„პრაიმ სტუდიო“ არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის სტუდიაა, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში სამშენებლო სერვისების სრულ სპექტრს და საპროექტო დოკუმენტაციისა თუ საკანონმდებლო ვალდებულებების უზრუნველყოფას სთავაზობს. მაღალი ხარისხით შესრულებულ სამუშაოსთან ერთად, კომპანიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დამკვეთს აღარაფერზე უწევს ფიქრი და მომაბეზრებელი ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავისუფალია, ამიტომ მშენებლობის პროცესი მისთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება და უდიდესი დროის თუ ფინანსური რესურსი ეზოგება. ამასთანვე, „პრაიმ სტუდიო“ განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებასა და საცხოვრებელი უბნებისა თუ კვარტლების დაგეგმვასაც უზრუნველყოფს, რაც კომპანიას ბევრად მრავალფუნქციურს და დღევანდელ სამშენებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდიის მუშობის პრინციპი გუნდურ საქმიანობას ეფუძნება და თითოეული წევრი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით არის ჩართული ყველა პროექტში. კომპანიის სამუშაო პროცესზე, სერვისებსა და პროექტებზე კომპანიის დირექტორი — სოფიო ზარანდია გვესაუბრება, რომელიც პროფესიით იურისტია, თუმცა არქიტექტურულ კომპანიებში მრავალწლიანმა მუშაობამ და სანებართვო და სამშენებლო საკითხებზე სამართლებრივმა გამოცდილებამ, ეს მიმართულება განსაკუთრებით შეაყვარა და შემოქმედებითი ხედვის გამოვლინების შესაძლებლობა მისცა. სოფიომ მეგობრებთან ერთად „პრაიმ სტუდიოს“ დაარსება გადაწყვიტა. ამ საინტერესო თავგადასავლისა და ისტორიის შესახებ კი ის დღევანდელ ინტერვიუში თავად გვესაუბრება.
სოფიო, გვიამბეთ საიდან და როგორ გაჩნდა „პრაიმ სტუდიოს“ შექმნის იდეა და რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?
„პრაიმ სტუდიოს“ შექმნის იდეა მე და ჩემს მეგობრებს 2021 წელს გაგვიჩნდა. არქიტექტურულ და სანებართვო სფეროში წლების მანძილზე ცალ-ცალკე თუ ერთობლივად დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და მაღალი ხარისხის სერვისის დანერგვის სურვილმა პასუხისმგებლობის განცდით გამოწვეულ შინაგან მღელვარებას სძლია და ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე, სადაც არქიტექტურული კომპანიის შექმნის სურვილი ხმამაღლა და მკაფიოდ პირველად გამოვთქვით, გადავწყვიტეთ, იდეა რეალობად გვექცია. თავიდანვე ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო საოცნებო, დახვეწილი არქიტექტურული პროექტის შეთავაზებასთან ერთად, მოგვეხერხებინა დამკვეთებისთვის ნებართვის მიღების რთული და ბიუროკრატიული პროცესის მნიშვნელოვნად შემსუბუქება იმგვარად, რომ საოცნებო სახლებზე მუშაობის პროცესი მათთვის სასიამოვნო მოგონება გამხდარიყო.
რაც შეეხება კომპანიის სახელს, სიტყვა „პრაიმს“ ორმაგი მნიშვნელობა აქვს და გამოხატავს როგორც რაღაც საუკეთესოს საწყისს, ასევე პირველს, უმთავრესსა და მნიშვნელოვანს. უპირველესად, ამ სახელით გვინდოდა საკუთარი გუნდისთვის შეგვეხსენებინა ჩვენი მიზნების მნიშვნელობა, საქმიანობის წამოწყებისთვის დადებითი აურა შეგვექმნა და ამავე დროს, ხაზი გაგვესვა ჩვენი შესაძლებლობებისთვის ამ სფეროში.
როგორი იყო ის გზა, რამაც აქამდე მოგიყვანათ? რა გამოწვევები შეგხვდათ საწყის ეტაპზე?
