in

მარიამ მენაბდე და დავით დანელია ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) სავალიდაციო პანელის წევრები გახდნენ

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი — მარიამ მენაბდე და ამავე სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი დავით დანელია ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) სავალიდაციო/სააკრედიტაციო პანელის წევრებად მომდევნო 4 წლის ვადით აირჩიეს.

„RIBA“ (Royal Institute of British Architects) არქიტექტურის სფეროში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სააკრედიტაციო ინსტიტუტია, რომელიც ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთ 120-ზე მეტ ვალიდირებულ/აკრედიტებულ არქიტექტურის პროგრამასა და უნივერსიტეტს მოიცავს. სააკრედიტაციო საბჭო არქიტექტურის დარგში მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს, როგორც პრაქტიკოს, ასევე სამეცნიერო დარგის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც  განათლების გარდაქმნისა და გაძლიერების პროცესებს ხელმძღვანელობენ. არქიტექტურის სფეროში პროფესიული განათლების მზარდი ინტერესის საპასუხოდ, „RIBA“-ს საბჭო ცდილობს, დანერგოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გლობალურ გამოწვევებზე დაფუძნებული სტანდარტები და ღირებულებები.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) სააკრედიტაციო/სავალიდაციო საბჭოს ქართველი წევრი არასდროს ჰყოლია. წელს კი მათ მარიამ მენაბდე და დავით დანელია შეუერთდნენ, რომლებიც „RIBA“-ს ფასეულობებისა და ღირებულებების გავრცელებასა თუ დანერგვას შეეცდებიან, რათა ხელი შეეწყონ ქვეყანაში არქიტექტურის თანამედროვე და ხარისხიანი განათლების მიღებას.

„RIBA-ს საბჭოში გაწევრიანება გარკვეული ეტაპების გავლას მოითხოვდა, სხვადასხვა გასაუბრებასა და დოკუმენტაციის მომზადებას. ყველა შესაბამისი პროცესის გავლის შემდეგ კი რეგიონში პირველად, 2024 წლის 30 აპრილიდან მე და სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი – დავით დანელია RIBA-ს სავალიდაციო/სააკრედიტაციო პანელის წევრები გავხდით“, — აღნიშნავს კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი, მარიამ მენაბდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამ 2023 წელს მიიღო RIBA-ის უპირობო ვალიდაცია, რაც კავკასიის უნივერსიტეტის  დიდი წარმატებაა. კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურული პროგრამა საქართველოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელმაც ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, რაც სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებასა და  მეტ პროფესიულ შესაძლებლობას სთავაზობს.

„ყველაფერი დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის საერთაშორისო  ვალიდაცია/აკრედიტაციის პროცესზე მუშაობით. ამ სტატუსის მოპოვება თავდაპირველად წარმოუდგენელი და მიუღწეველი გვეგონა, თუმცა თავდაუზოგავმა შრომამ, რწმენამ იმისა, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების დასანერგად, ლექტორები, პრაქტიკოსი არქიტექტორები და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესიონალთა გუნდი გაგვაერთიანა. ერთობლივი ძალებით კი შევძელით და დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამ „RIBA“-ს უპირობო ვალიდაცია მოიპოვა, რაც ხარისხიანი განათლების დასტური და სტუდენტებისთვის მეტი პროფესიული შესაძლებლობის მინიჭების საშუალებაა“, — ამბობს მარიამ მენაბდე.

„RIBA“-ს სავალიდაციო პანელის წევრობა უდიდეს შესაძლებლობას უქმნის ქართულ არქიტექტურულ სფეროს განვითარებისთვის და დარგის წარმომადგენლებს, სტუდენტებს პროფესიული ზრდისთვის. აღნიშნული სტატუსი ხელს შეუწყობს საერთაშორისო კონტაქტებისა და ურთიერთობების გამოყენებას კვლევითი და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად; სწავლისა და გამოცდილების თანამედროვე მეთოდების გაზიარებასა თუ დანერგვას ქართულ სასწავლო სისტემაში; გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და პროფესიული დარგის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას, რაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

„პირველად ისტორიაში, ქართველი არქიტექტორები აღმოვჩნდით მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული სააკრედიტაციო საბჭოს წევრთა რიგებში, რაც არა  მხოლოდ ინდივიდის პირადი წარმატება, არამედ არქიტექტურულ სივრცეში ჩვენი ქვეყნის სტატუსისა და სახელის აღიარებაა. დიდი წარმატებაა, რომ მოგვიწევს, ჩვენი პროფესიული წვლილი შევიტანოთ „RIBA“-ის ღირებულებებისა და ხედვების დანერგვაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში, რაც ამავდროულად უზარმაზარი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. გვჯერა, რომ მონიჭებული სტატუსი იქნება ქართული არქიტექტურული გარემოს განვითარების წინაპირობა“, — მარიამ მენაბდე.

ბინა თანამედროვე და მინიმალისტურ სტილში ავლაბარში — თამარა წითლიძის ნამუშევარი

3 საუკეთესო ნეიტრალური ფერი შემოსასვლელი სივრცის მოსაწყობად