დღეს ახალგაზრდა არქიტექტორ დავით ბოჭორიშვილს გაგაცნობთ, რომლის შემოქმედებითი ცხოვრება ღრმა ბავშვობიდან არი დაკავშირებული ამ სფეროსთან. როგორც თავად ამბობს, ოჯახში მუდმივად იმართებოდა საუბრები ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე და ისიც ხშირად ახლობლების შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილე იყო. არაერთი მიმართულებით ინტერესის მიუხედავად, საბოლოო არჩევანი მაინც არქიტექტურაზე შეაჩერა და ძირითადი საქმიანობა ამ პროფესიას დაუკავშირა. ამის პარალელურად, გატაცებულია ფერწერით და პროდუქტის დიზაინით. Homeis.ge-თან ინტერვიუში დავითი ძალიან საინტერესოდ მსჯელობს არქიტექტურაზე, მის ფუნქციასა და მოვალეობაზე და საქართველოში ამ სფეროს მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. შესაბამისად, ჩვენს მკითხველს ღრმა და დასაფიქრებელ სტატიას ვთავაზობთ, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას საინტერესო კუთხით დაანახებს.
დავით, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობის პერიოდი? რა მოგონებებთან არის დაკავშირებული ეს დრო?
დავიბადე თელავში – მშვიდ და ლამაზ ქალაქში, საინტერესო ხალხით სავსე გარემოში, ოჯახში, სადაც ყველა წევრი მხატვარი და დიზაინერია. ჩვენთან ჩვეული ტრადიცია იყო საღამოს საინტერესო საუბრები ხელოვნებასა და ფილოსოფიაზე. სიმართლე გითხრათ, ამის გამო მაშინდელი ხშირი უშუქობა სასიამოვნო საღამოებთან ასოცირდებოდა. საღამოს შეხვედრები მხოლოდ ოჯახის წევრებით არ შემოიფარგლებოდა და ჩაის საუბრებს სხვა ახლობელი ხელოვანებიც უერთდებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ და სხვა მსგავსმა ჩვეულებებმა და ოჯახის წევრების შემოქმედებით პროცესში ჩართვამ, განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემი ინტერესების ჩამოყალიბებაში და მომავალ პროფესიულ არჩევანში.
პირველად როდის დაინტერესდით არქიტექტურით?
სერიოზული ფიქრი მომავალ საქმიანობაზე სკოლის დამამთავრებელ კლასში დავიწყე. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ – მამა სამრეწველო დიზაინერია, დედა მხატვარი, ჩემი ძმა მხატვარ-არქიტექტორი, მე კი კინო რეჟისურაც ძალიან მაინტერესებდა – არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ, არქიტექტურაზე შევჩერდი. მაშინ ამ პროფესიას სიღრმისეულად არ ვიცნობდი, თუმცა იმას ნამდვილად ვამჩნევდი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საქმეს აერთიანებდა. თითქოს სწორედ არქიტექტურაში იყრიდა თავს ყველა ის სიამოვნების ელემენტი, რომლებსაც სხვადასხვა საქმიანობაში ვხედავდი.
ნახაზებთან მუშაობის პირველი გამოცდილება თელავში, მოსწავლეთა სახლში მივიღე. ქალბატონი ელენე აღდგომელაძე უზარმაზარი ენთუზიაზმით გვასწავლიდა ხაზვის პრინციპებს და ჩვენი ჯგუფიც კახეთისა თუ თბილისის ხაზვის კონკურსებში პირველობას არ თმობდა. მოგვიანებით ეს ცოდნა ძალიან დამეხმარა სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, სადაც დავასრულე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ამ დროის განმავლობაში გაცვლითი პროგრამით ვიყავი ავსტრიაშიც, „FH Joanneum“-ის უნივერსიტეტის სამოქალაქო არქიტექტურის ფაკულტეტზე. იქ სწავლის დროს ბევრი რამ გადავაფასე და სრულიად ახალი ხედვებით დავბრუნდი საქართველოში.
