in

ფერადი ინტერიერი სტოკჰოლმის ერთ-ერთ სხვენში

Banner M2
Banner M2

ეს პატარა სხვენი სტოკჰოლმში 1920-იან წლებში აშენებულ სახლში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი სულ რაღაც 42 კვადრატულ მეტრს შეადგენს. საძინებელი ბინის სიღრმეშია განთავსებული და არ აქვს ფანჯრები, თუმცა ნათელი და ხალისიანი დეკორის დახმარებით, სახლის თითოეული ნაკლოვანება უკანა ფონზე გადადის. ინტერიერის დიზაინერებმა ბინისთვის ფერადი ავეჯი, ხალიჩა და ქსოვილების მრავალფეროვნება შეარჩიეს, რასაც ბევრი ღია თარო და მინიმალისტური დეკორაცია შეუხამეს.

მისაღებ ოთახში საინტერესო განწყობას ქმნის სხვენისთვის დამახასიათებელი დახრილი ჭერი და მასში განთავსებული დიდი ზომის ფანჯრები, საიდანაც სივრცეს მზის ბუნებრივი სხივები უხვი რაოდენობით მიეწოდბა. ამგვარი ბუნბრივი განათების წყალობით, პროექტი შედარებით უფრო დიდი ზომის ჩანს. ამავე ნაწილშია მოთავსებული ფერადი დივანი, ხალიჩა და წიგნებისთვის გამოყოფილი კარადაც, მაგრამ, მიუხედავად ნივთებისა და ავეჯის სიმრავლისა, მათი სწორად გადანაწილება არავითარ დისკომფორტს არ ქმნის. უნდა აღინიშნოს თითქმის ერთ ფერში გადაწყვეტილი იატაკის საფარი, ჭერი და კედლებიც, რაზე დაყრდნობითაც ბინაში ერთიანი ატმოსფერო იქმნება.

მისაღებ ნაწილში პატარა სივრცეა გამოყოფილი სასადილო მაგიდისთვის. როგორც სკანდინავიურ სტილს ახასიათებს, ამ შემთხვევაშიც მაგიდა და სკამები ხისგან არის შექმნილი და ოთახში ბუნებრივი განწყობა შემოაქვს, რასაც კიდევ უკეთ უსვამს ხაზს ქოთნის მცენარეების მრავალფეროვნება. სასიამოვნო კონტრასტისთვის ინტერიერის დიზაინერებმა ფერადი დეკორაციებისა და ჭურჭლის გამოყენება გადაწყვიტეს.

სამზარეულოში განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ინტერიერის დიზაინერების მიზანი, რომ სივრცე მაქსიმალურად ფერადი და ხალისიანი ყოფილიყო. მკვეთრი ლურჯი კარადები სახლის ამ ნაწილს გამორჩეულ ესთეტიკას ანიჭებს. ტექნიკის სახით გამოყენებულია თანამედროვე ავეჯი, სივრცის გასაფორმებლად კი ფერადი ნახატები და დეკორაციები.

ძილისთვის განკუთვნილი სივრცე გამოყოფილია ბინის ყველაზე ღრმა ნაწილში. ადგილის სიმცირის მიუხედავად, აქ კარგად ეტევა ორადგილიანი საწოლი და საინტერესო დიზაინის მქონე იატაკის სანათი. მსგავსად ინტერიერის სხვა ნაწილისა, აქაც კედლები ღია ნაცრისფრადაა შეღებილი და ხისფერი აქცენტები აქვს დამატებული.

ადგილის სიმცირის მიუხედავად, მაქსიმალურად ათვისებულია სააბაზანოს ნაწილიც და ქმნის ძალიან კომფორტულ, მყუდრო და ფუნქციურ ინტერიერს, რომელიც ამ შემთხვევაში თითქმის მთლიანად სადა ნაცრისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, კონტრასტის სახით კი ფერადი ქსოვილებია გამოყენებული.

6 წესი, რომლებიც ინტერიერში ფერების შერჩევისას უნდა გამოვიყენოთ

6 ადგილი თბილისში, სადაც სენსორულ ნაგვის ურნებს შეიძენთ