in

რა უნდა გავითვალისწინოთ განათების დაპროექტებისას ენერგოეფექტურობის კუთხით?

სრულფასოვანი, მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული სივრცის შექმნაში განათება უდიდეს როლს თამაშობს. დიდწილად, სწორედ მისი მეშვეობით ხდება სივრცე ფუნქციური, მოსახერხებელი და კომფორტული. ამავდროულად კი ინტერიერში გამორჩეული დიზაინი და მიმზიდველი იერსახე იქმნება.

მდგრადი, ენერგოეფექტური გარემოს ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგოეფექტურ განათებასა და მის სწორ პროექტირებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის მოხმარება, გარემოზე ზემოქმედება და მაცხოვრებელთა კომუნალური გადასახადები. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორი უნდა იყოს ენერგოეფექტური პრინციპების მიხედვით დაგეგმარებული განათება და ვისაუბრებთ ენერგოეფექტური ნათურების დადებით მხარეებზე.

ბუნებრივი სინათლის გამოყენება — ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, რომ სახლში ბუნებრივი სინათლის შემოდინების ნაკადი გაიზარდოს, ამისათვის კი აუცილებელია დიდი ვიტრაჟების მონტაჟი და სივრცეში შემინული ზედაპირების რაოდენობის გაზრდა, რაც დღის განმავლობაში ელექტროენერგიის საჭიროებას შეამცირებს.

ნათელი ფერებისა და ამრეკლი ზედაპირების აქტიური გამოყენება — ამრეკლი ზედაპირების, სარკეების, მინების ინტერიერში ინტეგრირება და ღია, თეთრ ტონალობაში გადაწყვეტილი კედლებისა თუ ავეჯის გამოყენება ხელს შეუწყობს სივრცის ეფექტურ განათებას და ბუნებრივი სინათლის პირობებშიც ნათელი, მოსახერხებელი პირობების უზრუნველყოფას. რაც მაქსიმალურად შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას და ხელოვნური განათების საჭიროებას.

განათების გადანაწილება ფუნქციური ზონების მიხედვით — განათების დაპროექტებამდე მნიშვნელოვანია, წინასწარ გადანაწილდეს ფუნქციური ზონები და გამოიკვეთოს აქტიურად გამოყენებადი სამუშაო ადგილები. შემდეგ ეტაპზე კი ამ გეგმის მიხედვით დამონტაჟდეს ელექტრო წერტილები. მაგალითად, რეკომენდებულია, რომ სამზარეულოში, კაბინეტსა და სააბაზანო ოთახებში ძლიერი განათება და საჭიროების შემთხვევაში, სანათების მეტი რაოდენობა გამოვიყენოთ. ხოლო მისაღებ, მოსასვენებელ და საძილე ზონებში შესაძლებელია განათება მსუბუქად მოვიხმაროთ.

წერტილოვანი განათება — ექსპერტები გვირჩევენ, რომ მოხმარებული ენერგიის შესამცირებლად და ელექტროენერგიის არარაციონალურად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, დავამონტაჟოთ წერტილოვანი განათება, რომელიც სამუშაო ზედაპირებთან მაქსიმალურად ახლოს იქნება. მაგალითად, ჭაღის ნაცვლად, უპირატესობა მივანიჭოთ მაგიდის სანათს, ბრას ან ტორშერს, რათა ფოკუსირებულ წერტილს ხაზი გავუსვათ და ოთახის სრულად განათების საჭიროება შევამციროთ. ეს კი მის რაციონალურად, ოპტიმალურად მოხმარებას შეუწყობს ხელს და ენერგიას დაზოგავს.

განათების კონტროლი — ენერგოეფექტურობის გასაზრდელად ერთ-ერთი საუკეთესო გზა სივრცეში დიმერის დამონტაჟებაა. ეს მოწყობილობა განათების სიკაშკაშის დასარეგულირებლად გამოიყენება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, განათება სასურველ ინტენსივობაზე დააყენოს. ამგვარი დანადგარის დახმარებით ნათურა დაბალი სიმძლავრით მუშაობს, რაც ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს და მაცხოვრებელთა კომუნალურ ხარჯებს ზოგავს. ასევე, სენსორული განათების ინსტალაციით, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ადგილების განათება შეიძლება, რაც დენის გამოყენებას შეამცირებს. ტაიმერით მართული სისტემა კი სასურველი დროის ინტერვალში განათების კონტროლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ენერგოეფექტური ნათურების გამოყენება — ენერგოეფექტური გარემოს შექმნას ყველაზე მეტად ხელს უწყობს ენერგოეფექტური ნათურების გამოყენება. ამ მხრივ, თანამედროვე სამყაროში ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ტიპი ე.წ. LED სანათებია, რომლებიც ტრადიციული — ჰალოგენური ან ინკანდესენტური ნათურებისგან განსხვავებით, მაღალი ენერგოეფექტურობით, გამძლეობით და უსაფრთხოებით ხასიათდება.

LED  განათება ნახევარგამტარული დანადგარია, რომელიც მასში დენის გატარებისას სინათლეს ინფრაწითელ და ხილულ სპექტრში ასხივებს. სტანდარტული ნათურებისგან განსხვავებით, რომლებიც ენერგიის მხოლოდ 5%-ს გარდაქმნის ხილულ სინათლედ, LED ნათურები მიღებული ენერგიის 90%-ს ასხივებს ხილული სინათლის სახით. მაღალი ენერგოეფექტურობიდან გამომდინარე, ის ნაკლებ ელექტროენერგიას საჭიროებს, რის გამოც გარემოზე ზიანსა და კომუნალურ ხარჯებს ამცირებს. ამასთანავე, LED ნათურების სასიცოცხლო ციკლი, სტანდარტულ მოდელებთან შედარებით, 5-6-ჯერ გაზრდილია და დაახლოებით 50000 საათის განმავლობაში მუშაობს, რის გამოც ბევრად მედეგი და მდგრადია.

ამ ტიპის ნათურების კიდევ ერთი უპირატესობა მისი შემადგენლობაა, როგორც ცნობილია, LED  ნათურები არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს და მავნე ნივთიერებებს, ამიტომ ნათურის დაზიანების შემთხვევაში, ის გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

თუმცა, LED სანათების შერჩევისას გასათვალისწინებელია მათი ხარისხი. ექსპერტების მიხედვით, ბაზარზე დღესდღეობით განსხვავებული ხარისხისა და მედეგობის LED სანათები მოიპოვება, რომელთა ფასიც, შესაბამისად, განსხვავებულია. მოდელის შეძენამდე აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ საექსპლუატაციო ვადას და მუშაობის ხანგრძლივობას, რათა პირველადი ინვესტიცია გამართლებული აღმოჩნდეს, ნათურის ენერგოეფექტურმა მუშაობამ კი შემდგომში ხარჯების დაზოგვა განაპირობოს. იმ შემთხვევაში, თუ ნათურა პროდუქტზე მითითებულ საგარანტიო ვადამდე, ან ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მალევე გაფუჭდა, პირველადი ინვესტიცია გამართლებული არაა და მომხმარებელს მოგების ნაცვლად, ზარალი ექნება. შესაბამისად, დარგის წარმომადგენლები გვირჩევენ, შედარებით ძვირადღირებული, ხარისხიანი მოდელი შევარჩიოთ და შეძენამდე მის სასიცოცხლო ციკლსა თუ მონაცემებს ყურადღებით დავაკვირდეთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სანათი Bilboquet – Flos-ის ახალი მინიმალისტური დიზაინი

4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კონდიციონერის შეცვლის დროა