in

მინიმალისტური ინტერიერი მკვეთრი აქცენტებით ატენის ქუჩაზე — სტუდია „Wohnung architects“-ის ნამუშევარი

დღეს გაგაცნობთ არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია „Wohnung architects“-ის ახალ პროექტს ატენის ქუჩაზე, რომლის საერთო ფართობი 80 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა ახალგაზრდა წყვილისთვის ლამაზი, მყუდრო და კომფორტული ბინის მოწყობას და რამდენიმე ფუნქციის ერთ სივრცეში ისე გაერთიანებას, რომ თითოეული ზონა ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში ყოფილიყო. პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა კი მაღალი ხარისხის მიღება აღმოჩნდა, რომელიც პროექტის თითოეულ დეტალზე აისახებოდა.

რემონტის მიმდინარეობისას თავდაპირველი გეგმარება არ შეცვლილა და  მასში მხოლოდ მცირე შესწორებები განხორციელდა. შედეგად, ბინა მოიცავს საერთო ოთახს, გაერთიანებულ სასადილოსა და სამზარეულო სივრცეს, ერთ საძინებელს აბაზანითა და საგარდერობო ზონით და სველ წერტილს სტუმრებისათვის.

ერთი ფუნქციური სივრცის მისაღებად და ზონების გასაერთიანებლად პროექტში გამოყენებულია ხის თეთრი პანელები, რომლებიც მთელს პერიმეტრზე გასდევს ოთახს და მნიშვნელოვან ესთეტიკურ დატვირთვას ატარებს. აღნიშნული ელემენტი დეკორატიულ დანიშნულებასთან ერთად, პრაქტიკულ როლსაც იძენს და თაროს ფუნქციას ასრულებს.

ბინა ძირითადად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ამიტომ კონტრასტების სახით, ავეჯი და აქსესუარებია შემოტანილი. ინტერიერი გაფორმებულია „Pianca“-სა და „Connubia“-ს ბრენდების ავეჯითა და „Foscarini“, „Faro“, „Jung“, „HK living“-ის განათებით, რაც განსაკუთრებულ ელფერსა და გამორჩეულ ესთეტიკას სძენს საცხოვრებელს.

ერთიანი სივრცის მიუხედავად, ავეჯის დახმარებით ბინა ფუნქციურად სწორად არის გადანაწილებული. სასადილოსა და მისაღებ ოთახს შორის გამყოფ როლს ასრულებს თეთრი ტახტი, რომელიც სახლს სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას სძენს და ხის პანელებსა და ტელევიზორის მაგიდას სასიამოვნოდ ეხამება. საინტერესო დეტალია ფერადი ხალიჩა, რომელიც დომინანტური თეთრი ფერის ფონზე საინტერესო კონტრასტს ქმნის და სივრცეს მრავალფეროვნებას მატებს. მნიშვნელოვანი დიზაინ ელემენტია სარკის ზედაპირის მქონე პატარა მაგიდებიც, რომლებიც ხალიჩის ნახატებს ირეკლავს და ინტერიერს მეტად ფერადოვანს ხდის. მრგვალი ფორმის თეთრი სავარძელი კი მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს.

მიმზიდველი დიზაინ ელემენტია წითელი ფერის კონსოლიც, რომელიც ელეგანტურ შტრიხებს ქმნის და დეკორატიულ ფუნქციასთან ერთად, სათავსოს როლსაც ასრულებს.

სამზარეულოც თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი. კარადების ზედა ნაწილში გამოყენებულია მინა, რაც სამზარეულოს ელეგანტურობას მატებს და მისაღების ზონის სარკის მაგიდებთან კავშირს ამყარებს. ამ ზონაში მთავარ განწყობას ქმნის სასადილო მაგიდა და ფერადი, ნარინჯისფერი სკამები, რომლებსაც კონტრასტული შტრიხები შემოაქვს და ოთახს ახალისებს.

რაც შეეხება სველ წერტილებს, აქ კერამიკული ფილების ნაცვლად, მიკრო ცემენტით დამუშავებული ზედაპირები გვხვდება, რაც სივრცის ერთიან იერსახეს უსვამს ხაზს. აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით მინიმალიზმი და სისადავე ბინის ამ ნაწილშიც შენარჩუნებულია.

„Wohnung architects“-ის პროექტი მინიმალისტურ, ფუნქციურ, სადა და კომფორტულ საცხოვრებელს წარმოადგენს, რომელშიც საინტერესოდ შემოდის მკვეთრი აქცენტები და ფერადი დეტალები ავეჯისა თუ დეკორატიული ელემენტების სახით. პროექტი ღია გეგმარებით ხასიათდება და მასში სასადილო, სამზარეულო, მისაღები და შემოსასვლელი სივრცეები გაერთიანებულია, თუმცა ავეჯისა და განათების სწორი გადანაწილებით ზონირება იდეალურადაა შესრულებული. ორიგინალური აქსესუარებისა და ფერადი დიზაინ ობიექტების გამოყენებით კი სივრცეს საინტერესო ხასიათი ეძლევა.

პროექტის ავტორები: სალომე სიხარულიძე, ეკატერინე ჩხეიძე

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია:  „Wohnung architects 

გამოყენებული მასალები:  

სამზარეულოს ავეჯი: Ariostea“ (belle maison), „Teka“, „Franke“

აბაზანის მოპირკეთება: Cement design georgia

შემრევები: „Bagno design“

განათება: „Foscarini“, „Faro“, „HK living“

ავეჯი: „Pianca“, „Connubia“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

ლანდშაფტთან შერწყმული სახლი ბიგ-სურის სანაპიროზე

10 ფერი, რომლებიც ნაცრისფერ ინტერიერს კარგად ეხამება