„პრაიმ სტუდიოს“ მუშაობის საწყისი ეტაპი ნამდვილად გამოწვევებით იყო აღსავსე. უმთავრესი პრობლემა საუკეთესო გუნდის შეკვრა აღმოჩნდა. ჩვენი კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, „პრაიმის“ გუნდში მიღების კრიტერიუმად პროფესიონალიზმთან ერთად (რაც პასუხისმგებლობის ძალიან მაღალ გრძნობასაც მოიაზრებს), მნიშვნელოვანი იყო საქმის სიყვარული და მეგობრულ-ოჯახურ გარემოში გუნდურად მუშაობის სურვილი. გვინდოდა, რომ ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოვკიდებდით, საუკეთესო შედეგებით დაგვესრულებინა. საბედნიეროდ, ეს გამოწვევა მალე დავძლიეთ და გარშემო საუკეთესო ადამიანები შემოვიკრიბეთ, რომელთათვისაც უმთავრესი მოტივაცია მიზნისკენ მიმავალი გზის ერთობლივად გავლა და განვითარება აღმოჩნდა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს არქიტექტურული საკითხები უამრავი ნორმატიული აქტით არის რეგულირებული. ამიტომ თითოეულ პროექტში გვიწევს დამკვეთის სურვილებისა და არქიტექტორის, როგორც ხელოვანის შრომის საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობა. ამ საკითხში უმთავრესი გამოწვევა — პროექტის მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნება და მისი სანებართვო წესებთან მორგებაა, რათა პროექტი მხოლოდ ლამაზ ნამუშევრად არ დარჩეს და მისი განხორციელება შესაძლებელი გახდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამკვეთის სურვილები და არქიტექტორის ხედვები უკანა ფლანგზე არასდროს გადაგვიწევია და ყველა შემთხვევაში ვახერხებთ, ნორმები მოვარგოთ მათ და არა პირიქით, რის მიღწევაშიც მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება.
რა სერვისებს მოიცავს „პრაიმ სტუდიო“ და როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩევა ის ქართულ ბაზარზე?
დღეისათვის „პრაიმ სტუდიო“ დაინტერესებულ პირებს ყველა ტიპის შენობისთვის სრულ არქიტექტურულ მომსახურებას სთავაზობს, რაც იდეის შემუშავებიდან, მშენებლობის ნებართვის ჩაბარების პროცესს მოიცავს. ჩვენ არამხოლოდ არქიტექტურას ვქმნით, არამედ ვამზადებთ სრულ საპროექტო დოკუმენტაციას (კონსტრუქციული პროექტი, გეოლოგიური კვლევა, საექსპერტო შეფასებები და ა.შ). ამასთანავე, სპეციალური ზონალური შეთანხმებების საფუძველზე, ვადგენთ სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისთვის ნებართვის გაცემის წინაპირობებს, ვამუშავებთ განაშენიანების რეგულირების გეგმებს, დამკვეთის ნაცვლად ვზრუნავთ ისეთ ტექნიკურ საკითხებზეც, როგორიცაა საპროექტო მიწის ნაკვეთზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობების გადატანა ან იპოთეკარისგან თანხმობის მოპოვება. სრული სერვისი ჩვენთან ნამდვილად „სრულია“, რაც ჩვენი დამკვეთების სიმშვიდის გარანტია.
ხშირად გვსმენია ბიუროკრატიული პროცედურებისგან მობეზრებული ადამიანების სევდიანი ფრაზები, რომლებიც ნებართვის მისაღებად უამრავ პრობლემას აწყდებიან და ბოლოს სახლის მშენებლობას ნანობენ კიდეც. სწორედ ამ დამოკიდებულების გაქარწყლება იყო და არის „პრაიმის“ უმთავრესი მიზანი. რადგან ვფიქრობთ, ყველა ადამიანი იმსახურებს, რომ საოცნებო სახლის მშენებლობა ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებასთან იყოს დაკავშირებული. ვიტყოდი, რომ სწორედ ეს მიზანი და მიდგომა გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან. თითოეული ჩვენი პროექტი „პრაიმის შვილია“ და მათზე ზრუნვას ნებართვის მიღების შემდგომაც ვაგრძელებთ. სიამოვნებით ვერთვებით მშენებლობის პროცესში და ახალ ენერგიას ვიღებთ ჩვენი პროექტების თვალ-ყურის დევნით.
როგორია სტუდიის მუშაობის ფილოსოფია? რა პრინციპებს ემყარება თქვენი სამუშაო პროცესი?
სტუდიის მუშაობის პრინციპი გუნდურობას ეფუძნება. დამკვეთთან შეხვედრის, მისი სურვილების მოსმენისა და საპროექტო დავალების მიღების შემდგომ, ერთობლივად განვიხილავთ საპროექტო მიწის ნაკვეთს, წინასწარ ვსაზღვრავთ ყველა რისკს, ვგეგმავთ თითოეულ ნაბიჯს და ვეძებთ საუკეთესო გზებს შედეგის მისაღწევად.
