თანამედროვე ინტერიერებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ღია გეგმარირების მისაღები და სამზარეულო, რომლებიც ერთმანეთისგან ზონირებულია მხოლოდ ავეჯის დახმარებით. ამგვარი სტილი ინარჩუნებს სითბოსა და ერთიანობის შეგრძნებას და იძლევა მარტივი კომუნიკაციის საშუალებას.
სახლის თანამედროვე განლაგება და დიზაინი ითვალისწინებს იმას, რომ ღია გეგმარირების ინტერიერებში ოთახები იყოს პრაქტიკული, გამოიყურებოდეს თვალისთვის სასიამოვნოდ და სივრცეები ერთმანეთში გადადიოდეს ისე, რომ არ იგრძნობოდეს განსხვავებული სტილი და აქცენტები. ამის მისაღწევად ინტერიერის დიზაინერები 5 პრაქტიკულ და მარტივ გზას გვირჩევენ.
გამოიყენეთ გამორჩეული დიზაინის მქონე ჭაღები და სანათები
ინტერიერის დიზაინერები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ განათებას ძალიან დიდი ძალა აქვს და განსაკუთრებით სამზარეულოში, სადაც მას შეუძლია გარდაქმნას მთლიანი სივრცე. დაამატეთ თქვენს სამზარეულოში კედლის სანათები, დახვეწილი და ელეგანტური ჭაღები და სხვა მსგავსი აქსესუარები. სამზარეულოს კეთილმოწყობისთვის განსაკუთრებულად პრაქტიკული და ეფექტურია მაგიდის სანათები. სინათლე ძალიან უხდება სამზარეულოს კუნძულსაც, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი სანათები, სივრცეში მცირეოდენი კონტრასტის დასამატებლად.
გაითვალისწინეთ, რომ სანათის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი დიზაინი, არამედ ნათურებიც. შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელსაც ექნება შედარებით უფრო თბილი და რბილი შუქი და არა მკვეთრი თეთრი ნათება, რომელიც გონებისა და თვალების გადაღლას გამოიწვევს. ამ პრინციპებით შექმნილი სამზარეულო ერთდროულად იქნება როგორც ძალიან მიმზიდველი, ასევე პრაქტიკულიც.
ინტერიერში დაამატეთ ბუნებრივი მასალა
კარგი ხარისხის ბუნებრივი მასალა, რომელიც თბილ ტონებში იქნება გადაწყვეტილი, თქვენი სამზარეულოს დიზაინს კიდევ უფრო მეტად აამაღლებს. გამოიყენეთ ხე, აბრეშუმი და მსგავსი მასალა იმისთვის, რომ შექმნათ იატაკის საფარი, სამზარეულოს ზედაპირები ან ცალკეული დეკორაციები. ნუ მოერიდებით ბუნებრივი ქვისა და მარმარილოს გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა, მათგან დამზადებული აქსესუარები, როგორიცაა თეფშები, ხილის თასები და სხვა, ინტერიერს კლასიკურ და ელეგანტურ იერს შესძენენ. ნუ მოერიდებით ხისფერი დეტალების დამატებასაც, გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი ფერები და აქცენტები ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი და ჰაეროვანი ატმოსფეროს შექმნისთვის.
გამოიყენეთ ფერადი აქსესუარები და ხელოვნების ნიმუშები
არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც უარი უნდა თქვათ სამზარეულოში ხელოვნების ნიმუშებისა და დეკორაციების გამოყენებაზე. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ნახატები ან მცირე სკულპტურები, არამედ ფერადი თეფშები, რომელთა დახმარებითაც მოაწყობთ დეკორატიულ თაროს ან კედლის გალერეას. შეარჩიეთ ისეთი ნივთები, რომლებიც გამოხატავენ თქვენს გემოვნებას და ინდივიდუალურ სტილს. კარგად დაფიქრდით თუ სად, რა სიმაღლეზე განალაგებთ ამ ნივთებს და საგულდაგულოდ შეარჩიეთ ფერთა სისტემა, რათა ის იდეალურად მოერგოს სამზარეულოს საერთო ესთეტიკას.
შეათავსეთ ფორმა და ფუნქცია
სამზარეულო იდეალური ადგილია ფორმისა და ფუნქციის დასაბალანსებლად. შეარჩიეთ ნივთები, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ გამოირჩევა ფუნქციურობითაც. მაგალითად, სამზარეულოს კალათები, კონტეინერები და სხვა მსგავსი აქსესუარები. ამგვარად ძალიან მარტივად შეძლებთ სამზარეულოში სასიამოვნო, კონტრასტული აქცენტების დამატებას და კომფორტული, ფუნქციური ზონების შექმნას.
დაიცავით სისუფთავე და წესრიგი
გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ლამაზი და ელეგანტური დიზაინიც კი დაიკარგება, თუ მთლიანი სივრცე მოუწესრიგებელი და ქაოსური იქნება. იფიქრეთ სამზარეულოს ზონების მოწესრიგებაზე, განსაკუთრებით კი ისეთი სივრცეების, როგორებიცაა ღია ზედაპირები, თაროები და ის ყველაფერი, რაც თვალისთვის მარტივად შესამჩნევია. ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, უჯრებსა და კარადებში დამალოთ ის ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურობაში არ იყენებთ, რადგან მათ შეუძლიათ მყისიერად დაარღვიონ ოთახის იერსახე.
რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი