in

ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილების სისტემები – როგორ მიიღწევა მინიმალური ხარჯით მაქსიმალური შედეგი

შენობის ენერგოეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია იმ დანადგარებზე, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, განსაკუთრებით კი გათბობისა და გაგრილების სისტემებზე, რომლებიც ცხოვრებისათვის აუცილებელ პირობებს უზრუნველყოფს და კომფორტულ გარემოს განსაზღვრავს. სწორად შერჩეულ გათბობისა და გაგრილების სისტემები გვეხმარება ენერგიის დაზოგვაში, მინიმუმამდე ამცირებს ბუნებაზე ზიანს და ზოგავს მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებს.

თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობისა თუ გაგრილების მოწყობილობები მაღალი ხარისხითა და მდგრადობითაც გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ ამგვარი დანადგარები უსაფრთხო გარემოს შექმნაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება, ისინი გრძელვადიან გამოყენებას და სისტემის ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. რადგან ენერგოეფექტური დანადგარები, სტანდარტული მოდელებისგან განსხვავებით, ბევრად გამძლეა და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ამიტომ ნაკლები დატვირთვით მუშაობს. ეს კი, თავის მხრივ, მაცხოვრებლების ფინანსურ ხარჯებს ამცირებს, რადგან მოწყობილობა ხშირ ცვლილებასა თუ შეკეთებას არ საჭიროებს.

როგორ არის შესაძლებელი მინიმალური ხარჯით მაქსიმალური შედეგის მიღება და როგორ შევარჩიოთ ენერგოეფექტური გათბობისა და გაგრილების სისტემები? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დარგის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ.

როგორც ენერგოეფექტურობის ექსპერტი, ნიკოლოზ ჯავშანაშვილი აღნიშნავს, ენერგოეფექტურობაზე საუბარი, პირველ რიგში, შენობის გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების მომზადებით უნდა დაიწყოს.

„სანამ საინჟინრო სისტემებზე ვიმსჯელებთ, მანამდე, მოსაწესრიგებელია შენობის კონსტრუქციული გარსის —  კედლების, სახურავის, იატაკისა და შემინული ზედაპირის ელემენტები, რაშიც მათი საიზოლაციო მასალით დათბუნება და ფანჯრების ენერგოეფექტური მინით მოპირკეთება იგულისხმება. თუ მათი ენერგოეფექტურობა უზრუნველყოფილი იქნება, ნაკლები სიმძლავრის დანადგარები დაგვჭირდება და შესაბამისად, ენერგიის მოხმარებაც შემცირდება. მაგალითად, თუ სივრცეში შიდა ნორმატიული კლიმატური პირობების მისაღებად საჭიროა 50 კილოვატიანი სიმძლავრის დანადგარი, დათბუნებული ჭერის, კედლების, იატაკისა და ენერგოეფექტური ფანჯრების შემთხვევაში, შესაძლოა ეს ციფრი განახევრდეს და 25 კილოვატიანი სიმძლავრის მოწყობილობა სრულებით საკმარისი აღმოჩნდეს, რაც კომუნალურ ხარჯებს შეამცირებს“, — აღნიშნავს ნიკოლოზ ჯავშანაშვილი.

ენერგოეფექტური გათბობის სისტემა 

ენერგო ექსპერტი, დოქტორი ნოდარ ქევხიშვილი გვიხსნის, რომ გათბობის თანამედროვე სისტემების უმეტესობა მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, კანონმდებლობის მიხედვით, ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი არანაკლებ 90% უნდა იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, გაზის წვის დროს 90% სასარგებლო მოხმარებისთვის, ნამწვის 10% კი  მავნე ნივთიერებების სახით უნდა გამოიყოს.

„არსებობს კონდენსაციური ქვაბები, რომელთა ენერგოეფექტურობა 97-98%-ს აღწევს, თუმცა ამ შემთხვევაში კონდენსაციური ქვაბით გაცხელებული რადიატორის წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40-45°C. შესაბამისად, საჭირო იქნება რადიატორების მეტი რაოდენობა, რათა მცირე დროში საკმარისი ენერგია გამომუშავდეს და სასურველი ტემპერატურა უზრუნველყოფილი იქნას“. 

დოქტორი ნოდარ ქევხიშვილი  ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  ენერგოეფექტური დანადგარის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოწყობილობის საგარანტიო ვადას, საექსპლუატაციო პერიოდს, რადგან ეს ფაქტორი პროდუქტის მედეგობასა და ხარისხს განაპირობებს. ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს ენერგოეფექტურობის კოეფიციენტის — COP-ის მაჩვენებელზე, რომელიც გათბობისა და გაგრილების სისტემების ეფექტურ მუშაობას აფასებს და წარმოადგენს ერთგვარ თანაფარდობას გამომუშავებულ სითბოსა და დახარჯულ ენერგიას შორის. რაც უფრო მაღალია COP-ის მაჩვენებელი, მით უფრო ენერგოეფექტურია დანადგარი, დაბალი კოეფიციენტი კი მის ნაკლებ ენერგოეფექტურობაზე მიუთითებს.

ენერგოეფექტურობის ექსპერტი ნიკოლოზ ჯავშანაშვილი მინიმალური ხარჯით მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, თერმოსტატებისა და ჭკვიანი სისტემების გამოყენებას გვირჩევს, რომელთა პირველადი ხარჯი შესაძლოა არ იყოს იაფი, თუმცა საბოლოოდ, მათი ენერგოეფექტურობა საგრძნობლად დაზოგავს კომუნალურ ხარჯებს და გრძელვადიან პერსპექტივაში მაცხოვრებელთა ფინანსებზე სასიკეთოდ აისახება.

„ზოგადად, რაც უფრო მაღალია მოწყობილობის ენერგოეფექტურობის კლასი, მით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ეფექტურად მუშაობს ის. ლოკალური თერმოსტატებისა და ჭკვიანი კონტროლერების გამოყენებით, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში ფუნქციონირებს, შესაძლებელია გათბობის ქვაბის მუშაობის დარეგულირება და ოთახის ტემპერატურის გათვალისწინებით სასურველ კონდიციაზე მისი მუშაობა, რაც მობინადრეებს ზედმეტი ენერგიის მოხმარებისგან და მაღალი კომუნალური ხარჯისგან დაიცავს. თანამედროვე დახვეწილი ტექნოლოგიების პირველადი ინვესტიცია ცხადია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამგვარი დანადგარი ბევრად ეფექტურად ფუნქციონირებს. რადგან წლიურ ჭრილში, გათბობის ქვაბი, ჭკვიანი ტექნოლოგიების დამსახურებით, მცირე დატვირთვით გამოიყენება და შესაბამისად, ნაკლები საათი მუშაობს, ამიტომ მისი სასიცოცხლო ციკლი იზრდება, რაც მის ხანგრძლივ მოხმარებას უზრუნველყოფს“.   

ენერგოეფექტური გაგრილების სისტემა  

ნიკოლოზ ჯავშანაშვილი ასევე გვესაუბრება გაგრილების სისტემებზე და აღნიშნავს, რომ სტანდარტული Split დანადგარები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ერთ ოთახშია დამონტაჟებული, დიდი ფართის პირობებში არაეფექტურად მუშაობს, რადგან მათ იმაზე მეტ მოცულობაზე მუშაობას აიძულებენ, ვიდრე არსებული რესურსითაა გათვალისწინებული. ამიტომ საცხოვრებლის ყველა ოთახში სიგრილე არასაკმარისად ვრცელდება. ამასთანავე, მოწყობილობა დიდი დატვირთვით მუშაობს, რაც კომუნალური ხარჯების გაზრდას იწვევს.

ექსპერტი გვთავაზობს გაგრილების თანამედროვე — VRF და VRV სისტემებს, რომლებიც შენობაში ენერგოეფექტური და მოქნილი კლიმატური პირობების კონტროლს უზრუნველყოფს. ამ სისტემებს შეუძლია ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია და გაგრილების ნაკადის სხვადასხვა შიდა ბლოკებში ცვლა, ცალკეული ზონების გაგრილების ან გათბობის მოთხოვნების შესაბამისად, რაც შენობის თითოეულ ოთახში ტემპერატურის ბალანსის დამოუკიდებელ კონტროლს უზრუნველყოფს. ეს კი ელექტროენერგიის ხარჯის დაზოგვას განაპირობებს.

„VRF და VRV სისტემები, Split მოწყობილობებთან შედარებით, ზომაში უფრო დიდია და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე შიდა ბლოკი მიუერთდეს. დანადგარის სიმძლავრის რეგულირება ოთახებში თბურ დატვირთვასა და გაგრილებაზე მოთხოვნის მიხედვით ხდება. შესაბამისად, კონკრეტულ ზონებში შეიძლება სისტემამ, ენერგიის დაზოგვის ხარჯზე, ნაკლები დატვირთვით იმუშაოს, ამიტომ ის გაცილებით ენერგოეფექტური და ეკონომიურია“, — ნიკოლოზ ჯავშანაშვილი.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, კედლის Split სისტემების შემთხვევაში, ენერგოეფექტურობის გასაზრდელად და ხარჯების შესამცირებლად შესაძლებელია ოთახის ციფრული თერმოსტატების, ჭკვიანი სისტემების დამონტაჟება, რომლებიც ქსელური ხაზით ან „Wi-Fi“-ის მეშვეობით დაუკავშირდება მოწყობილობას და ოთახის ტემპერატურიდან გამომდინარე, გაგრილების დონესა და კონდიციონერის მუშაობას დაარეგულირებს. ზოგიერთ დანადგარს კი თავად სამართავ პულტში აქვს დამონტაჟებული თერმოსტატი და ამის მიხედვით აკონტროლებს გაგრილების სისტემის ფუნქციონირებას. ამგვარი გადაწყვეტებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი ენერგოეფექტურობის გაზრდა და მაქსიმალური შედეგის მიღება მინიმალური დანახარჯით მიიღწევა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

Vertigo Pendant – კონსტანს გისეს მიერ შექმნილი ჭაღის გამორჩეული დიზაინი

მინიმალისტური ინტერიერი კრემისფერ ტონებში — „Allora Design“-ის ნამუშევარი ყიფშიძის ქუჩაზე