მუშაობის პროცესში ყველანი ჩართულები ვართ და პასუხისმგებლობები გადანაწილებული გვაქვს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სანებართვო პროცესის გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ნდობის ფაქტორი ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია, ამიტომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, დამკვეთმაც ზუსტად იცის, რას უნდა ელოდოს ჩვენგან. „პრაიმ სტუდიოს“ არქიტექტორები თითოეულ შენობას ისე უყურებენ, როგორც საკუთარ საცხოვრებელ გარემოს. შესაბამისად, არასდროს ეზარებათ დამკვეთისთვის საუკეთესო რჩევების მიცემა და ესკიზების სხვადასხვა ვარიანტის მომზადება.
საინტერესოა, როგორ დაახასიათებდით თქვენს შემოქმედებასა და ხელწერას?
„პრაიმის“ არქიტექტორები, პირველ რიგში, ხელოვანები არიან. როგორც ყველა ხელოვანს, მათაც აქვთ ინდივიდუალური, გამორჩეული ხედვა და ეს კომპანიის ხელწერაზეც აისახება. ჩვენს პროექტებს გარემოსთან ჰარმონიული შერწყმისკენ სწრაფვა ახასიათებს, რაც ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით დამკვეთის სურვილებს ინდივიდუალური სახლების პროექტირების ეტაპზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სახლი მის მფლობელებს უნდა გამოხატავდეს.
გვიამბეთ თქვენს პროექტებზე, რომელ მათგანს გამოარჩევდით?
„პრაიმ სტუდიოს“ თითოეული პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია. თითოეულ მათგანში უდიდესი, ერთი შეხედვით უჩინარი, შრომაა ჩადებული. პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება ერთნაირად სასიხარულოა, როგორც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, ისე ერთსართულიან კერძო საცხოვრებლებზე, რადგან ჩვენთვის კომერციულ ინტერესებზე წინ დამკვეთის მოლოდინების გამართლება დგას. ჩვენს დაპროექტებულ ყველა შენობას ჩვენივე შერქმეული სახელებით მოვიხსენიებთ და წლების შემდგომაც გვაინტერესებს მათი ბედი.
არქიტექტურის გარდა, ურბანული საკითხებითაც აქტიურად ვართ დაკავებული. განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება და ახალი საცხოვრებელი უბნებისა თუ კვარტლების დაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოწვევაა ჩვენთვის. ეს საქმე კი იმდენად შრომატევადი და საპასუხისმგებლოა, რომ ბოლოდროინდელი წარმატებული პროექტებიდან შესაძლოა, სწორედ განაშენიანების გეგმები იმსახურებდეს გამორჩეულ აღნიშვნას.
როგორ ფიქრობთ, რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი თქვენი მომსახურება?
ჩვენი სერვისი გათვლილია ყველა იმ მომხმარებელზე, რომელსაც სურს საუკეთესო ხარისხის მიღება და პროექტირებისა თუ სანებართვო პროცედურების ეტაპის მშვიდად და წარმატებით განხორციელება. კომპანიაში არ გვეშინია სირთულეების, გარკვეული აზარტით ვეკიდებით საქმეს და არასოდეს ვამბობთ უარს განსხვავებულ გამოწვევებზე. რაც უფრო რთულია საკითხი, მით მეტია შედეგის მიღწევის მოტივაცია. ალბათ სწორედ ამით არის განპირობებული ჩვენი მომხმარებლების არჩევანიც, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ შემოქმედებით, საკანონმდებლო და პრაქტიკულ ნაწილში ერთდროულად დავაკმაყოფილებთ მათ ყველა მოთხოვნას.
დაბოლოს, გვიამბეთ „პრაიმ სტუდიოს“ ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზე
როგორც ყველას, „პრაიმშიც“ გვიყვარს მიღწეულით ტკბობა, თუმცა ყოველთვის ვიაზრებთ, რომ ჩვენს გუნდს გაცილებით მეტი რესურსი აქვს. სამომავლო გეგმებიც შესაბამისია — გვინდა გავიზარდოთ და მეტი ღირებული ნამუშევარი შევქმნათ ერთობლივად. უახლოეს მომავალში ვაპირებთ რამდენიმე ახალი თანამებრძოლი მივიღოთ გუნდში, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ „პრაიმ სტუდიო“ ბოლომდე სტუდიოდ დარჩება და არასოდეს გადავალთ ქარხნული მუშაობის პრინციპზე, რაც ინდივიდუალიზმზე უარს გვათქმევინებს ან რომელიმე დამკვეთს ჩვენი მხრიდან ყურადღების დეფიციტს შეუქმნის.
[R]