in

განახლებადი ენერგიის წყაროები – როგორია მათი გამოყენების სპეციფიკა საცხოვრებელ სახლებში?

ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების სისტემებისა თუ სხვადასხვა თანამედროვე მოწყობილობების გარეშე, რომელთა გამოყენებისთვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო. ენერგიის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასთან ერთად, რაც ამოწურვად რესურსებს (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი თუ სხვა) გულისხმობს, იზრდება გარემოს დაბინძურების, კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც სავალდებულო ხდება ალტერნატიული რესურსების ძიება და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც თითოეული ადამიანის არსებობასა და სრულფასოვან ცხოვრებას დიდ საფრთხეს და დისკომფორტს უქმნის.

აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავების გზა განახლებადი ენერგიების აქტიური გამოყენება და ბუნებრივად მოცემული რესურსის გონივრული გამოყენებაა. განახლებადი ენერგიის წყაროები დაუსრულებელია და სხვადასხვა ტიპის არსებობს — მზის, ქარის, წყლის, ბიომასისა და გეოთერმული.

განახლებადი ენერგიების გამოყენება დიდ უპირატესობას იძლევა, რადგან გარემოზე ზიანი მინიმუმამდე მცირდება, არ წარმოიქმნება ნარჩენები და დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელიც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამავდროულად, მცირდება მაცხოვრებლების დანახარჯები, რადგან ბუნებრივი ენერგიის მოპოვება თუ ტრანსპორტირება უფასოა და ენერგია ეფექტურად მოიხმარება, რაც ამოწურვადი რესურსების საჭიროებას ამცირებს.

საცხოვრებელ სახლებში, განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით, აქტუალურია მზის ენერგია, რომელიც როგორც ელექტროენერგიის მისაღებად, ასევე გათბობისა და წყლის სისტემების გასაცხელებლად გამოიყენება.

„შპს ესკო ესის“ მწვანე ინჟინერიისა და საწარმო ცენტრის ხელმძღვანელი, ზაალ ხელაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში, საცხოვრებელ სახლებში განახლებადი ენერგიების გამოყენების პრაქტიკა მზის პანელებსა და მზის კოლექტორებს უკავშირდება, რომლებიც მზის ენერგიას ელექტროენერგიის მისაღებად ან წყლის გასაცხელებლად იყენებს.

„განახლებადი ენერგიის გამომუშავება და წარმოება ხდება განახლებადი, ბუნებაში არსებული რესურსით, რომელიც წვის შედეგად არ გამოყოფს ნახშირორჟანგს, მავნე ნივთიერებებს  და უარყოფითად არ ზემოქმედებს გარემოსდაცვით კომპონენტებზე.  სახლებში ძირითადად გამოიყენება მზის კოლექტორები და მზის ელემენტები, რომლებიც მზის ენერგიას წყლის გაცხელებისთვის და ელექტროენერგიის მისაღებად მოიხმარს“, — ზაალ ხელაძე.

მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორი

საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის ცხელი წყლის მიღება, ასევე მზის ენერგიის გამოყენებით გათბობის სისტემის უზრუნველყოფა მზის კოლექტორის საშუალებით მიიღწევა, რომელიც მზის ენერგიას თბურ ენერგიად გარდაქმნის.

აღსანიშნავია, რომ გარდა მზიანი დღეებისა, მზის კოლექტორებში სხივები ძლიერი მოღრუბლულობისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებშიც აღწევს,  რადგან სპეციალური საფარი სხივებს შთანთქავს და სითხით გავსებული მილების მეშვეობით სითბო სისტემას გადაეცემა.

ამასთანავე, გათბობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია მზის სისტემა გაზზე, დიზელზე მომუშავე ან კონდენსაციურ ქვაბთან ინტეგრირდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მზის კოლექტორის ღირებულება, თბომომარაგების სხვა სისტემებთან შედარებით, ბევრად მაღალია, თუმცა დროთა განმავლობაში აღნიშნული ინვესტიცია ენერგოეფექტურ სარგებელს იძლევა და მკვეთრად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. რადგან მზის დანადგარი უფასოდ გამოიმუშავებს წყლისა და გათბობისთვის საჭირო ენერგიას და შესაბამისად, გათბობის მოწყობილობებისთვის საჭირო ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 70-80%-ით მცირდება.

უნდა ითქვას ისიც, რომ მზის კოლექტორები ძირითადად კერძო სახლებში, სახურავზე/ეზოში მონტაჟდება (განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც გაზის მიწოდება არ ხდება და მხოლოდ ელექტროენერგიით წყლის გაცხელება თუ გათბობა ძვირი ჯდება), მრავალსართულიან კომპლექსებში კი მათი გამოყენება იშვიათია, თუმცა შესაძლებელია, რომ მსგავსი სისტემა მოეწყოს აივანზე ან შენობის სახურავზე, ბოლო სართულის მაცხოვრებლებისთვის.

მზის პანელები

მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი, თორნიკე დარჯანია მზის პანელების დანიშნულებასა და მათი გამოყენების უპირატესობაზე გვესაუბრება.

„სახლის პირობებში, უმეტესად, მზის ენერგიის ათვისება ხდება, რისთვისაც მზის ელექტროსადგური გამოიყენება, რომელიც მზისგან მიღებულ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის და ნებისმიერი სახის მოწყობილობების, გათბობისა და გაგრილების სისტემების მუშაობას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით დიდ უპირატესობას იძლევა გათბობის სისტემებთან მიმართებით, რადგან სახლის პირობებში გაზის ჩანაცვლება ელექტროენერგიით ხორციელდება. მზის პანელების უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ქარის ელექტროსადგურისგან განსხვავებით, მუშაობისას არ წარმოქმნის დიდ ხმაურსა და ვიბრაციას და ბევრად კომფორტული მოსახმარია“.

არსებობს მზის ელექტროსადგურის რამდენიმე სახეობა — ქსელზე დაერთებული, ქსელისგან დამოუკიდებელი და ჰიბრიდული სისტემები. პანელი, თითოეული მათგანის შემადგენელი ნაწილია, რადგან ის გენერაციის წყაროს წარმოადგენს.

აღნიშნული სახეობებიდან ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი მოდელი ქსელური მზის ელექტროსადგურია (ის ქსელთან ერთად, ერთობლივ რეჟიმში მუშაობს), რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ აკუმულატორს, რადგან მის ფუნქციას ცენტრალური ქსელი ითავსებს, არასაჭირო ენერგიას კი ქსელს აწვდის. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დადებითი ბალანსის შემთხვევაში, აღარ ხდება ელექტროენერგიის საფასურის გადახდა და ქსელი  ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს უკან აბრუნებს. რაც პირველადი ინვესტიციის თანხებს აბალანსებს, კომუნალური გადასახადების ხარჯებს ამცირებს და რაც მთავარია, დამატებითი ფინანსების გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა.

„ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ელექტრო პანელების ღირებულებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით ინვესტიცია არ ღირს, რაც არასწორია, რადგან მზის განახლებადი ენერგიის გამოყენებით, რამდენიმე წელიწადში თავისუფლდებით გადასახადებისგან და არასასურველი ხარჯებისგან“, — ამბობს თორნიკე დარჯანია.

ჩვენი რესპონდენტი ასევე გვიხსნის, რომ მშენებარე სახლის შემთხვევაში უმჯობესია, თავიდანვე გათვალისწინებული იყოს განახლებადი ენერგიების ინტეგრირებისთვის საჭირო პირობები, როგორიცაა სახლის ორიენტაცია, სახურავის მდებარეობა, გათბობა-გაგრილების სისტემების კეთილმოწყობა. უკვე აშენებული სახლის შემთხვევაში კი აუცილებელია დარგის სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, რომელიც ელექტროენერგიის წლიური დანახარჯის საფუძველზე შესაბამისი სიმძლავრის ელექტროსადგურს შეარჩევს და მონტაჟისათვის აუცილებელი ყველა დეტალის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ადამიანი, როგორც ბუნების ნაყოფი — ინტერვიუ გიორგი ლაბაურთან

შექმენი შენი სივრცე ველიზე – სახლისა და ეზოს განახლებული კატეგორია VELI.store-ზე