუმენტირებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ შავი ფერი სახლს ძალიან აბნელებს, სინამდვილეში, ფერთა სწორი ბალანსის შემთხვევაში, შესაძლოა მას სრულიად საპირისპირო ეფექტიც კი ჰქონდეს. ნაცრისფრისა და შავი ფერების ურთიერთობის შედეგად სივრცეში იქმნება ძალიან საინტერესო და ელეგანტური განწყობა, რაც განსაკუთრებით უხდება თანამედროვე სტილის საცხოვრებელს. ინტერიერის დიზაინერები ამ ორი ფერის გამოყენებას გვირჩევენ იმ შემთხვევაში, თუ ოთახი პატარა და ვიწროა, ან შედარებით ნაკლები რაოდენობის ფანჯარა აქვს.
წითელი
წითელი შეიძლება იყოს თამამი, ენერგიული და კლასიკური, და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მისი დაბალანსება საკმაოდ რთული ამოცანა ჩანდეს, ამ ფერს საკმაოდ ბევრი ჩრდილი ეხამება, რომელთა შორის ყველაზე დახვეწილი სწორედ ღია ნაცრისფერია. ორივე ტონი არის საკმაოდ კლასიკური და გამოირჩევა ხასიათით და ორივე მათგანი შესანიშნავად გამოიყურება როგორც ცალ-ცალკე, ასევე მთლიანობაშიც. სწორედ ამიტომ, ისინი კარგად ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან ძალიან სასიამოვნო ინტერიერს.
ღრმა და მუქი წითელი განსაკუთრებით უხდება საძინებელს ან მოსასვენებელ ოთახს, სადაც ის მყუდრო და მდიდრულ განწყობას ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაბალანსებულია იმავე რაოდენობის ნაცრისფერ ტონებთან.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი