მსოფლიოში ცნობილი ფინელი არქიტექტორისა და დიზაინერის, ალვარ აალტოს (1898-1976 წწ) კარიერა 1921 წლიდან იწყება. მისი ნამუშევრები მე-20 საუკუნის სკანდინავიური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებად არის აღიარებული. აალტო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მკაცრ გეომეტრიულ ფორმებს ჩამოშორდა და განსხვავებული, თანამედროვე დიზაინის მქონე შენობები დააპროექტა. ალვარ აალტო მოდერნიზმის გამორჩეულ ფიგურად ითვლება.
მისი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი ტუბერკულოზის სანატორიუმის დაგეგმვაა. პაიმიოში მდებარე ამ შენობის დაპროექტებით იწყება აალტოს, როგორც დიზაინერის საქმიანობა. სანატორიუმი მთლიანად მის მიერ გამოგონილი ავეჯითა და განათებით მოეწყო. ის თანამედროვე არქიტექტურის ისტორიაში გამორჩეული ფიგურაა.
ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე, მრავალფეროვანია მის მიერ დაპროექტებული შენობები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე: ფინეთის საკონცერტო ჰოლი, ჰელსინკის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ბრემენში, ეკლესია ბოლონიაში, ხელოვნების მუზეუმი ირანში, კულტურის სახლი გერმანიაში.
Finland University of Technology Main Building
აალტო ყურადღებას ამახვილებდა ადგილზე, სადაც მშენებლობა იგეგმებოდა და შენობის ყველა დეტალზე. „ფორმას უნდა ჰქონდეს შინაარსი, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან,“ – ამბობდა აალტო. სწორედ ამ მიდგომითაა გამორჩეული მისი საქმიანობა, როგორც არქიტექტურის, ასევე ინტერიერის დიზაინის სფეროში.
ალვარ აალტოს შემოქმედება ფართო სპექტრს მოიცავს: არქიტექტურას, ავეჯის, განათების და მინის დიზაინს. მსოფლიოში სახელგანთქმული არა მხოლოდ მისი დაპროექტებული შენობებია, არამედ ავეჯი, განათება და ლარნაკები.
არქიტექტორის გამოგონილი, ლამინირებული დაგრეხილი ხის ავეჯის ახალი ფორმა “L leg” აღიარებული იქნა გენიალურ სიახლედ. ის 1933 წელს დაპატენტდა. ალვარ აალტომ “L leg” სკამის შექმნა არქიტექტურული სვეტის გამოგონებას შეადარა. თანამედროვე დიზაინის წყალობით შესაძლებელია, ავეჯის ფეხები მიებას როგორც სკამს, ისე მაგიდას. 1935 წელს აალტომ დაარსა კომპანია, რომელიც აწარმოებდა მის გამოგონილ ავეჯსა და განათებას.
ალვარ აალტო აღიარებულია, როგორც თავისუფალი არქიტექტურული ფორმების გამომგონებელი დიზაინერი. 1938 წელს ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა.