in

მხატვრის ბინა ქიაჩელის ქუჩაზე — „Objects Studio“-ს ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში  „Objects Studio“-ს ახალ პროექტს გაგაცნობთ, რომელიც ქიაჩელის ქუჩაზე მდებარეობს. საცხოვრებლის ფართობი 130 მ2-ია, ტერასა კი 60 მ2-ს მოიცავს. საპროექტო დავალების მიხედვით, უნდა შექმნილიყო ფუნქციური და ჰაეროვანი სივრცე, რომელიც მეპატრონის პიროვნებას გამოხატავდა.

აღსანიშნავია, რომ სახლის მფლობელი ხელოვანია, კერძოდ მხატვარი. ამიტომ პროექტის ავტორებისთვის ბინის დაპროექტებისას შთაგონების მთავარი წყარო თავად დამკვეთის პიროვნება გახდა. დიზაინერები შეეცადნენ, მისთვის ინოვაციური, პრაქტიკული და ესთეტიკური გარემო, გალერიის მსგავსი სივრცე მოეწყოთ, სადაც ხელოვანი თავისუფლად შეძლებდა გარემოს პერსონალიზაციას საკუთარი ნამუშევრებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო საცხოვრებელი პრაქტიკული და მარტივი ყოფილიყო  — თეთრი კედლებითა და კარგი განათებით, რათა  ხელოვნების ნიმუშები კარგად წარმოჩენილიყო.

გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, ბინა 2 საძინებელს, 2 სველ წერტილს, გახსნილ, საერთო სივრცეს და ტერასას მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სახლი მტკვარზე არაჩვეულებრივ ხედს გადაჰყურებს და მე-19 საუკუნის თბილისის არქიტექტურულ ნაგებობებს გასცქერის. ამიტომ პროექტის ავტორების ერთ-ერთი მიზანი ექსტერიერის ინტერიერში ორგანულად შემოტანა და შიდა და გარე სივრცეების დაკავშირება გახდა, რისთვისაც ინტერიერის სიმსუბუქეზე გამახვილდა ყურადღება.

ინტერიერში მინიმალისტური დიზაინი და სახასიათო გარემო იგრძნობა. სახლი კი საკმაოდ ფუნქციური და ერგონომიულია. დომინანტური თეთრი ფერი პროექტს მსუბუქსა და ჰაეროვანს ხდის, ხოლო განსაკუთრებული აქცენტი დეტალებზე კეთდება. მაგალითად, სივრცეში გამოყენებულია უჟანგავი ფოლადის პლინტუსები, რომლებიც მთელს პერიმეტრზე კედელში ჩამალულ კარადებს აბოლოებს.

ასევე, ავეჯის უმეტესობა სპეციალურად ამ ბინისთვის დამზადდა და ისეთი მოდელები შეირჩა, რომლებიც  დროსთან ერთად მეტად ღირებული ხდება. ამასთანავე, პროექტში ბუნებრივი მასალებია გამოყენებული. ყურადღება გამახვილებულია ქართულ მწვანე დიაბაზსა და წითელი ტრავერტინის ქვაზე, რომლებიც კომპანია “კამარა”-მ დაამზადა.

სახლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზონა სამზარეულოა, სადაც წამყვან როლს წითელი ტრავერტინის კუნძული ასრულებს, რომელიც სარკის ბაზაზეა დამზადებული და შეკიდულ ეფექტს ქმნის. კუნძული თავად ხელოვნების ობიექტია, რომელიც განსაკუთრებულ მიმზიდველობას და ხასიათს სძენს სივრცეს, ამავდროულად კი სასადილო მაგიდის დანიშნულებას ითავსებს და საკმაოდ ფუნქციურია. უჟანგავი ფოლადის ფაქტურისგანაა დამზადებული მინიმალისტური, მცირე ზომის სამზარეულო, რომლის სათავსოები და კარადები კედელს ერწყმის და ერთ მთლიანობას ქმნის.

მისაღები ზონა საკმაოდ ნათელი და მყუდროა, რაც დიდი ვიტრაჟებით და დეკორატიული განათების სიმრავლით მიიღწევა. დომინანტურ თეთრ ფერში საინტერესოდ შემოდის ღია ყავისფერი ტონალობა ავეჯის სახით. ოთახს მომხიბვლელობას მატებს თანამედროვე დიზაინის დაბალი სავარძლები და კრემისფერი ტახტი, რომელიც კომფორტულ დასასვენებელ კუთხეს უზრუნველყოფს.  თითოეული ავეჯის ობიექტი  შუშის მაგიდის ირგვლივ ერთიანდება, რომელზეც სხვადასხვა დიზაინობიექტი და აქსესუარია მოთავსებული.

მთავარი საძინებელი სიმყუდროვით, დახვეწილობითა და სიმსუბუქით ხასიათდება, რომელშიც კრემისფერი, თეთრი და ოქროსფერი ელემენტები ჭარბობს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საწოლი, რომელიც ოქროსფერ ფეხებზე დგას და სახატავი ტილოს მსგავსი საზურგე აქვს, რაც მეპატრონისთვის შთაგონების წყაროც შეიძლება გახდეს. მოძრავი კარით საძინებლიდან ტევად საგარდერობო ზონაში გავდივართ, რომელთანაც მცირე სააბაზანო კუთხეა ინტეგრირებული. მინის ტიხარი საძილე და სააბაზანო ზონებს ერთ მთლიანობად აქცევს და სივრცის ერთიანობას გამოკვეთს.

 

მეორე საძინებელში განსხვავებული განწყობა იგრძნობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მეტალის ფაქტურის ვერცხლისფერი საწოლის საზურგე, რომელიც იდეალურად ეხამება ტუმბოებს. მრგვალი დაბოლოების მქონე მწვანე კარადა კი მნიშვნელოვან ესთეტიკურ როლს ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ორივე სააბაზანოს კედლები თეთრად არის შეღებილი, ხოლო იატაკი ქართული მწვანე დიაბაზით არის მოპირკეთებული, რომელიც საკმაოდ მტკიცე, წყალგამძლე ქვაა და იდეალურად ერგება სველ წერტილებს.

„Objects Studio“-ს პროექტი სიმსუბუქით, მინიმალიზმით, განსაკუთრებული ხასიათით და დახვეწილი ინტერიერით ხასიათდება. რომელშიც მკვეთრად იგრძნობა ხელოვანი მეპატრონის პიროვნება და ხასიათი. გამორჩეული აქცენტი მაღალი ხარისხით შესრულებულ მცირე დეტალებზე, ბუნებრივ მასალებზე, ინდივიდუალური დიზაინის ავეჯსა და დეკორატიულ განათებაზე კეთდება, რომელთა ერთობლიობა პროექტს განსხვავებულ იერს და ინდივიდუალურ სტილს ანიჭებს.

პროექტის ავტორი:  ქეთი ასათიანი, ნუკა კორინთელი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Objects Studio

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

KAPSARC – ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებული კვლევისა და კულტურის ცენტრი საუდის არაბეთში

ფერთა 4 კომბინაცია, რომელთა გამოყენებას ინტერიერის დიზაინერები არ გვირჩევენ