in

ადამიანი, როგორც ბუნების ნაყოფი — ინტერვიუ გიორგი ლაბაურთან

გიორგი ლაბაური ლანდშაფტის დიზაინერია, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებასა და მის როლს ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ თითოეულ პროექტში ცდილობს, გარე სივრცე ისე დააგეგმაროს, რომ ექსტერიერი ადამიანებთან, არქიტექტურასთან და ინტერიერთან ჰარმონიულ კავშირში იყოს. როგორც თავად გვიყვება, საგურამოში დაიბადა და თბილ, ტრადიციულ, სტუმართმოყვარე ოჯახში გაიზარდა. ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ გარემოს მის პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა არ ჰქონია, თუმცა მშობლებისგან მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა. დედა აქტიურად იყო ჩართული მის საგანმანათლებლო პროცესში, მამა კი ყველა გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებოდა. ბავშვობიდან განსაკუთრებით იტაცებდა სპორტი და ისტორია, თუმცა საბოლოო არჩევანი ხელოვნებაზე და ბუნებაზე შეაჩერა, რითაც დღეს ძალიან კმაყოფილია. დღევანდელ ინტერვიუში გიორგი ლანდშაფტის დიზაინის თავისებურებებზე, პროფესიის მახასიათებლებზე, შემოქმედებით პროცესსა და მუშაობის ფილოსოფიაზე გვესაუბრება, ასევე გვიზიარებს საინტერესო ხედვას საქართველოში ლანდშაფტის დიზაინის მდგომარეობაზე და მის სამომავლო გეგმებს გვაცნობს.

გიორგი, როდის დაინტერესდით ლანდშაფტის დიზაინით და სად მიიღეთ განათლება? 

სკოლაში აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს. სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ კი გადავწყვიტე, თავი დამენებებინა სპორტისთვის და განათლება ისტორიის მიმართულებით მიმეღო, რადგან ბავშვობიდან ეს საგანი განსაკუთრებულად მიყვარდა. თუმცა, ერთ დღეს, ჩემი გადაწყვეტილება შეიცვალა. ეკლესიაში ყოფნისას, ოჯახთან დაახლოებულმა სასულიერო პირმა სემინარიაში, ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩაბარება მირჩია და რატომღაც მეც დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს სფერო ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. ახლანდელი გადმოსახედიდან, რაც დრო გადის, ვრწმუნდები ამ არჩევანის სისწორეში. შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნებისა და ფერწერის ფაკულტეტზე განვაგრძე, სადაც უამრავ ნიჭიერ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალეს. ხოლო აკადემიის დასრულების შემდეგ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ვსწავლობდი.

მესამე კურსზე განსაკუთრებით დავინტერესდი ლანდშაფტის დიზაინით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კურსელს, ირაკლი ჟღენტს, რომელმაც ერთხელ, ერთ-ერთი ფილმიდან ნაწყვეტი მაჩვენა (რეჟისორ იან არტიუს ბერტრანის ფილმი „HOME“) და ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართ ინტერესი გამიჩინა. მას შემდეგ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მიმეცა პროფესიული მიმართულება ამ ყველაფრისთვის, რადგან საკმაოდ მრავალპროფილური საქმიანობაა და ძირფესვიან სწავლებას მოითხოვს. საბოლოოდ, 2019 წლის 8 მარტს კომპანია დავაარსე, რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ.

როგორ შეაფასებდით თქვენს პროფესიას?  რა გხიბლავთ ყველაზე მეტად ამ საქმიანობაში?

ყველაზე მეტად ბუნებასთან ურთიერთობა მხიბლავს. მგონია, ადამიანი ვერასდროს შექმნის იმაზე სრულყოფილ და დაბალანსებულს გარემოს, როგორსაც ბუნება ქმნის. ამას რაც უფრო მეტი ადამიანი გაიაზრებს და გაითავისებს, უკეთესი იქნება. ჩვენ თავად ვართ ბუნების ნაყოფი. სწორედ ამგვარი ხედვა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ამიტომ დავარქვი კომპანიას „BUNEBA“ . ლანდშაფტის დიზაინს ძალიან დიდი როლი ენიჭება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან მისი მეშვეობით ჩვენ ადამიანებს ვუქმნით გარემოს, რომელიც მათ საწყისებთან, ოცნებებთან, სიმშვიდესთან და ჰარმონიასთან აბრუნებს. ადამიანი სულიერი არსებაა, შესაბამისად, მას სურს თავი  დიდი მოცემულობის ნაწილად იგრძნოს, რაშიც ბუნება ეხმარება

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, როგორ ხდება ლანდშაფტის დიზაინის პროექტირება? როგორია თქვენი მუშაობის ფილოსოფია?

ჩემი მუშაობის მთავარი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად შევეცადო, გარემოს იერსახეში არ  ჩავერიო. სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ. პროექტირებისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი დამკვეთის სურვილების სწორი გაგება და ამის საფუძველზე კონცეფციის აგებაა. პირადად მე, კონცეფციაზე ვმუშაობ უმეტესად, რადგან კომპიუტერთან მუშაობა დიდად არ მხიბლავს. საქმიდან მთავარ სიამოვნებას  უშუალოდ ობიექტზე ყოფნისას ვიღებ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მას მეთვალყურეობა სრულად გავუწიო. ჩემს შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ის ნამუშევრები, რომლებზეც იმ მომენტში ვმუშაობ, რადგან ყველაზე მეტად მათზე ვარ კონცენტრირებული და მთელი ჩემი ენერგია თუ რესურსი კონკრეტულ პროექტზეა მიმართული, რათა სასურველი შედეგი მივიღო და დამკვეთის სურვილები მაქსიმალურად განვახორციელო.

საინტერესოა, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ლანდშაფტის პროექტირებისას?

ლანდშაფტის დიზაინი ის საქმეა, რომელსაც საკმაოდ ბევრი პროფესიული უნარის ცოდნა სჭირდება, მათ შორის არქიტექტურის, კონსტრუქციული ნახაზების, მშენებლობის, დენდროლოგიის, ელექტრობის, დრენაჟების და სანიაღვრე არხების, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების. შესაძლებელია ყველა მიმართულებაში დარგის ექსპერტი არ იყო, მაგრამ კარგად უნდა გესმოდეს თითოეულის მახასიათებლები, რადგან ლანდშაფტის დიზაინი ყველა სფეროს აერთიანებს და გარკვეული თანაკვეთა აქვს მათთან.  შესაბამისად, არ შეიძლება ლანდშაფტის დიზაინერი ეწოდოს პირს, რომელიც მხოლოდ პროგრამულად უზრუნველყოფს მცენარეების განლაგებას, რადგან ლანდშაფტის არქიტექტურა ბევრად სიღრმისეული პროფესიაა და სხვადასხვა დარგში დიდ ცოდნას მოითხოვს.

პროექტი წავკისში

რა მდგომარეობაა საქართველოში ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით? განვითარების რა ეტაპზეა ის და რამდენად დიდია მოთხოვნა ამ ტიპის მომსახურებაზე დღეს ჩვენთან?  

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით საქართველოში, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მდგომარეობაა, რადგან ეს სფერო ჩვენთან შედარებით ახალია და ლანდშაფტის დიზაინი, უმეტესად, მხოლოდ ყვავილების შერჩევა/დარგვა ჰგონიათ, რაც არასწორია. ლანდშაფტის დიზაინერის მოვალეობაში შედის ექსტერიერის დაგეგმარება, როგორც ეზოს და ბაღის, ასევე სკვერების, რომელსაც ის არქიტექტურული პროექტისა და ინტერიერის დიზაინის გათვალისწინებით ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია უმეტესად გამწვანებასთან ასოცირდება და ჩვენთან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მოთხოვნა ამ მომსახურებაზე მაინც მზარდია, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვლება. დარგის განვითარებისთვის კი აუცილებელია ამ თემის პოპულარიზაცია, მედიის ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება, რათა სწორი ინფორმაცია მიეწოდოს მომხმარებელს და სწორად გავიაზროთ ლანდშაფტის დიზაინის აუცილებლობა და მნიშვნელობა.

პროექტი ბაზალეთში

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში, რას ურჩევდით ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებს?

როგორც ყველა პროფესიაში, აქაც მთავარია, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და მისგან სიამოვნებას იღებდე. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქმე გიყვარდეს და მისი კეთებით იღლებოდე. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიის შერჩევა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებს. ლანდშაფტის დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს, პირველ რიგში, ვურჩევ, ძალიან ბევრი ისწავლონ, რადგან ამ სფეროში აუცილებელია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ფლობდე და თითოეულ მათგანში კარგად ერკვეოდე, რაც საკმაოდ დიდ დროს, ენერგიას და მოთმინებას მოითხოვს.

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზე   

ამჟამინდელი გეგმები რამდენიმე მნიშვნელოვან და რთულ პროექტს უკავშირდება, რომლებზეც აქამდე არასდროს მიმუშავია. თუმცა ეს სირთულე საქმეს ბევრად უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. ამასთანავე, დამკვეთებისგან სრული ნდობა გვაქვს, რაც თავისუფალ სამუშაო გარემოს გვიქმნის.

სამომავლოდ, ვგეგმავ სრულად პროექტირების მიმართულებით ჩართულობას, რაშიც სახლის დაპროექტება, მშენებლობა, სარემონტო სამუშაოები, დიზაინი და ცხადია, ლანდშაფტის დიზაინი იგულისხმება. უკვე გვაქვს განხორციელებული რამდენიმე ასეთი პროექტი, თუმცა ბაზარზე ამ მიმართულებით ჯერ აქტიურად არ დაგვიწყია მუშაობა.

პროექტი ბუდაპეშტში, სასტუმროს სახურავი

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ გავანაწილოთ ჩარჩოები კედელზე? – გალერეის შექმნის კონკრეტული სქემები

განახლებადი ენერგიის წყაროები – როგორია მათი გამოყენების სპეციფიკა საცხოვრებელ სახლებში?