in

ელსი დე ვულფი – ამერიკელი დიზაინერი, რომელსაც “თანამედროვე დეკორაციის დედას” უწოდებდნენ

ამერიკელი მსახიობი, მწერალი და ინტერიერის დიზაინერი ელსი დე ვულფი ბავშვობიდანვე ცდილობდა ეპოვა ყველაფერი ისეთი, რაც ლამაზი და გამორჩეული იყო და სძულდა უღიმღამო, მოსაწყენი სივრცეები. ის ინტერიერის დიზაინთან პირველად მაშინ გადაიკვეთა, როდესაც დედამისმა მათი ოჯახის საცხოვრებელი ოთახი დახატა. ამ დროს ელფის ძალიან არ მოსწონდა საკუთარი სახლი, რამაც დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ მოგვიანებით მის მიერ დაპროექტებული თითოეული ინტერიერი სრულიად საპირისპირო და განსხვავებული იყო. დიზაინერი იყენებდა უამრავ ფერად შტრიხსა და თეთრ ფერებს, რომლებიც სადა და მყუდრო საცხოვრებელს ქმნიდნენ.

ამავე პერიოდში The New Yorker-ი სწორედ მასზე წერდა, რომ ინტერიერის დიზაინი, როგორც პროფესია, ელსი დე ვულფმა გამოიგონა. მის სტილს ახასიათებდა ხარისხიანი და გრძელვადიანი ავეჯი, სიმარტივე, პროპორციების დაცვა, კომფორტი და დეკორაციები. ელსი მაქსიმალურად ცდილობდა, თითოეულ პროექტს ჰქონოდა კარგი განათება, მუქი და კონტრასტული ფერები კი ჩაენაცვლებინა კრემისფერი და სპილოსძვლისფერი ტონებით.

„თითოეულ სახლში აუცილებელია ყვავილები, სარკეები და მზის ბუნებრივი სინათლე“, – ამბობდა ის.

აღსანიშნავია, რომ დე ვულფს ჰყავდა ისეთი ცნობილი დამკვეთები, როგორებიც არიან Hope Hampton, Anne Vanderbilt, Duchess of Windsor, და Condé Nast.

დაბადებიდან (1865წ) გარდაცვალებამდე (1950წ) ელსი ცხოვრობდა გლამურული და მდიდრული ცხოვრებით. იგი იყო ევროპული საზოგადოების ცნობილი წევრი და სიცოცხლეშივე მოიპოვა „თანამედროვე დეკორაციის დედის“ ტიტული. ბევრი ადამიანი მას პირველ თანამედროვე პროფესიონალ დეკორატორსაც კი უწოდებდა.

საინტერესოა, რომ ელსის არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა და ის თავს „მახინჯ ბავშვად“ აღიქვამდა, რომელიც ვიქტორიანულ გარემოში იზრდებოდა. დიზაინერს განსაკუთრებით სძულდა უილიამ მორისის ავეჯი და შპალერის ნიმუშები. სწორედ ამან შთააგონა, რომ სიცოცხლე ლამაზი გარემოს შექმნისთვის მიეძღვნა.

პროფესიონალი დეკორატორის ტიტული მან მაშინ განამტკიცა, როდესაც The Colony Club (პირველი ექსკლუზიური ქალთა კლუბი ამერიკაში) მოაწყო. მისივე სიტყვებით, ის იყო „მეამბოხე დიზაინერი მახინჯ სამყაროში“. მისი სტილი აღიწერება როგორც მსუბუქი, ჰაეროვანი, კომფორტული და საინტერესო. ელსი ღია და სადა ფერების მოყვარული იყო, რაც მის მიერ შექმნილ ინტერიერებს ქალურ ელფერს ანიჭებდა.

აღსანიშნავია, რომ გარდა ინტერიერის დიზაინისა, ელსის საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა მწერლის როლშიც და ის იყო ავტორი 1913 წელს გამოქვეყნებული წიგნისა – „სახლი კარგი გემოვნებით“, რომელიც დღემდე ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ნამუშევარია ინტერიერის დიზაინის სფეროში.

ინტერიერის დიზაინის სასწავლო კურსი — გიორგი ზაუტაშვილის ახალი წამოწყება

The Bank of America Tower – თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ცათამბჯენი ნიუ-იორკში