in

3daysofdesign – ყოველწლიური ფესტივალი დანიაში და მთავარი მოვლენა სკანდინავიური დიზაინის სამყაროში

3daysofdesign არის ექსკლუზიური ღონისძიება, სადაც პრესის წარმომადგენლები, დიზაინერები, ბლოგერები, მყიდველები, არქიტექტორები და უბრალოდ დიზაინის ენთუზიასტები დანიის დედაქალაქს სტუმრობენ, რათა მოინახულონ ახალი დიზაინ პროდუქტები და არა მხოლოდ დანიის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სკანდინავიური ბრენდების კატალოგები.

ეს ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როდესაც  3daysofdesign გაიმართა როგორც პატარა გამოფენა ნორდჰავნის ძველ საწყობში, ნავსადგურში, რომელიც გადაჰყურებს კოპენჰაგენის სანაპიროს. ამ დროს ოთხმა დანიურმა ბრენდმა: Montana, Erik Jørgensen (რომელიც ახლა ეკუთვნის Fredericia Furniture-ს), Anker & Co და Kvadrat-მა წამოიწყო ერთობლივი ინიციატივა. მაშინ კოპენჰაგენში არ არსებობდა მასშტაბური ღონისძიება დიზაინის სფეროში, რომელიც ავეჯის მწარმოებლებს შორის იქნებოდა პოპულარული.

ღონისძიების აღმასრულებელი დირექტორი თავიდანვე იყო Signe Byrdal Terenziani, რომელიც დღემდე მის სათავეში დგას და პასუხისმგებელია დაგეგმვის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე. ის მართავს 3daysofdesign-ის თითოეულ ასპექტს და უზრუნველყოფს, რომ ღონისძიებამ ყველანაირი პრობლემების გარეშე ჩაიაროს.

დღეს 3daysofdesign ფესტივალი მოიცავს მთელს კოპენჰაგენს და ითვლება წლის ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინის ფესტივალად სკანდინავიაში. 2024 წელს გამოფენა აერთიანებს 10-მდე ცალკეულ ტერიტორიას და 12-14 ივნისს უმასპინძლებს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რათა დამთვალიერებმა აღმოაჩინონ ახალი ავეჯი, სანათები და აქსესუარები.

ფესტივალი ტარდება შოურუმებში, მაღაზიებში, ქუჩებში, გალერეებსა და სხვადასხვა დარბაზებში. მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად ორიენტირებულია ავეჯის მწარმოებლებისა და დიზაინერებზე, იგი ასევე ღიაა ფართო საზოგადოებისთვისაც. 3daysofdesign-ის ფარგლებში მოწყობილი ექსკლუზიური გამოფენები 3 დღის მანძილზე ტარდება და ღიაა 10:00-დან 18:00 საათამდე. საღამო საათებში კი დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ცალკეული ბრენდების ორგანიზებით იმართება.

3daysofdesign ფესტივალი უზრუნველყოფს პლატფორმას როგორც განვითარებადი, ასევე უკვე ფართოდ ცნობილი დიზაინ ბრენდებისთვის. ის მოიცავს მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებითა და ინოვაციური პროდუქტებით. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეხვდეთ დიზაინერებს, რომლებიც ქმნიან გამორჩეულ ნივთებს სახლისთვის და იხილოთ იმ ლეგენდარული დიზაინერების შედევრები, რომლებსაც არაერთი საკულტო ობიექტი ეკუთვნით.

2024 წლისთვის გამოფენაში მონაწილე ბრენდების რაოდენობამ 250-ს მიაღწია, რომლებიც თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს სიამოვნებით წარადგენენ დანიაში. გამოფენა მნახველებს არა მხოლოდ განსაკუთრებულ დიზაინ ობიექტებს აჩვენებს, არამედ ჰპირდება მრავალფეროვან გაფორმებას ქალაქის თითოეულ უბანშიც.

3daysofdesign აკეთეს ყველაფერს იმისთვის, რომ გამოფენაზე სტუმრობა განსაკუთრებით სასიამოვნო და კომფორტული იყოს. ამ პერიოდში მარტივია ქალაქში გადაადგილება, ფეხით სიარულისთვის მოწყობილია სხვადასხვა მოსანახულებელი და გასართობი სივრცეები, შესაძლებელია ნავების, მანქანებისა და ველოსიპედების დაქირავება ან მეტროთი და ავტობუსებით სარგებლობა. ერთი ადგილიდან მეორემდე კი შეგხვდებათ უამრავი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა.

5 მარტივი წესი იაპონური სტილის მისაღები ოთახის შესაქმნელად

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი — ნინო მანჯავიძის ხედვა