ვინაიდან 2020 წლის უმეტესობის გატარება სახლებში მოგვიწია, ინტერიერის დიზაინზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება დავიწყეთ. ჩვენივე საცხოვრებლების გარკვეული არასრულყოფილებები მეტად შესამჩნევი ხდება, როცა მათ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებით. შესაბამისად, თუ მათი გადასხვაფერება და გალამაზება გსურთ, ინსპირაციისთვის გიზიარებთ 2020 წლის საუკეთესო რენოვაციის ისტორიებს.
- კალიფორნიული სამზარეულოს გარდაქმნა
კალიფორნიაში მდებარე ეს რანჩო 1950-იანი წლების შემდეგ ხელუხლებელი იყო, შესაბამისად, მისი ინტერიერის დიზაინი სასწრაფოდ ითხოვდა შველასა და განახლებას. მისმა ახალმა მფლობელებმა დასახმარებლად დიზაინერ ფეით ბლეიკნის (Faith Blakeney) მიმართეს, რომელმაც სახლისთვის სრულიად ახალი პროექტი შექმნა. სამზარეულოს რენოვაციამდე იმაზე სამჯერ ნაკლები თავისუფალი ფართობი ჰქონდა, ვიდრე ახლა – დიზაინერის პროექტის საშუალებით სივრცე მეტად გათავისუფლდა. დიზაინერმა ხელუხლებლად დატოვა სამზარეულოს ხის ჭერისა და იატაკის მასალა, თუმცა რადიკალურად შეცვალა ფერები. თეთრი და მწვანე ფერების დომინაციით მან შეძლო სახლში მზის სინათლის “შემოპატიჟება” და საოცარი შედეგი მიიღო, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტია.
სამზარეულო რენოვაციამდე
სამზარეულო რენოვაციის შემდეგ
ფოტოები:Jessica Alexander
2. ლოს-ანჯელესური დუპლექსის რენოვაცია
Echo Park-ში, ლოს-ანჯელესში მდებარე ამ დუპლექსის რენოვაციის პროექტი თავად მის მფლობელს, ამერიკელ ინტერიერის დიზაინერ ლორელ ბროუთონს (Laurel Broughton) ეკუთვნის. რენოვაციამდე დუპლექსი, რომელიც მიმზიდველ უბანში მდებარეობს და წინ ლოს-ანჯელესის ჯადოსნური ხედი ეშლება, თავის პოტენციალს საერთოდ ვერ ამჟღავნებდა და ლორელს შენაძენი თავდაპირველად ბევრმა დაუწუნა. თუმცა, მისი რემონტის შემდეგ გათავისუფლდა უდიდესი სივრცე, ოთახები საოცრად გაიზარდა და პასტელის ფერებში გადაწყვეტილმა ინტერიერმა მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მნახველის გული დაიპყრო.
რენოვაციამდე
რენოვაციის შემდეგ
3. 500 დოლარად გარდაქმნილი სამზარეულო ნიუ-იორკში
ამ საოცრად დაბალბიუჯეტიანი რენოვაციის პროექტის ავტორი მერილინ დამურია (Maryline Damour), დიზაინისა და სამშენებლო კომპანია “Damour Drake”-ის მთავარი დიზაინერი. მისი მიზანი იყო შეექმნა ისეთი სამზარეულოს დიზაინი, რომელიც ვიქტორიანული ეპოქის სულისკვეთებას თანამედროვე სტილში წარმოაჩენდა. ამ ეფექტის მისაღწევად მან ოთახში ნაცრისფრი ფერის ტონალობები გამოიყენა. რაც შეეხება დაბალ ბიუჯეტს, დიზაინერმა მასალად არყის ხის ფანერები და შედარებით იაფი საღებავები გამოიყენა.
რენოვაციამდე
რენოვაციის შემდეგ
4. პატარა სახლად გარდაქმნილი ავტოფარეხი
ეს სახლი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიეტლში მდებარეობს. მის მფლობელებს, ილგა და კაილ პარმენტიერებს ოჯახის მოხუცებულმა წევრმა სთხოვა, რომ მისთვის პირადი სივრცე გამოეყოთ, სადაც განმარტოებასა და დღეების მშვიდად, ხმაურისგან შორს გატარებას შეძლებდა. წყვილმა ამისთვის შესაფერისად თავიანთი დიდი ავტოფარეხი მიიჩნია, რომელსაც არ იყენებდნენ და დასახმარებლად არქიტექტურულ სტუდია Best Practice Architecture-ს მიმართეს. სწორედ ასე გარდაიქმნა ავტოფარეხი სახლად, რომელსაც აქვს თავისი განათებული, დახვეწილი სამზარეულო და მისაღები ოთახი და ეზო, სადაც მებაღეობა მისი მფლობელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
რენოვაციამდე
რენოვაციის შემდეგ
5.Ikea-ს ავეჯით გაწყობილი ბინა ედინბურგში
პროექტის ავტორი შოტლანდიელი არქიტექტორი, ლუკ მაკლელანდია (Luke McClelland), რომელსაც საკმაოდ რთული დავალება ჰქონდა შესასრულებელი – დაბალი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა განეახლებინა სამზარეულო, რომელიც დაობებული, ჟანგიანი და, საერთო ჯამში, საშინლად დაზიანებული იყო. ამის შესასრულებლად მან სამზარეულო და სასადილო ოთახი გააერთიანა, რითიც სივრცე გააფართოვა და სამზარეულო ბევრად უფრო ჰაეროვანი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ Ikea-ს პრუდუქცია არაა მდიდრული, ფულის დასაზოგად არქიტექტორმა სწორედ სკანდინავიური ბრენდის ავეჯით გააწყო სამზარეულო და ბიუჯეტის შედარებით დიდი ნაწილი ოთახის ძვირფასი მასალით მოწყობაზე დახარჯა.
რენოვაციამდე
რენოვაციის შემდეგ