in

არქიტექტურა, როგორც გარემოსა და ადამიანის თანაარსებობის საშუალება — ინტერვიუ დევი ქიტუაშვილთან

დევი ქიტუაშვილიMUA – Architecture & Placemaking“-ის  თანადამფუძნებელი და თანამედროვე ქართულ არქიტექტურულ სივრცეში აქტიური ფიგურაა. წარმატებული არქიტექტურული სტუდიის დამაარსებელს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მრავალი არქიტექტორისგან განსხვავებით, მან საკუთარი პროფესია შედარებით გვიან, ზრდასრულ ასაკში იპოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, საკუთარი ინტერესის გაღრმავება და ახალი ცოდნის შეძენა სწრაფად და წარმატებით მოახერხა. გარკვეული კარიერული გამოცდილების შემდეგ კი საკუთარი კომპანიაც დააარსა.  დღევანდელ სტატიაში დევი ქიტუაშვილი განვლილ გზას იხსენებს, გვესაუბრება საკუთარ პროექტებსა და მუშაობის პროცესზე და ასევე მსჯელობს არქიტექტურის დანიშნულებაზე და ქართულ არქიტექტურულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე.

როგორ გახსენდებათ ბავშვობა? როგორი გატაცებები გქონდათ მაშინ? უკავშირდებოდა თუ არა თქვენი ინტერესები არქიტექტურას?

ბავშვობაში, ისევე როგორც ახლა, ძალიან მიყვარდა მოულოდნელ ადგილებში სივრცის აღმოჩენა. მახსოვს, საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის დანახვა ყოველთვის ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ მაქცევდა და აღმაფრთოვანებდა. ძალიან კარგად გამომდიოდა ხაზვა და ნებისმიერი რამის წარმოდგენა შემეძლო სამ განზომილებაში. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ჩემი არქიტექტორობის მიზეზი ბავშვობა და იმ პერიოდის გატაცებები გახდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ გადმოსახედიდან, ალბათ ნებისმიერ პროფესიასთან შემეძლო ბმის პოვნა. მგონია, არქიტექტურა მოგვიანებით, უფრო გააზრებულად ავირჩიე.

როდის დაინტერესდით არქიტექტურით?

არქიტექტურით  22-23 წლის ასაკში დავინტერესდი, მას შემდეგ, რაც თბილისში ინფორმატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ფორმალური განათლება არქიტექტურაში არ მიმიღია. ცხოვრების იმ ეტაპზე ამდენი დრო არ მქონდა. დამოუკიდებლად ვისწავლე არქიტექტურული პროგრამები, რამაც ძალიან გამიტაცა, თან იმ დროს ეს იშვიათი უნარი იყო. დანარჩენი უკვე პრაქტიკული გამოცდილებით ვისწავლე, ჯერ სხვადასხვა კომპანიაში მუშაობით, შემდეგ კი ინდივიდუალური პრაქტიკული გამოცდილებით.

თქვენი კარიერიდან რომელ მნიშვნელოვან ეტაპებს გამოყოფდით?

პირველი სამსახური ინტერიერის დიზაინის კომპანიას — „Redjacket“-ს უკავშირდება (2003-2004 წ.). იქ ორ წელზე მეტი იქ ვმუშაობდი – ჯერ სტაჟირებაზე, შემდეგ კი გუნდის სრულფასოვანი წევრი გავხდი. ამის შემდე „ფრილანსერად“ დავიწყე მუშაობა არქიტექტურულ კომპანია „Chassey & Last Architects“-ში ვიზუალიზაციის სპეციალისტად და პარალელურად, საქართველოში განხორციელებულ პროექტებში ვიყავი ჩართული, როგორც უმცროსი პარტნიორი. ამასთან ერთად,  საკუთარი საქმიანობაც წამოვიწყე და ინტერიერის დიზაინსა და მცირე ზომის არქიტექტურულ პროექტებს ვაკეთებდი. მომდევნო ეტაპზე „Architects of Invention“-ის პარტნიორი გავხდი, რომლის გაყოფის შემდეგ (2013 წ.), მე და გოგიკო საყვარელიძემ „ MUA – Architecture & Placemaking“-ის სახელით გავაგრძელეთ ჩვენი საქმიანობა.

როგორ ფიქრობთ, როგორია 21-ე საუკუნის არქიტექტორი? რას ემსახურება დღეს არქიტექტურა და როგორი მიმართულებით ვითარდება ის?

დღევანდელი არქიტექტურა განვითარდა და თანამედროვე გამოწვევებს ერგება, რაც, ჩემი აზრით, ბუნებრივი პროცესია. არქიტექტურა, როგორც ყველა სხვა პროფესია, მსგავს ცვლილებებს და ადაპტაციას მუდმივად განიცდის.

ვფიქრობ, მომავლის არქიტექტურა კიდევ უფრო კომპლექსური, ტექნოლოგიურად დატვირთული და მეტ მომიჯნავე პროფესიაზე დამოკიდებული იქნება. ასევე მგონია, რომ მასალები რადიკალურად შეიცვლება და მდგრადი, სრულად გადამუშავებადი გახდება. ამაშიც მნიშვნელოვან წილს ახალი ტექნოლოგიები ითამაშებს. სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება ურბანული კლასტერები. მეტწილად ვერტიკალურად და მათში მრავალი ფუნქციის გაერთიანება მოხდება. ვიხილავთ ვერტიკალურ უბნებს/ ქალაქებს, რომლებიც თვითმყოფადი იქნება და ერთმანეთს ახლო თუ შორ დისტანციებზე ჰაერში მოძრავი, ავტონომიური ტრანსპორტით დაუკავშირდება. სამშენებლო ტექნოლოგიები კი ბიომიმიკას მიმართულებით განვითარდება (Biomimicry – ბუნების დიზაინიდან შთაგონებული ხელოვნური ინოვაციები).

რაც შეგვეხება ჩვენ, არქიტექტორებმა უნდა ვიპოვოთ ახალი გზები დღეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად – იქნება ეს სოციალური პრობლემების გადაჭრა, მშენებლობის პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება თუ მომავლის ადამიანისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს შექმნა.

პრობლემები ახსენეთ, მოდით ქართულ არქიტექტურაში არსებულ გამოწვევებზე ვისაუბროთ. ზოგადად, როგორ დაახასიათებთ ამ სფეროს? 

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიმაჩნია ის, რომ არ გვაქვს გამოკვეთილი სტანდარტები არქიტექტურული საქმიანობისთვის (არ ვგულისხმობ სამშენებლო და უსაფრთხოების, ან ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების სტანდარტებს). ვგულისხმობ სტანდარტებს  არქიტექტურული მომსახურებისთვის; მომსახურების შესრულებისას ჩასატარებელი და ჩასაბარებელი სამუშაოებისთვის; მომსახურების ფასწარმოქმნისთვის დ.ა.შ. ჩემი აზრით, ძალიან გვჭირდება პროფესიული კავშირის გაძლიერება და მასში ყველა ასაკის არქიტექტორის აქტიური ჩართულობა.

პრობლემების მიუხედავად, საქართველოში უკვე არაერთი არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის კომპანია არსებობს, რომლებიც ძალიან მაღალი ხარისხის პროექტებს აკეთებენ. ამის კარგი მაგალითია წამყვან საერთაშორისო ონლაინ თუ ბეჭდურ გამოცემებში დაბეჭდილი გახმაურებული პროექტები. აშკარად შეინიშნება ამ კომპანიების რაოდენობის ზრდა, რაც კონკურენციის ზრდასთან ერთად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ქვეყნის შიგნით გამოცდილების დაგროვებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, გაიხსნა ახალი არქიტექტურული სკოლები, რომლებმაც საგრძნობლად გაზარდეს არქიტექტურის სწავლების ხარისხიც.

საინტერესოა, ქართული არქიტექტურიდან რომელ პროექტებს გამოყოფდით?

თანამედროვე ქართველების ნამუშევრებიდან გიორგი ხმალაძის ბათუმის „მაკდონალდსის“ შენობას გამოვარჩევდი, ასევე „მეამას“ ოფისს. ძალიან მომეწონა „Laboratory of Architecture“-ის ახალი სასტუმროს პროექტი და თიხისფერი სახლი წავკისში; გამოვყოფდი სტუდია „არსის“ შენობას აბულაძეზე (რატი ჩომახიძის პროექტი), ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობას ( თენგიზ კვანტალიანის პროექტი) და კიდევ ბევრი შედარებით უფრო ახალგაზრდა და არც ისე ახალგაზრდა არქიტექტორის ნამუშევრებია საინტერესო.

ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებაზე, როგორია თქვენი მუშაობის პროცესი და რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი?  

არქიტექტურა საკუთარ სათქმელს ათწლეულობის განმავლობაში ამბობს, ჩემი ნამუშევრები კი ჯერ ბოლომდე არ ვიცი, რას იტყვის. თუმცა მინდა, რომ ჩვენი პროექტები იმ ადამიანების ენით ლაპარაკობდეს, რომლებიც მათთან ყველაზე ახლო შეხებაშია და დიდი ხნის განმავლობაში თანაარსებობს. ასევე მაინტერესებს, როგორ იგუებს მათ ის ქალაქები, რომელთა კონტექსტშიც ისინი მოხვდა ან მოხვდება.  მუშაობის პროცესშიც ამაზე ვფიქრობ ხოლმე, თუ როგორი იქნება შენობა მას მერე, რაც „ცხოვრებას“ ჩვენს გარეშე განაგრძობს. ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პროექტის პრაქტიკულობას, მის ორიენტაციას ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად ენერგოეფექტურობას, შერჩეული მასალის ხარისხს, მის წარმომავლობას და ა.შ.

თქვენი მრავალმხრივი პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით?

ყველაზე მეტად ალბათ ფაბრიკას გამოვარჩევდი. განსაკუთრებული პროექტია ჩემთვის, რადგან მოახერხა და თავი შეაყვარა ქალაქს, გაამრავალფეროვნა მისი ურბანული კონტექსტი და დღესაც ერთ-ერთი კატალიზატორია თბილისის შემოქმედებითი და სოციალური ცხოვრების.

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე

ამჟამად ათზე მეტი მიმდინარე პროექტი გვაქვს. მათ შორისაა საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსი თბილისში, ვიზიტორთა ცენტრი ყვარელში, საერთაშორისო ბრენდის 600 ნომრიან სასტუმრო გონიოში, დაახლოებით იგივე ტიპის სასტუმრო ქობულეთში, საცხოვრებელი და სასტუმროს პროექტი დუბაიში, ამბულატორიული კლინიკა თბილისში და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თელავსა და მესტიაში. სამომავლოდ გვინდა გავზარდოთ ჩვენი პროექტების რიცხვი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამაზე უკვე ვმუშაობთ და გვაქვს გარკვეული სტრატეგიული მონახაზი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ დავაპროექტოთ კუთხის კარადა სამზარეულოში – იდეები შთაგონებისთვის

ანტიკური ქალაქებით შთაგონებული „teamtwo“-ს პროექტი არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია