ლითონის კარი აქტიურად გამოიყენება ექსტერიერსა თუ ინტერიერში, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაცული, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და მიმზიდველი, მყუდრო სივრცის უზრუნველსაყოფად. ლითონის კარი ხშირად მთავარი, ცენტრალური კარის ფუნქციას ასრულებს და რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება.
უსაფრთხოება — ლითონის კარის მთავარი უპირატესობა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტია. სწორედ ამიტომ, არაერთი მომხმარებელი მთავარი (შემოსასვლელი) კარის შერჩევისას სწორედ ამ მასალას ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი სიმტკიცისა და მედეგობის გამო, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო მახასიათებლებიდან გამომდინარე, შიდა სივრცის დაცვას ბევრად ეფექტურად ახერხებს.
გამძლეობა — ლითონის კარი მედეგია დაზიანების, ცვეთის, ნაკაწრებისა და კოროზიის მიმართ, რაც მის ხანგრძლივ გამოყენებას და დიდი ხნის განმავლობაში სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. ამასთანავე, ხესთან, პლასტმასასთან ან სხვა მასალებთან შედარებით, ნაკლებ მოვლას საჭიროებს და ამ მხრივ ბევრად კომფორტული გამოსაყენებელია.
ენერგოეფექტურობა — თბოიზოლაციით დამუშავებული ლითონის კარი მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება, რადგან ამ შემთხვევაში თბური დანაკარგი მცირდება და ენერგიის მოხმარება იკლებს, რაც მაცხოვრებლების კომუნალურ გადასახადებზეც სასიკეთოდ აისახება.
ხმის იზოლაცია — ლითონის კარს შეუძლია ეფექტური ხმის იზოლაცია უზრუნველყოს, რაც ხმაურის შემოდინებასა და გადინებას ამცირებს და მაცხოვრებლებს მშვიდად და მყუდროდ ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
ესთეტიკური მიმზიდველობა — ლითონის კარი სხვადასხვა ტიპის ინტერიერებს იდეალურად ეხამება და ესთეტიკურად სივრცეს უფრო დახვეწილსა და სოლიდურს ხდის. ამასთანავე, შესაძლებელია ლითონის კარის შეღებვა და მისთვის თქვენთვის სასურველი იერსახის მინიჭება, რაც ინდივიდუალურ აქცენტების შექმნაში დაგეხმარებათ.
როგორც დარგს წარმომადგენელი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ლითონის კარის სტანდარტული სიმაღლე 2,20 მეტრი, სიგანე კი 1 მეტრია. კარის ინსტალაციისას კი აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იყოს 5 სმ.-იანი სივრცე ღიობებისთვის, რათა მონტაჟი წარმატებით შესრულდეს და კედლის მოპირკეთებისას თუ გასწორებისას არანაირი პრობლემა არ შეიქმნას.
ლითონის კარის მონტაჟისას გასათვალისწინებელია კედლისა და იატაკის მდგომარეობა. იმის მიხედვით, თუ რა მასალისაა კედელი, განსხვავებული მიდგომებია საჭირო. მაგალითად, ბეტონისა და აგურის კედლის შემთხვევაში ლითონის კარი სირთულის გარეშე მონტაჟდება, რადგან ის მყარ ზედაპირზე მაგრდება. თუმცა თანამედროვე ბლოკის კედელი თხელია, შიგნიდან სიცარიელე ახასიათებს და მონტაჟისას კარის სიმყარეს ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ რეკომენდებულია მისი გამყარება სპეციალური სამშენებლო ქაფით, რომლის შემდეგაც კედელი ცემენტით ილესება, ფითხით მუშავდება და ბოლო ეტაპზე იღებება ან შპალერი ეკვრება.
ყურადღება ექცევა სამონტაჟო მასალაც, რომლის მეშვეობითაც კარი კონკრეტულ ადგილას თავსდება. ამისათვის სხვადასხვა მასალას იყენებენ — სამაგრ ხრახნებს (შურუპი), სპეციალურ ქაფსა და არმატურას. დარგის წარმომადგენლის თქმით, ყველაზე ეფექტური და საიმედო საშუალება არმატურაა, რომელიც მდგრად და მტკიცე მონტაჟს განაპირობებს.
ასევე გასათვალისწინებელია იატაკის მოპირკეთებაც. ექსპერტი განმარტავს, რომ სასურველია, მოჭიმული იატაკიდან 5-8 სმ. სივრცე დავტოვოთ, რათა შემდგომში ზედაპირზე სასურველი მასალის დაგებისას პრობლემები არ შეგვექმნას და კარის თავისუფლად მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ლითონის კარის შეღებვა. თუ მისთვის ფერის შეცვლას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, ზედაპირი ფითხით უნდა დაამუშაოთ, შემდეგ დაგრუნტოთ და ბოლო ეტაპზე უცილებლად ორ ფენად შეღებოთ, რათა საღებავის მედეგობა და იერსახე ხანგრძლივად შენარჩუნდეს. ხოლო თუ კარის საკეტი მექანიზმებისა და სახელურის გამოცვლას გადაწყვეტთ, აუცილებელია ის რემონტის დასრულებამდე შეცვალოთ, რადგან ამ დროს კარის ამოჭრა ხდება საჭირო, რამაც შესაძლოა, თავად კარი ან კედლები დააზიანოს და თავიდან მოგიწიოთ მათი შეკეთება.
რაც შეეხება ღირებულებას, მონტაჟის გათვალისწინებით, სტანდარტული ზომის ლითონის კარის ფასი საშუალოდ — 1200-1400 ლარია, მის დიზაინისა და ზომის მიხედვით კი ფასი იზრდება.