გვიამბეთ იმ გზაზე, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ
ჩემი საქმიანობის მთავარი მიმართულება არქიტექტურაა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ბევრ მომიჯნავე სფეროში გამოვცადე თავი. ვფიქრობ, არქიტექტორისთვის მნიშვნელოვანია მრავალი სპეციალობის სიღრმისეული ცოდნა. რამდენიმე წლის წინ გავაცოცხლე ავეჯის წარმოების ოჯახური ტრადიცია და შევქმენი სტარტაპი, რომლის ფარგლებშიც, მამაჩემთან ერთად, უნიკალური დიზაინის მქონე ტრანსფორმირებად ავეჯს ვაწარმოებ. ასევე, საინტერესო იყო თავის გამოცდა ფერწერაშიც. არქიტექტურის პარალელურად, დაგროვილმა გამოცდილებებმა, საბოლოო ჯამში, უფრო ღრმად ჩამახედა არქიტექტურის საინტერესო სამყაროში.
ჩემი მიზანია, სწავლა არ შევწყვიტო. თვითგანვითარება აუცილებელი და ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ვცდილობ, პატარა, თუნდაც უბრალო პროექტებში რაღაც ისეთი ვცადო, რაც მანამდე არ გამიკეთებია. სწორედ ამიტომ, ჯერ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე არ შევჩერებულვარ და პროექტებსაც ეტყობა მრავალფეროვნება. მგონია, საავტორო ხელწერის ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ეს გზა კი აღმოჩენებით და გამოწვევებით არის აღსავსე.
ვისაუბროთ არქიტექტურაზე… როგორ შეაფასებდით ამ პროფესიას?
არქიტექტურა საქმიანობათა იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ადამიანების მოთხოვნილებების და სურვილების სრულ დიაპაზონს ეხება. არქიტექტურას შეუძლია დააკმაყოფილოს ინდივიდის არსებობისთვის საჭირო ძირითადი საჭიროებები და ამავდროულად, თავის თავში დაიტიოს მაღალ ესთეტიკური თუ ფილოსოფიური საზრისები. ამასთან ერთად, იგი ეხება ყველა სპეციალობას, რომელიც კონკრეტული შედეგის მისაღწევად არის საჭირო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ არქიტექტურა არ არის მხოლოდ მშენებლობასთან დაკავშირებული უბრალო სპეციალობა. არამედ აზრის, განწყობის, კონტექსტის მაფორმირებელი კომპლექსური საშუალებაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში უშუალოდ მონაწილეობს.
თუ მწერლისთვის კომუნიკაციის მედიუმი სიტყვებია, კომპოზიტორისთვის ხმა, მხატვრისთვის კი ტილო, არქიტექტორისთვის ეს მედიუმი სივრცეა და ყველაფერი, რაც ამ სივრცეში არსებობს. შესაბამისად, მგონია, რომ არქიტექტურის ენა ურთულესი და ყველაზე სრულყოფილი ენაა, რაც ადამიანს აქამდე შეუქმნია.
დღეს არქიტექტურა საოცარი სიჩქარით იზრდება. ითვისებს და გადაამუშავებს ახალ „ხელსაწყოებს“ — ხელოვნურ ინტელექტს, მონაცემთა უსაზღვრო ბაზას და ა.შ. გლობალიზაციის და ინფორმაციის მიმოცვლის დაჩქარებული ტემპის ფონზე ხდება დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების უწყვეტი გადაფასება. თანამედროვე არქიტექტურა განიცდის უსაზღვრო რაოდენობის მუტაციას და ადაპტაციას, რაც ევოლუციის უმთავრესი ნიშანია. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ, რადგან სწორედ ახლა იბადება ახალი არქიტექტურა.
როგორ ფიქრობთ, როგორია მომავლის არქიტექტურა, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ის?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არქიტექტურის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი გავლენაც გარემოზე. ნებისმიერი მცირე ცვლილება უზარმაზარ ძვრებს იწვევს ეკოლოგიაში, ინდუსტრიაში და ჩვენ ყოველდღიურობაში. აქედან გამომდინარე, არქიტექტორებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ჩვენი ვალია, შევქმნათ სივრცე, რომელიც დატოვებს მინიმალურ უარყოფით კვალს გარემოზე და იქნება მაქსიმალურად ეფექტური ექსპლუატაციის დროს. ხელი უნდა შევუწყოთ ეფექტური მეთოდების დანერგვას. მიმაჩნია, რომ მომავლის არქიტექტურა იმ გიგანტური მონაცემთა ბაზის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი უნდა იყოს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შევქმენით. კომპიუტერის გამოთვლითი შესაძლებლობები, ხელოვნური ინტელექტის, როგორც ინსტრუმენტის გაჩენა და მონაცემთა ანალიზის ფართო არეალი შესაძლებლობების ჰორიზონტს აფართოებს.
როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებს? განვითარების რა ტენდენცია შეინიშნება ამ მიმართულებით?
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი გაჩნდა საქართველოში. ქართველი არქიტექტორების ორიგინალურ ხედვას მრავალი უცხოური აღიარებაც ადასტურებს. ჩვენი ქვეყნის მასშტაბებისთვის ეს შედეგები ნამდვილად დასაფასებელია. ძირითადი ტენდენცია მხატვრული კუთხით განვითარებაში ჩანს. არაერთი არქიტექტურული სტუდია, არქიტექტურასთან ერთად, ქმნის ძალიან საინტერესო ავეჯს და ინტერიერის ორიგინალურ ელემენტებს, რაც ჩვენს პროფესიულ გარემოს უფრო ფართო სპექტრში წარმოაჩენს. მრავალი მედიუმის გამოყენების და კონცეპტუალური გადააზრების პროცესში ნელ-ნელა ყალიბდება უნიკალური ხედვები, რომლებიც ჩვენ განსხვავებულ ისტორიულ გამოცდილებას თანამედროვეობასთან აერთიანებს და მსოფლიოს რაღაც ახალ, გამორჩეულ პროდუქტს სთავაზობს.
თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული არქიტექტურული სფერო?
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არქიტექტურაში ხშირად ჩნდება საინტერესო პროექტები, რომლებიც სამართლიანად იკავებს საპატიო ადგილს საერთაშორისო პუბლიკაციებშიც, ვფიქრობ, ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ახალ სიტყვას იტყვის ამ დარგში. საინტერესო იქნებოდა ახალი მასალების აღმოჩენის მცდელობების ხილვა, ან სტანდარტულისგან განსხვავებული მეთოდების დანერგვა პროექტირებასა და მშენებლობაში. მჯერა, რომ ჩვენთან არსებობს მსგავსი ნაბიჯების გადადგმისთვის საჭირო ცოდნა და პოტენციალი.
შეუძლებელია გულგრილად ვუყურებდეთ ქალაქის განვითარების ქაოსურობასაც. საქართველოში მიმდინარე მასიური მშენებლობები არ ხორციელდება მომავლის გათვალისწინებით. უსაზღვრო გამდიდრების სურვილით დაბრმავებული მშენებლობის ინდუსტრია ისეთ პრობლემებს ტოვებს განვითარების გზაზე, რომლებიც მომავალ თაობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. გარდა სატრანსპორტო და სხვა ქალაქგეგმარებითი პრობლემებისა, საცხოვრებლების უმეტესობა შესაძლოა 50 წელიწადში ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდეს. დროთა განმავლობაში, მსოფლიოში ბუნებრივი რესურსები დეფიციტური ხდება, რის გამოც შესაძლებელია, არასაკმარისი ენერგოეფექტურობის გამო, უამრავ შენობაში ცხოვრება გაუმართლებლად ძვირი აღმოჩნდეს. შესაბამისად, აუცილებელია ამ პრობლემებზე მეტი მუშაობა და ფიქრი.
ქართულ არქიტექტურაში რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული პროექტი?
როგორც ბევრისთვის, ჩემთვისაც განსაკუთრებულია ზურაბ ჯალაღონიას და გიორგი ჩახავას საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა (დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისი). მახსოვს, ბავშვობაში, როდესაც ის მანქანის ფანჯრიდან შევამჩნიე, გაოცებას ვერ ვმალავდი. მიუხედავად იმისა, რომ თავისი დროის დამახასიათებელ ბევრ ნიშანს ატარებს, ვთვლი, რომ ეს შენობა უფრო მეტად მომავალს ეკუთვნის და დღევანდელი გადმოსახედიდანაც საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება.
როგორია თქვენი მუშაობის ფილოსოფია და არქიტექტურული ხედვა?
ჩემს ნამუშევრებს ერთი ლაიტმოტივი არ აერთიანებს. ერთი და იმავე სათქმელის სხვადასხვა ნამუშევარში გამეორებას არ ვემხრობი. ჩემთვის ყველა პროექტი უნიკალურია და განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მათი სათქმელიც გამეორდეს.
ვცდილობ, პროექტში პრაგმატული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა, ისეთი კონცეფცია ჩავდო, რომელიც კონტექსტს ეხმიანება და შედეგსაც უფრო საინტერესოს ხდის. პროექტირების საწყის ეტაპზე აუცილებლად ვწერ ამბავს, ერთგვარ მითს, რომელიც პროექტის ფიზიკური აღწერის ელემენტებს არ შეიცავს. ის უფრო აღწერს ამბებს, რომლებიც მომავალ სივრცეში უნდა მოხდეს. ვწერ, თუ როგორი ემოციური პროცესები უნდა გაიაროს ადამიანმა შენობასთან თანაარსებობის დროს, რა გამოცდილება უნდა დარჩეს. შემდეგ ტექსტური ნაწილიდან აღვადგენ იმ ფორმებს, რომლებიც მითის რეალობად ქცევისთვის არის საჭირო. ეს პროცესი ყველა ნამუშევარს ახლავს თან. ვფიქრობ, ამის გარეშე პროექტებისგან მოსაწყენი, უსულო კედლები დარჩებოდა.
თქვენს კარიერაში რომელ მნიშვნელოვან პროექტს გამოარჩევდით?
ვცდილობ, ყოველი ახალი ნამუშევარი ძველზე უკეთესი იყოს. ალბათ ამიტომ ბოლო პროექტზე შევაჩერებ არჩევანს, რომელიც ღია არქიტექტურული კონკურსი “ნუშები”-თვის დავაპროექტე. ნამუშევარმა წამახალისებელი პრემიაც დაიმსახურა, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საუკეთესო გამოცდილება, რაც მუშაობის პროცესს ახლდა თან. პროექტირების პროცესში არქიტექტურის ისეთ მიმართულებას შევეხე, რომელსაც აქამდე ახლოდან არ ვიცნობდი. სწორედ ამ კონკურსისთვის დავიწყე ალგორითმებზე დაყრდნობით კონცეფციისა და გარემოს სინთეზირება. გადავწყვიტე, რომ ამჯერად თავად კი არ შემექმნა ფორმა, არამედ დამეწერა ალგორითმი, რომელიც ფორმას თავად გამოიყვანდა ჩემ მიერ მითითებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, პროექტირების ბოლო ეტაპამდე საბოლოო სახე ჩემთვისაც არ იყო ცნობილი. ეს პროექტი სხვებისგან განსხვავებით, დიალოგურ რეჟიმში შეიქმნა, რომლის დროსაც გაკეთებულმა სხვადასხვა აღმოჩენებმა ბევრი რამ მასწავლა.
დაბოლოს, ვისაუბროთ თქვენს მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე
ამჟამად ვმუშაობ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლსა და რამდენიმე მულტიფუნქციური შენობის პროექტზე. ამასთანავე, ვიკვლევ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით არქიტექტურული დაგეგმარების პრინციპებს და კომპიუტერის, როგორც რთული სისტემების გადამუშავებისთვის აუცილებელი ხელსაწყოს ახალ პოტენციალს ხელოვნური ინტელექტის გაჩენის პარალელურად. ამ მიმართულებით ბევრი რამ ჯერ კიდევ აღმოსაჩენია, მათი დანერგვა კი თანამედროვე არქიტექტურულ გამოწვევებთან ბრძოლაში დიდ როლს შეასრულებს.