დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ „Allora Design“-ის ახალ პროექტს, რომელიც ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 143 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა იზოლირებული სამზარეულოს დაპროექტებას და მაცხოვრებლებზე მორგებული სივრცის შექმნას, რომელსაც პროექტის ავტორებმა წარმატებით გაართვეს თავი.
გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, ბინა მოიცავს გაერთიანებულ მისაღებსა და სასადილო ზონას, იზოლირებულ სამზარეულოს, ორ საძინებელს და ორ სველ წერტილს.
სიმსუბუქის და ჰაეროვნების მისაღებად ინტერიერი ღია, თეთრ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი. ავეჯზე კი აქცენტი კრემისფერსა და ხისფერ ტონალობაზეა გაკეთებული. ბინის დიზაინი თანამედროვე და მინიმალისტურია და მასში მსუბუქად შემოდის კლასიკური შტრიხებიც.
შემოსასვლელი სივრცე წარმოადგენს დიდ დერეფანს, რომელიც სრულადაა ათვისებული და ჩაშენებული კარადებით არის დაკომპლექტებული. მნიშვნელოვანი ელემენტია დერეფანში მოთავსებული კლასიკური სტილის ელეგანტური, ოქროსფერი სარკე, რომელსაც თანამედროვე სტილის ლარნაკი და განათება ამშვენებს.
მისაღები ოთახი შემოსასვლელი სივრცისგან მცირე ზომის დეკორატიული, შავი ტიხრით არის გამოყოფილი, რომელიც საინტერესო დიზაინ ელემენტს ქმნის. ეს ზონა, ბინის დანარჩენი ნაწილების მსგავსად, ძალიან სადა, ნათელი და მყუდროა, რაც თეთრი, კრემისფერი და შავი აქცენტებით მიიღწევა.
მოსასვენებელი კუთხე თანამედროვე სტილის რბილი ავეჯით, მცირე ზომის ჟურნალის მაგიდითა და ტელევიზორის კედლით არის დაკომპლექტებული. აქ ასევე გვხვდება მცირე ზომის ჩაშენებული კარადაც, რომელიც განათებითა და აქსესუარებით არის გაფორმებული. საინტერესოა ისიც, რომ ავეჯისა და განათების სახით მრგვალი, ოვალური ფორმები გვხვდება, რაც ერთიანობის განცდას აძლიერებს.
სასადილო ზონაში ელეგანტური სასადილო მაგიდა და სკამები დგას. აქვეა განთავსებული ორიგინალური ფორმის შავი კარადა, რომელიც სათავსოსთან ერთად, მიმზიდველი დეკორატიული ობიექტია.
აღსანიშნავია შავ ფანქარში შესრულებული ნახატებიც, რომლებიც სივრცეს ინდივიდუალიზმსა და სახასიათო ესთეტიკას სძენს. გამორჩეულ ადგილს იკავებს განათებაც, რომელიც ინტერიერს ალამაზებს, მას მრავალფეროვან ვიზუალს ანიჭებს, კონკრეტულ წერტილებს გამოკვეთს და გარემოში სასიამოვნო განწყობას ქმნის.
დომინანტურ ღია ხისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი სამზარეულო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საცხოვრებელში. ოთახი სრულადაა ათვისებული და მთელ კედელზე ჩაშენებული კარადებია დაპროექტებული, რაც ერთი მხრივ, ვიზუალურად ერთიანობის განცდას ქმნის, მეორე მხრივ კი ოთახს ძალიან პრაქტიკულსა და ფუნქციურს ხდის. ჩაშენებულ კედელზე არსებული ღვინის სათავსო მინით არის დაფარული და LED განათების გამოყენებით მასზე აქცენტია გამახვილებული, რაც საინტერესო დიზაინ გადაწყვეტას წარმოადგენს. ფანჯრის მხარეს კი მცირე ზომის სასადილო კუთხეა მოწყობილი.
მთავარი საძინებელი შედარებით მუქი ფერთა პალიტრით ხასიათდება, თუმცა მინიმალისტური და თანამედროვე სტილი ამ ზონაშიც მეორდება. ოთახს ვიზუალურად ზრდის კედელსა და და საგარდერობო ნაწილზე დატანილი სარკეები. ყურადღებას იქცევს საწოლის თავზე მრგვალი ფორმის დეკორატიული სანათებიც, რომლებიც იდეალურად ეხამება მუქ ნაცრისფერ საწოლს.
მეორე საძინებელი ნათელი და კომფორტულია. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ სადა სტილშია გადაწყვეტილი და ზედმეტი ავეჯითა თუ აქსესუარებით გადატვირთული არაა, საძინებელში როგორც საძილე, ისე საგარდერობო და სამუშაო კუთხეებია მოწყობილი, რის გამოც სივრცე საკმაოდ ფუნქციურია. წერტილოვანი განათება კი ოთახს უფრო სასიამოვნოს და მყუდროს ხდის.
სააბაზანო ოთახები ერთნაირი ფილებითაა მოპირკეთებული, რის გამოც ინტერიერი თითქმის იდენტურია. განსხვავებული აქცენტი დეკორატიულ განათებაზე, გეგმარებასა და ავეჯის ელემენტებზე შეინიშნება. ორივე სააბაზანო მაცხოვრებლებს მოსახერხებელ, პრივატულ სივრცეს სთავაზობს, სადაც განტვირთვა და მოწესრიგება კომფორტული და სასიამოვნოა.
საცხოვრებელს აქვს ორი აივანი, რომლებზეც მოწყობილია მოსასვენებელი კუთხე რბილი ავეჯით, რაც მობინადრეებს საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქის ხედებით ტკბობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.
„Allora Design“-ის ახალი პროექტი თანამედროვე, მინიმალისტური სტილით და ელეგანტური დიზაინით ხასიათდება. ინტერიერში მყუდრო ატმოსფერო და მშვიდი, მსუბუქი გარემო იგრძნობა. საცხოვრებელი მაცხოვრებლების ყველა საჭიროებასა და მოთხოვნას აკმაყოფილებს და დასვენების, გართობისა და პროდუქტიულად მუშაობის შესაძლებლობას თანაბრად ქმნის, რის გამოც მრავალფუნქციური და კომფორტულია.
პროექტის ავტორი: „Allora Design“
გამოყენებული მასალა:
ავეჯი: „INTERIORISMO“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“, „კომფორტერი“
განათება: „ახალი ნათება“
სანტექნიკა: „Lussoni“